​სერგი კაპანაძე - მთავარი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოა, კონკრეტულად, ვინ არის მკვლელი
​სერგი კაპანაძე - მთავარი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოა, კონკრეტულად, ვინ არის მკვლელი

მთავარი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოა, კონკრეტულად, ვინ არის მკვლელი და როგორ მოხდა, რომ მოზარდი, რომელმაც 12 ჭრილობა მიიღო, არავის მოუკლავს” – ამის შესახებ განცხადება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ გააკეთა.

​მისი თქმით, არსებობდა მოლოდინი, რომ მირზა სუბელიანი შეიძლება მიმალულიყო ან არ ეთანამშრომლა კომისიასთან.

კაპანაძის განცხადებით, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა, კომისიის მდივნის ოთარ კახიძის განცხადებაც, სადაც ის შესაბამის ორგანოებს მოუწოდებდა, გაატარონ ზომები, რათა მირზა სუბელიანი გამოძიებას არ მიემალოს.

“რა თქმა უნდა, არსებობს სხვა კითხვები, იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ რა როლი ჰქონდა მას, თუნდაც მტკიცებულებების შენიღბვაში, ან დამალვაში, ან რაღაც სხვა გავლენის მოხდენაში. საგამოძიებო კომისია ყველა ამ ეპიზოდს შეისწავლის. მათ შორის იმასაც, თუ რატომ არ იქნა ეს ნაბიჯები გადადგმული და რა როლი მიუძღვოდა მას გამოძიების წინა ეტაპებზე. ჩვენ შევეცდებით რომ ყველა ამ კითხვას პასუხი უახლოეს მომავალში გავცეთ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, საგამოძიებო კომისია საქმის მასალების გადმოცემას ელოდება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ მეტად აღარ გაჭიანურდება და დღეს გადმოგვცემენ საქმის მასალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის უწყებას სერიოზული ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით შსს-მ მირზა სუბელიანი დააკავა.  

უწყების ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.

ამავე საქმეზე კი 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს.