1/8 ფინალი. საფრანგეთი-არგენტინა - მატჩის ანონსი
1/8 ფინალი. საფრანგეთი-არგენტინა - მატჩის ანონსი

საფრანგეთი-არგენტინა
30 ივნისი. ყაზანი. სტადიონი “ყაზან-არენა”. დასაწყისი 18:00
მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)

მსოფლიოსა და ევროპის ბოლო ჩემპიონატების ფინალისტები ხსნიან მერვედფინალურ ეტაპს. ეს არის ფინალის ტოლფასი აფიშა, მაგრამ მხოლოდ ერთი გუნდი გავა მეოთხედფინალში.

ორივე ნაკრები თავის შესაძლებლობებთან შედარებით, სუსტად თამაშობს და ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა.
საფრანგეთმა 7 ქულით მოიგო C ჯგუფი, მაგრამ რთულად დაამარცხა ავსტრალია და პერუ, ხოლო დანიასთან უგოლო ფრე ითამაშა და ის ჯგუფური ეტაპის ყველაზე ცუდ შეხვედრად მონათლეს.

არგენტინა კი საერთოდ ბოლო მომენტში მოხვდა პლეი ოფში – ნიგერიასთან ოთხი წუთით ადრე, სწორედ აფრიკული გუნდი ხედავდა საკუთარ თავს მერვედფინალში. ლიონელ მესი ბევრს ცდილობს, ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემპიონატზე მომენტების რაოდენობით, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთი გაიტანა და პენალტის გაფუჭებაც მოასწრო.

თუმცა, იწყება პლეი ოფი, სადაც ყველა შეცდომა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. შესაძლოა, გუნდები ძალებს ზოგავდნენ და მზადებას პლეი ოფის მატჩებზე გათვლით აწყობდნენ. ამიტომაც, გულშემატკივარს აქვს უფლება იფიქროს, საფრანგეთი და არგენტინა ტურნირის საუკეთესო მატჩს ითამაშებენ.

ახალი ამბები

საფრანგეთს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება “მანჩესტერ სიტის” მცველი ბენჟამენ მენდი, სამაგიეროდ, მწყობრში ჩადგა ლუკას ერნანდესი.

შესაძლოა, ძირითადში ვიხილოთ ნაბილ ფეკირი. აგრეთვე, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ბენჟამენ პავარი ჯიბრილ სიდიბემ შეცვალოს.

არგენტინას არ ჰყავს ტრავმირებულები. ეს არის ნაკრებში ხორხე სამპაოლის მე-15 შეხვედრა და შეიძლება პირველად მოხდეს ისე, რომ მწვრთნელმა არ შეცვალოს წინა მატჩის შემადგენლობა.

წინა მატჩები

საფრანგეთი-ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (58-პენ), 1:1 იედინაკი (62-პენ), 2:1 ბეჰიჩი (81-საკ. კარში)

საფრანგეთი-პერუ 1:0
გოლი: 1:0 მბაპე (34)

საფრანგეთი-დანია 0:0

არგენტინა-ისლანდია 1:1
გოლები: 1:0 აგუერო (19), 1:1 ფინბოგასონი (23)

ხორვატია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 რებიჩი (53), 2:0 მოდრიჩი (80), 3:0 რაკიტიჩი (90+1)

არგენტინა-ნიგერია 2:1
გოლები: 1:0 მესი (14), 1:1 მოზესი (51-პენ), 2:1 როხო (86)

სტატისტიკა

გატანილი გოლები: 3 – 3
გაშვებული გოლები: 1 – 5
დარტყმები: 36 – 44
ზუსტი დარტყმები: 13 (36%) – 14 (32%)
კუთხური: 12 – 20
თამაშგარე: 1 – 5
პასები: 1556 – 1778
პასების სიზუსტე: 85% – 86%
ჯარიმა: 37 – 40
ყვითელი ბარათი: 3 – 6
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები

– გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში.
– მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ეს მათი მესამე შეხვედრაა. წინა ორი არგენტინამ მოიგო – 1930 და 1978 წლებში.
– ეს იქნება საფრანგეთისა და არგენტინის რიგით მე-12 შეხვედრა. ექვსი მატჩი მოიგო სამხრეთამერიკულმა გუნდმა, ორი – ევროპულმა.
– წინა 11 მატჩში არგენტინამ რვაჯერ შეინახა საკუთარი კარი “მშრალად”.
– ამ საუკუნეში გუნდები მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 2007 და 2009 წლებში, ამხანაგური მატჩები არგენტინამ 1:0 და 2:0 მოიგო.
– ბოლო 10 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ ორში გაიტანა გოლი ორივე გუნდმა.
– ამ ჩემპიონატზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები.

საინტერესო ფაქტები

– საფრანგეთი ბოლო 7 მატჩია არ მარცხდება, ბოლო 15 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს (+10=4-1), 12 გოლი გაუშვა და შვიდჯერ შეინახა კარი “მშრალად”.
– 1978 წელს, არგენტინასთან 1:2 მარცხის შემდეგ, საფრანგეთს არ წაუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩი სამხრეთამერიკულ გუნდებთან.
– დიდიე დეშამი მე-80 მატჩს ჩაატარებს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში და დაამხობს რაიმონ დომენეკის რეკორდს.
– პენალტების სერიის ჩათვლით, საფრანგეთს პლეი ოფში ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (+8=2-1) – 2014 წელს, გერმანიასთან მეოთხედფინალი (0:1).
– ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთმა მხოლოდ ხუთჯერ დაარტყმევინა მეტოქეებს ზუსტად, ერთადერთი გოლი კი ავსტრალიისგან პენალტით გაუშვა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა ჯგუფში ფრანგებს თამაშიდან გოლი არ გაუშვიათ. პირველი შემთხვევა 1998 წელს იყო და მაშინ, გუნდი ჩემპიონი გახდა.
– საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე რიგით მეოთხე მატჩი არასოდეს წაუგია (6 შემთხვევა).
– არგენტინამ ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ 3 მოიგო (+3=1-3) და 15 გოლი გაუშვა.
– პლეი ოფში არგენტინის ბოლო ოთხ მატჩში სამი გოლი გავიდა – ორი გაიტანეს, ერთი გაუშვეს.
– 1930 წლიდან მოყოლებული, არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგო ზედიზედ 27 შეხვედრა, როცა პირველ ტაიმში დაწინაურებული იყო.
– არგენტინას ყველაზე მეტი პენალტების სერია ჰქონია მსოფლიოს ჩემპიონატზე – ხუთი. აქედან გუნდმა ოთხი მოიგო. საფრანგეთს ოთხჯერ მოუწია პენალტების სერიაში მონაწილეობა და ორი მოიგო.
– არგენტინა ბოლო 5 ჩემპიონატში ოთხჯერ იყო მეოთხედფინალში.
– პლეი ოფში არგენტინის ბოლო ოთხი მატჩიდან სამში დამატებითი დრო დაინიშნა.
– ნიგერიასთან მატჩში, ლიონელ მესიმ შეწყვიტა 662-წუთიანი უგოლო სერია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
– ლიონელ მესის პლეი ოფში არასოდეს გაუტანია.

რა თქვეს მწვრთნელებმა

ხორხე სამპაოლი (არგენტინა):

„ყოველთვის მინდა, რომ ჩვენ ვუკარნახოთ მეტოქეს პირობები, თანაც ეს მუდმივად გავაკეთოთ. მაგრამ, ფეხბურთი იმით არის შესანიშნავი, რომ მეტოქესაც აქვს თავისი გეგმა და ცდილობს ჩვენი ჩანაფიქრის ჩაშლას. თუ უშუალოდ საფრანგეთის ნაკრებზე ვილაპარაკებთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორც შევაჩეროთ ანტუან გრიზმანი და ოლივიე ჟირუ – ამ ორს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, აგრეთვე, თავიდან ავიცილოთ კონტაქტური ფეხბურთი და ბრძოლა მოედნის ყველა მონაკვეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს უპირატესობებს დავკარგავთ.

მათ აქვთ მესის ნეიტრალიზების გეგმა, მაგრამ ჩვენც გაგვაჩნია სტრატეგია მესისთვის ცხოვრების გასაიოლებლად. არგენტინას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებსაც შეუძლიათ გაისროლონ“.

დიდიე დეშამი (საფრანგეთი):

„მესის შეუძლია შექმნას შედეგი მაშინაც კი, როცა სრული ძალით არ თამაშობს. მაგრამ, ამასთან, არგენტინის ნაკრებში არის ისეთი გამოცდილი ნახევარმცველი, როგორიცაა ხავიერ მასკერანო. არიან სხვა ბიჭებიც, რომლებსაც შეუძლიათ საქმე გაგვირთულონ.

კიდევ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. ყოველი პასი, ყოველი აჩქარება, დარტყმა ან ბარათი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ და ერთ გუნდად უნდა დავრჩეთ. მხოლოდ კონცენტრაციითა და დიდი სურვილით შეიძლება გამარჯვებულის სულის მოპოვება“.

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე, პოგბა, მბაპე, გრიზმანი, მატუიდი, ჟირუ.
არგენტინა: არმანი, მერკადო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო, პერესი, მასკერანო, ბანეგა, დი მარია, იგუაინი, მესი.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!