​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 28 ოქტომბრის კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე
​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 28 ოქტომბრის კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას, – ამის შესახებ ​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი