მამუკა მდინარაძე - ელჩების მკაფიო მოწოდებამ გაჭრა, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ამ ყველაფრის გარეშეც უნდა მიეღოთ
მამუკა მდინარაძე - ელჩების მკაფიო მოწოდებამ გაჭრა, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ამ ყველაფრის გარეშეც უნდა მიეღოთ

კარგია, რომ ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. „ევროპულმა საქართველომ“ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე, თუმცა მას შეიძლება სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება დავარქვათ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერდნენ მხარს.

„შეთანხმების ნაწილი რომელიმე პატიმრის გათავისუფლება და მით უმეტეს მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, ნამდვილად არ ყოფილა. ხომ ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა არის გაცილებით კარგი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის? ამ არგუმენტმა არ უშველა მათ გადაწყვეტილებას, არ მიეხმარა მათ გადაწყვეტილების მიღებაში. არც 8 მარტის შეთანხმების რეალურმა ტექსტმა უზრუნველყო ეს სამწუხაროდ, მაგრამ მაინც კარგია, რომ ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ გაჭრა. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი მაინც სპეკულირებენ და ვაჭრობენ. ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, რომ მათ მოუწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და მგონია, ასევე მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა. ეს არ შეეხება რომელიმე ერთ ან ორ პიროვნებას, ეს არ შეეხება რაიმე საკითხს, რომელიც მხოლოდ მათ აინტერესებთ. ეს შეეხება ქვეყანას, კონსტიტუციას, მომავალს და დემოკრატიულ განვითარებას. ამით სპეკულირება და შეთანხმების რეალური ტექსტის სხვაგვარი ინტერპრეტირება არავის გაუვა. ძალიან კარგია, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ელჩების მოწოდების შესაბამისად, თუმცა სანახევრო გადაწყვეტილება არ არის პასუხისმგებლიანი. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება, თუ ისინი იტყვიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერენ მხარს,“ – განაცხადა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას ცვლან და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხვალ არის დაგეგმილი.

საუბარია, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე მომზადდა. ამ ცვლილებების შედეგად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.