12-მატჩიანი წაუგებელი სერია – „ნიკე“ ისევ ლიდერია, ლანჩხუთში თამაში ჩაიშალა
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგაში მე-12 ტურის მატჩები გაიმართა და ლიდერებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.
ქუთაისის „მართვემ“ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის, ხობის „კოლხეთთან“ სრული რევანში აიღო. „მართვეს“ ბევრი ტრავმირებული ჰყავდა, ხობელები კი ეროვნული ნაკრების მოთამაშით, ანა პოღოსიანით გაძლიერდნენ. მიუხედავად ამისა, შეხვედრა საქართველოს ორგზის ჩემპიონ „მართვეს“ კარნახით წარიმართა – 5:0.
პირველი ტაიმის შემდეგ, თამაში შეწყდა. მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი „ლანჩხუთი“ საშინაო არენაზე ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ დაუპირისპირდა – პირველი ტაიმის შემდეგ, ლანჩხუთელები 10:0-ს იგებდნენ, სტუმრებს კი 2 მოთამაშე ტრავმის გამო გამოაკლდათ. შესვენებაზე ცნობილი გახდა, რომ მატჩის გაგრძელებას სტუმართა კიდევ ერთი ფეხბურთელი ვეღარ მოახერხებდა, რადგან „სამეგრელოს“ განაცხადიდან მხოლოდ 6 მოთამაშე დარჩა. ქალთა ლიგის დებულებით (4.7 მუხლის) მატჩი შეწყდა, მოგება კი „ლანჩხუთს“ ჩაეწერა – 10:0. თამაშს ქალთა ფეხბურთის ფედერაციასა და სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის შეკრებაზე განიხილავენ.
„ლანჩხუთის“ შემადგენლობაში სადებიუტო თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხატია ჭყონიამ ჩაატარა. მან ქალთა ლიგაზე პირველი თამაში დუბლით აღნიშნა. ამ შეხვედრაში, 5 გოლი თამრიკო სალუქვაძემ გაიტანა, რომელსაც 23 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში 2 გოლით უსწრებს ნინო პასიკაშვილს.
ნინო პასიკაშვილმა ბოლო ტურში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა, გათამაშების ლიდერმა „ნიკემ“, „გორი იუნაიტედი“ ანგარიშით 7:0 დაამარცხა. თუმცა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართული ამ შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 0:0 დასრულდა. „ნიკეს“ სატურნირო ცხრილში თბილისელებს 36 ქულა აქვთ და ქალთა ლიგის გათამაშებას წაუგებლად, 12-მატჩიანი სერიით აგრძელებენ.
ანგისას ბაზაზე, ბათუმის „დინამოსა“ და „ნორჩი დინამოს“ შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაწყდა. თავიდან უპირატესობა ბათუმელებმა მოიპოვეს და პირველ ტაიმში მე-17 და 31-ე წუთებზე გატანილი გოლებით ანგარიშით 2:0 დაწინაურდნენ. 45-ე წუთზე მასპინძლების კარში პენალტი დაინიშნა, ბათუმელთა მოთამაშე თამრიკო ყრუაშვილს წითელი ბარათი უჩვენეს, ხოლო ნინო ჭუჭულაშვილმა სხვაობა შეამცირა. მეორე „ნორჩმა დინამომ“ 49-ე წუთზე ეკა ხარაიშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მიწურულს, მარი ბეგიაშვილმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა, თბილისელებს 3 ქულა მოუტანა და სატურნირო ცხრილში გუნდი ერთი ადგილით დააწინაურა.
ქსკ მართვე- ქსკ კოლხეთი 5:0
ქსკ ლანჩხუთი – ქსკ სამეგრელო 10:0
ქსკ ნიკე – ქსკ გორი იუნაიტედი 7:0
ქსკ დინამო ბათუმი – ქსკ ნორჩი დინამო 2:3