​ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, რომ ანასტასია შატალოვა საკუთარი შვილის მამისთვის შემაკავებელი ორდერის გაგრძელებას ითხოვდა
​ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, რომ ანასტასია შატალოვა საკუთარი შვილის მამისთვის შემაკავებელი ორდერის გაგრძელებას ითხოვდა

ადვოკატ პაატა შავაძის განცხადებით, ანასტასია შატალოვა, რომელიც თბილისში მოკლეს, საკუთარი შვილის მამისთვის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურა ბერიძისთვის შემაკავებელი ორდერის გაგრძელებას ითხოვდა. როგორც ადვოკატი აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს საქმე ამ დრომდე გრძელდებოდა.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ შატალოვას ბოლო პერიოდში ჰქონდა შიშები და რამდენჯერმე თქვა, რომ მოკლავდნენ.

ამასთან, პაატა შავაძის განცხადებით, ზურა ბერიძე ბრალდებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტზე და სასამართლომ ის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„მას მუდმივად ჰქონდა შიშები, რამდენჯერმე უთქვამს, რომ მომკლავენო. ყოფილი ვიცე-მერი ზურა ბერიძე ბრალდებულია 126-ე, ფიზიკური ძალადობის მუხლით. მან ფიზიკურად იძალადა შატლოვასა და საკუთარ შვილზე. საქმე აღძრულია და ძალიან გაგვიკვირდა, რომ მოსამართლემ 50 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მე იურისტი ვარ, ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერ ვიტყვი, ეს მკვლელობა რას უკავშირდება, თუმცა დაბეჯითებით ვამბობ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შატალოვა და ბერიძე შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ადვოკატმა, პაატა შავაძემ.

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურა ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი უკვე დასრულდა. სამართალდამცველებმა ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას ითხოვდა, მათ შორის მიმდინარეობდა დავა.

ზურაბ ბერიძე და მისი ადვოკატი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.