შინაგანი ილუზიების და რეალურ საგანთა ფორმირების შეხვედრის წერტილი სხვადასხვა სიბრტყეშია. ლოსევი თავის ესეში “დუმილი” წერს: “რეალობად” დადგინდა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც შეგრძნებათა ორგანოებისთვის მისაწვდომია, ყოველი საგნის ღირებულება ამ უნარით განისაზღვრება, რომლითაც იგი ხელშესახებ შედეგებს იძლევა. (ლოსევი “დუმილი”). გასეტი ხელოვნების დეჰუმანიზაციაში ამბობს: ხედვის ადამიანური წერტილი, ის წერტილია, საიდანაც ჩვენ განვიცდით სიტუაციებს ადამიანებსა და საგნებს… გარდა საგნებისა სამყარო ჩვენი იდეებისგანაც შედგება. ამ იდეებს ჩვენ ადამიანურად ვიყენებთ, როცა მათი მეშვეობით ვიაზრებთ საგნებს, მაგრამ ეს საგნები სულ სხვანაირია წარმოსახვაში.

ჯიშკარიანის რომანში მთავარი სლოგანი, რაც გმირმა მოიფიქრა ასე ჟღერს: “რეალობა რეალობის წილ”.

მიუხედავად იმისა, რომ ზურა ჯიშკარიანის რომანში “საღეჭი განთიადები” რამდენიმე რეალობა არსებობს, სინამდვილეს ვერსად იპოვის მკითხველი, არც მის ძებნას აქვს აზრი, რადგან ნამდვილობას მწერლის მიერ აღწერილი ვერცერთი რეალობა ვერ იძენს. ტექნოლოგიამ საზოგადოების ცხოვრებიდან გამოდევნა სინამდვილე. ხალხს დიდ ეკრანებზე აჩვენებენ მზის ამოსვლას, რადგან ჰაერი იმდენად დაბინძურებულია რომ გამჭვირვალობა დაკარგა. ჯიშკარიანის ტექსტი ერთდროულად ნიღბავს და ასახიჩრებს სიღრმისეულ რეალობას, ნიღბავს სირღმისეული რეალობის არარსებობას და ამავდრულად მას არანაირი კავშირი არ აქვს არანაირ რეალობასთან და ის საკუთარი თავის წმინდა სიმულაციას წარმოადგენს. რომანი აგებულია სიმულაციური ნიშნების არსებობის საფუძველზე. რადგან “რეალობის მცველები” და “რეალობის პორტატული ვერსია” რომანში ვერ გვიქმნის სიღრმისეულ რეალობასთან მიმართებას, ამდენად ჭეშმარიტება სწორედ ამ სიმულაციური ნიშნების ფარგლებში შეიძლება მოვიაზროთ.

რომანის რეალობა სიმულაკრულობის გამოვლენაა. მას დაკარგული აქვს სიღრმისეულ რეალობასთან მიმართება. ტექსში ზეგარდმო ძალის აბსოლიტური ჭეშმარიტება, როგორც კოდი მხოლოდ სიმულაციური რელობაა, რომელიც ვიდეოთამაშის სახით არის წარმოდგენილი. ავტორის მიზანი არც არის ისეთი კოდის შექმნა, რომელიც ჭეშმარიტებას აღმოაჩენინებს მკითხველს. როგორც ბარტი გვასწავლის, კოდის განადგურება შეუძლებელია, ის შეიძლება ახლიდან გაათამაშო. მწერალი მესიანისტური კოდის ახლიდან გათამაშებას გვთვაზობს: სამყაროს გადარჩენა კიბერსამყაროში ჩასვლით, იქ მეშიახის ანუ უფლის პოვნა, შემდეგ კი ანდროიდში გადაყვანა. ჰოლივუდის ფილმებში გავრცელებული სამეცნიერო ფანტასტიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები ბინოკულარული ნარატივით არის გადმოცემული.

რომანში რეალობის ფორმების შეცვლა – თავისუფლების ილუზიაა, როგორც წინასწარგანსაზღვრული თავისუფლების ფარგლებში მინიჭებული დამოუკიდებლობა. ამ მხრივ რომანი ტექსტუალური საღეჭი რეზინასავით მოიხმარება, მკითხველი მას აგემოვნებს მხოლოდ იქამდე, სანამ გემო არ გაუვა.

თუ მოდერნისტულ ეტაპზე ჭეშმარიტების არსებობა ეჭქვეშ დგებოდა და ფუტურისტები მოითხოვდნენ ადამიანის ტექნოლოგიებით ჩანაცვლებას, პოსტმოდერნისტულ ეტაპზე არსის ძიებას უბრალოდ აღარ აქვს აზრი. სამყარო ორიგინალს მოკლებული არსია, რადგან ტექნოლოგიებმა უკვე ჩაანაცვლეს ადამიანი ან ძალიან დიდი ადგილი დაიკავეს მის ცხოვრებაში. თუ ფუტურისტებში ტექნოლოგიები ალტერნატიული რეალობაა, პოსტმოდერნიზმში არსებული, მოქმედი რეალობაა.

ჯერ კიდევ ადრეულ ხანებში ფორმის თეორიას პლატონი ასე ხსნიდა, მაგალითად მოჰყავდა საწოლი. არსებობს მრავალი სახეობის საწოლი, მაგრამ ფორმა არის მხოლოდ ერთი და დანარჩენი ყველაფერი იმიტაციაა. მხატვარი, რომელიც ხატავს საწოლს იმიტირებას უკეთებს დურგალს, რომელმაც შექმნა ის. დურგალი თავის მხრივ ასახიერებს შემოქმედებით აქტს შემქნელის ბუნებაში. რადგან იგი ღმერთის მსგავსად ქმნის მას, იმიტირებას უკეთებს ღმერთს. თანამედროვე ტექნიცისტურ, ინტერაქტიურ გარემოში შეიცვალა არსებული რეალობა – მხატვარი ხატავს საწოლს, რომელიც გააკეთა დურგალმა, მაგრამ დურგალმა, რომელმაც გადაწყვიტა გაეკეთებინა საწოლი, ინტერნეტში მოიძია ფოტო. მწერალი, რომელიც აღწერს საწოლს, ნანახი ფოტოებიდან მეხსიერებაში აღიდგენს მას, ან დურგლის მიერ ფოტოს მიხედვით გაკეთებულ საწოლს უყურებს. ფოტოგრაფიის ვიზუალურმა ინტერსემიოტიკურმა გამოსახულებებმა არნახული გავლენა მოახდინეს საზოგადოებაზე. ჩვენი შეგრძნებები ან გამოსახულების შეფასება დამოკიდებულია ასევე თვით ჩვენივე აღქმის შესაძლებლობებზე. თანამედროვე ადამიანი შეეგუა გაქვავებულ გამოსახულებებს, იმდენად, რომ მის გარეშე ცხოვრება რთულად წარმოუდგენია. ვიზუალურად აღქმული ქვეცნობიერში ილექება და ის რაც უკვე გაქრა, მიკროსკოპული დოზებით კვებას ადამიანს. ხშირად მწერალი წერს სწორედ ნანახი ფოტოების და ფილმების მიხედვით, რადგან წარმოსახვაში მხოლოდ ნანახი კადრების რეკომბინაცია ხდება და არა განცდილის. საინტერესოა, რომ “საღეჭ განთიადებში” არის ერთი ასეთი ეპიზოდი: “პირველი ჯარისკაცი ჩემ წინ გახოხდა. თავიდან ანაკონდა მეგონა, მაგრამ ანაკოდას გამოჩენა თავთუხებში აბსურდს გავდა, შემდეგ ვიფიქრე, გარეული ტახია-მეთქი, ვცდლობდი, გამეხსენებინა გადაცემა ტახებზე”. არა მხოლოდ ადამიანის ბინოკულარული მზერაა ობიექტივს მისგავსებული, მწერალი ცდილობს ყოველივე ვიზუალურად წარმოვიდგინოთ, ხოლო ის, რაც გმირმა უნდა გაიხსენოს, ასევე წარსულში ნანახი ვიზუალური მასალის ბაზიდან საკუთარ ბიოლოგიურ ინტერნეტში უნდა მოიძიოს.

მასმედიის აქტიური ჩართულობა ლიტერატურაში, ეკფრასისი განვითარების შემდგომ ეტაპად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ეკფრასის ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ არსებობს. ეკფრასისის გაგება ჩნდება ბერძნულ-რომაულ რიტორიკაში. ხასიათდება, როგორც ხელოვნების ნაწარმოების აღწერა და ზოგადად აღწერითი მეტყველება, იმგვარად რომ მკითხველს თვალს ნათლად წარმოუდგეს არსაწერი ობიექტი. ეკფრასისის მრავალფუნქციონალური გამოყენება ჩვენი დროის კულტურაში, გაზრდილი ვიზუალური მნიშვნელობითაა განპირობებული. თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას ყოველდღიურად ვიზუალური სახეები და ნიშნები მიჰყვება, რომელიც დიდი დოზით სუბლიმაციას განიცდის და უერთდება ტექსტს. ვერბალური და ვიზუალური საწყისი საკმაოდ აქტიურად ზემოქმედებს ლიტერატურაში. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან, ლიტერატურაში სულ უფრო და უფრო იკვეთება ამ ტენდენციების ნიშნები. სიტყვების საშუალებით გამოსახულების შექმნა, განაპირობებს ტექსტის სინთეზურ ხასიათს. დღეს ეკფრასისი კომიქსებსა და ლიტერატურულ სამაგიდო თამშებში ფსევდოგრაფიკული ხასიათის გამოვლინებასთან ერთად არსებობს. აღსაწერ ლიტერატურულ პასაჟებს ვიზუალური ნიშნები და გამოსახულებები ენაცვლება.

 

1 2