გიორგი კვირიკაშვილი - 20-წლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წელს ჩვენ განვაახლეთ მეტროს მშენებლობა და დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა
გიორგი კვირიკაშვილი - 20-წლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წელს ჩვენ განვაახლეთ მეტროს მშენებლობა და დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა

თბილისში დღეს მეტროსადგური “უნივერსიტეტი” გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. 

პრემიერ-მინისტრმა თბილისელებს ახალი მეტროსადგურის გახსნა მიულოცა.

“მინდა, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენი თბილისის მცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი დღე. დღეს თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური გაიხსნა. 20-წლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წელს ჩვენ განვაახლეთ მეტროს მშენებლობა და დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 82 მილიონი ლარის სახით დიდი ინვესტიცია განხორციელდა, მადლობა აზიის განვითარების ბანკს. სამშენებლო სამუშაოები განახორციელა მსოფლიოში ცნობილმა ესპანურმა კომპანიამ, „კობრა ასიგნიამ“ რომელსაც უმსხვილესი პროექტები აქვს განხორციელებული და მადლობა მათ გაწეული წარმატებული სამუშაოსათვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მეტროსადგურის მშენებლობის პროცესში ორი ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. გიორგი კვირიკაშვილმა მშენებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი შრომა მნიშვნელოვანი იყო.

“მადლობა ინჟინრებს, მშენებლებს, რომ მათ ასეთი პროდუქტი შექმნეს ჩვენ დედაქალაქში, კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მეტროსადგური. მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტროსადგური მთლიანად აღჭურვილია სრულიად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. სრულად არის დაცული უახლესი სტანდარტები. დღეისათვის თბილისის მეტროთი 350-400 ათასი ადამიანი მგზავრობს. 

ამ სადგურის ამუშავება დღეში დამატებით 15 ათას ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილზე მისვლას. მოგეხსენებათ, რომ დღემდე “დელისსა” და ვაჟა-ფშაველას შორის ორი პარალელური გვირაბიდან ერთი ფუნქციონირებდა, ამიერიდან ეს პრობლემა გადაჭრილია და ორივე გვირაბი სრული დატვირთვით იმუშავებს. იმედი მაქვს, რომ სადგური უნივერსიტეტი გახდება მაგალითი იმისა, როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება, რაც დამეთანხმებით რომ უარღესად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებელბისთვის და სტუმრებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ დაიწყო მეტროს მოდერნიზება და გარემონტდა 44 ვაგონი, სამი მეტროსადგური და კიდევ სამი განახლების პროცესშია.

​თბილისში შემოვიდა 143 ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი და თბილისში 1970-იანი წლების შემდეგ პირველად აშენდა ასევე ევროსტანდარტების შესაბამისი მუნიციპალური ავტობაზა. ამოქმედდა კუს ტბის საბაგირო გზა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ის ულამაზესი ხეივანი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ამ მეტროსადგურამდეა მოწყობილი, პარკი, რომლის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები სულ ახლახანს დასრულდა. ეს ნამდვილად არ არის სრული ჩამონათვალი პროექტებისა, რომელიც თბილისის მერიამ ამ ბოლო წლებში განახორციელა. ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები ქალაქ თბილისთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმები აბსოლუტურად სრულად განხორციელდება წარმატებით, რაც ჩვენს თბილისს კიდევ უფრო ლამაზს გახდის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.