11 მაისიდან საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შემზღუდავი ზომების შემსუბუქება იწყება. კერძოდ, ორშაბათიდან მოქალაქეებს სახლებიდან 100 კილომეტრის რადიუსში გასასვლელად ნებართვა აღარ დასჭირდებათ. დასაშვები იქნება ათამდე პირის შეკრებაც.
მკაცრი რეგულაციების დაცვით მუშაობას განაახლებენ მაღაზიები. ასევე, იხსნება მცირე მუზეუმები, ბიბლიოთეკები, პარკები და ბაღები. გაიხსნება ბაღები და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებში, თუმცა დასწრება ნებაყოფლობითი იქნება და შესაბამისი გადაწყვეტილება მშობლებმა უნდა მიიღონ.
საფრანგეთში მკაცრი საკარანტინო ზომები 55 დღის განმავლობაში მოქმედებდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 70 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 26 380 შეადგინა.