11:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 16%-მა მისცა ხმა
11:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 16%-მა მისცა ხმა

11:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 16%-მა მისცა ხმა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გააკეთეს.

მათივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები ჯერ 81 ოლქიდან არის მიღებული, მათ შორის ყველაზე მეტი ამომრჩეველი ზაპოროჟიესა და კიროვოგრადის ოლქში დაფიქსირდა.

კიევში 11:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი მოქალაქეთა 15.5%-მა გააკეთა.

პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინის მასშტაბით დაფიქსირებულია 150 დარღვევა.

დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილია 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა უკრაინის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე ყველა უბანი უკვე დახურული იქნება (თბილისი დროით 21:00). სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც აშუქებენ.