​ქეთევან ციხელაშვილი - მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი
​ქეთევან ციხელაშვილი - მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი

მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან ადამიანებს ექმნებათ რეალური საფრთხე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალგორის გადასასვლელი, პირდაპირი გაგებით, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია მოსახლეობა. საუბედუროდ და სამწუხაროდ, ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა. მოსახლეობას სჭირდება გადაადგილება სასიცოცხლო საჭიროებებისთვის ისევე, როგორც სჭირდებოდა ახალგორში მცხოვრებ ადამიანს, მარგარიტა მარტიაშვილს. დღესაც მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან ადამიანებს ექმნებათ რეალური საფრთხე, მარ შორის სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე პრობლემაა პროდუქტებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ოჯახებთან კავშირი და ასე შემდეგ.

ვიცი, რომ ზოგიერთს ეშინია წითელ ჯვართან დაკავშირება, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მოსახლეობას უნდა ვუთხრა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ყოველდღე ვმუშაობთ, გაიხსნას გადასასვლელი, ასეთ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ნუ შეეშინდებათ, დარეკონ ცხელ ხაზზე ან დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას. საქმე ეხება სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

​მისივე განცხადებით, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნაზე ინფორმაცია მიაწოდა როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ასევე ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესა და წითელ ჯვარს.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა აქტორი ჩართულია იმაში, რომ ახალგორის გადასასვლელი აუცილებლად უნდა გაიხსნას. მთელი რაიონი ჰუმანიტარული კატასტროფის საჭიროების წინაშეა და არა მხოლოდ. ახალგორზე დამოკიდებული არიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ იქ მაცხოვრებელი ოსებიც. ყოველდღე მიკავშირდება ათობით მოქალაქე ყველა სფეროდან, საერო თუ სასულიერო, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ არის თავისუფალი ადამიანის უფლებების წინაშე პასუხისმგებლობისგან, იქნება ეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თუ ასე შემდგომ, ყველას აქვს ეს ვალდებულებები და მოვუწოდებ მათ, კიდევ ერთხელ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალგორის გადასასვლელის გახსნა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

​ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.  მისი ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, გუშინწინ საღამოს გახდა ცუდად. ის ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.