საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია
ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.
ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 59 ქულა.
საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან.
ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.
საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.
საბავშვო ევროვიზია – ქართველი კონკურსანტების ისტორია
საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული მეოთხედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა – მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.
საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა „ბზიკებმა”კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა.
მეორედ, 2011 წელს გამარჯვებული გახდა ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music.
მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა, სიმღერით „მზეო” მოუტანა, 2016 წელს.
- საქართველომ უმასპინძლა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს, რომელიც 2017 წლის, 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
- საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.