№17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს
№17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს

№17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„2021 წლის 14 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა ადგილმდებარეობა; დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა; შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ხანძრის კერის ადგილის დათვალიერება, რომლის შემდეგ დაინიშნება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვა; მიმართულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის №17 დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელდეს ჩანაწერების გამოთხოვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ უწყებაში.

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინდელ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 14:20 საათზე გაჩნდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში არსებული სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.