მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, ისტორია და მათემატიკა) ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.

მათივე ცნობით, გამოცდებამდე ერთი დღით ადრე, მოსწავლეებმა გაიარეს პრეტესტი. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო , რათა მონაწილეები უკეთესად გასცნობოდნენ საგამოცდო პროცესს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, 2018 წელს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალური 5,5 ქულაზე მეტი, თუ ნაკლები.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საგამოცდო პროცესი 12 ივნისს დაიწყება. სასწავლო წლის ბოლოს ისინი იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია).