11 ყვითელი ბარათი და გაძევება იმერულ დერბიში - ქუთაისის „ტორპედო“ „სამგურალს“ დაუზავდა #1TVSPORT
11 ყვითელი ბარათი და გაძევება იმერულ დერბიში - ქუთაისის „ტორპედო“ „სამგურალს“ დაუზავდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 32-ე ტურში იმერული დერბი შედგა. ქუთაისის „ტორპედოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა და ფრედ დასრულდა – 0:0.

ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდებისთვის ე.წ. ექვსქულიანი თამაში იყო. მატჩის მნიშვნელობამ დაძაბულობაც განაპირობა. წყალტუბოელებს გიორგი არაბიძის შეჩერება უჭირდათ და პირველ ტაიმში მის წინააღმდეგ უხეშობისთვის ყვითელი ბარათი „სამგურალის“ ორმა მოთამაშემ მიიღო.

ჯამში, მთავარმა არბიტრმა 11 ყვითელი ბარათი აჩვენა მოთამაშეებს. განსაკუთრებით დაძაბული ბოლო წუთები იყო. 90+6-ე წუთზე კი მსაჯმა „ტორპედოს“ კაპიტანს, მერაბ გიგაურს კამათისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, თავდამსხმელებს მეკარეებმა და მცველებმა აჯობეს. ბოლო წამზე „სამგურალს“ რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ „ტორპედო“ სერბმა მეკარე კლიაიჩმა აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

ქუთაისის „ტორპედომ“ 32-ე ტურის შემდეგ 52 ქულა მოიპოვა და მესამე ადგილზეა, „სამგურალი“ (47) კი მეექვსე ადგილზე დარჩა.