2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, თვეში 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოში 85 ადამიანს აქვს. ნოემბერში მათ ჯამში 52.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც ერთ დასაქმებულზე საშუალოდ 620 ათასი ლარია. სახელფასო სტატისტიკა პირველმა არხმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა.
მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების სტატისტიკა თვეების მიხედვით ცვალებადია. წელს მათთვის ყველაზე წარმატებული თვე მარტი აღმოჩნდა, როდესაც 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი 202-მა ადამიანმა მიიღო, ჯამურმა შემოსავალმა კი 130.7 მილიონი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, 90 ათასიდან 100 ათას ლარამდე ხელფასი 16 დასაქმებულს აქვს; 80 ათასიდან 90 ათას ლარამდე – 25 დასაქმებულს; 70 ათასიდან 80 ათას ლარამდე – 32 დასაქმებულს; 60 ათასიდან 70 ათას ლარამდე – 46 დასაქმებულს; 50 ათასიდან 60 ათას ლარამდე – 109 დასაქმებულს; 40 ათასიდან 50 ათას ლარამდე – 177 დასაქმებულს; 30 ათასიდან 40 ათას ლარამდე – 331 დასაქმებულს; 25 ათასიდან 30 ათას ლარამდე – 322 დასაქმებულს; 20 ათასიდან 25 ათას ლარამდე – 573 დასაქმებულს; 15 ათასიდან 20 ათას ლარამდე – 1220 დასაქმებულს; 12 ათასიდან 15 ათას ლარამდე – 1595 დასაქმებულს; 9600 ლარიდან 12 ათას ლარამდე – 2314 დასაქმებულს; 7200 ლარიდან 9600 ლარამდე – 4922 დასაქმებულს.
სტატისტიკური მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება დაბალხელფასიან სეგმენტში. 4800 ლარიდან 6 ათას ლარამდე ხელფასი 9193 დასაქმებულს აქვს; 3600 ლარიდან 4800 ლარამდე 17 741 დასაქმებულს; 2400 ლარიდან 3600 ლარამდე – 42 748 დასაქმებულს; 1200 ლარიდან 2400 ლარამდე 167 148 დასაქმებულს.
1200 ლარამდე ხელფასი საქართველოში 553 648 დასაქმებულს უფიქსირდება, რაც დასაქმებულთა 68 პროცენტს შეადგენს.