ზურა ჯიშკარიანის “საღეჭ განთიადებში” ეკფრასისი, როგორც ვიზუალური ნარატივი, ისე გვევლინება. ჩიტის და ლიანდაგების იკონური გამოსახულება ტექსტის გვერდით ცარიელ მინდორზე ტექსტთან ერთად თანაარსებობს. ის ტექსტის შინაარსობრივ მხარეს ასოციაციურ მნიშვნელობას აძლევს. ეს არ არის ილუსტრაცია, არამედ ინტენრეტ ტექსტისთვის დამახასიათებელი გიფების და მოძრავი იკონური ნიშნების ციფრული სამყაროდან ფურცელზე გადატანა. მსგავსი ვიზუალური და ტექნოლოგიური ჩანართები უცხო არ არის ლაშა ბუღაძის წიგნში “პატარა ქვეყანა”, მკითხველს წიგნის კითხვის პროცესში ინტერნეტის გამოყენებაც უწევს. გურამ მეგრელიშვილის “საქართველოს ალტერნატიული რუკა” კი QR კოდს შეიცავს და მკითხველს კითხვის პარალელურად ფოტოების ნახვაც შეუძლია საკუთარ მობილურ ტელეფონში.

თანამედროვე ტექსტი გაჯერებულია ვიზუალური ნიშნებით. მანქანური ტექნოლოგია ბელესტრისტიკაში ნელ-ნელა შემოიპარა და სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს. აღსაწერი ობიექტიც არა ფერწერული ტილო, არამედ მედიარელობის რომელიმე გამოვლინებაა.

მწერალი აღნიშნავს: “ვიღაცის ცხოვრება რომელიმე სატელევიზიო არხს ჰგავს, ზოგის – კონკრეტული პროდუქტის რეკლამას, ვიღაცის – კონკრეტულ შოუს”.

ავტორი გამუდმებით მიისწრაფვის აღსაწერი მოვლენების ვიზუალად წარმოჩენისაკენ: “მიწის ზანზარი იქ, სადაც შენ ქვევით გადის მეტრო – ქალაქი ფიქრობს, ფიქრობ შენც, თუმცა აზრები არ გაგაჩნია, მარტო ვიზუალები”.

ეკფრასისის გამომსახველობითი ფუნქცია რეალიზდება მთლიანი მხატვრული ნაწარმოების კონტექსტში. ავტორის საერთო კონცეფციის შესაბამისობაში თუ როგორ არის გამოსახული სიტყვიერ ფორმაში. ავტორი აფართოებს მხატვრული სამყაროს ჩარჩოებს მის მიერვე შექმნილი სინამდვილეს შორის. ის რაც უნდა წარმოვიდგინოთ არა ფერწერული ტილოა როგორც შუასაუკუნეებში იყო არამედ სატელევიზიო გადაცემა: “როცა ტვინი გადაწვას უახლოდება, სულ მერთვება ეს თრიფი: თითქოს იაფასიან რეალითი შოუში ვარ, სადაც ყოველ ხუმრობაზე ხმის ოპერატორი სიცილის საუნდს რთავს, შიგადაშიგ კი მაყურებლების კომენტარებიც მესმის”.

ქართველი ფუტურისტები მოითხოვდნენ ლიტერატურის კინოსტადიებად დაყოფას, სიტყვის გაკინემატოგრაფებას და ლიტერატურული სკოლის მეთაურად ჩარლი ჩაპლინი გამოაცხადეს. ოციანი წლების ფორმალისტური ძიებები არაერთი ქართველი ავტორის შემოქმედებაში აისახა. დაწყებული პროცესი, რომელიც საბჭოთა პერიოდში შეწყდა, არ გამქრალა. ფუტურიზმის მსგავსად არამხოლოდ ტენოლოგიური რობოტიკაა ჩართული ჯიშკარიანის რომანში, არამედ თხრობაც კინემატოგრაფიული და ზოგადად ეკრანული კოდების შესაბამისია. ყველაფერი რაც ხდება რომანში თხრობის ამ გარდაუვალ კანონს ემორჩილება. ჯიშკარიანი ბინოკულარულ თხრობას მიმართავს, როგორც ეკრანულ ნარატივს, როგორც სიუჟეტის განმავითარებელ ძირითად რგოლს. მწერალი ხშირად იყენებს უშუალოდ ამბის თანმიმდევრობაში სატელევიზიო ჩართვებს. გვიყვება იმას, რასაც ტელევიზორით გადასცემენ. რომანში აღქმა ყოველთვის ნაგლუსხმევია, როგორც ეკრანული გამოსახულება. ხოლო თხრობა ამ ეკრანული გამოსახულების კონტექსტია:

“ანანო უკვე საწოლზე იჯდა და ცდილობდა თვალებისთვის ფოკუსი დაებუნებინა”…

“რეალურად შენ, როგორც გონება, არ მიდიხარ ა-დან და ბ- წერტილამდე, ეს არ არის მგზავრობა, შენი სხეული-ანდროიდი უბრალოდ იძახებს ცნობიერებას, როცა შემდეგი ინსტრუქციები სჭირდება და შენ აქ, რეალობაში მხოლოდ კადრებად ხარ წარჩენილი, დროებით, შემდეგი ინსტრუქციების მისაცემად”… “ამფეტამინის გამო განთიადები გვანან მულტფილმებს”.

“ნელ-ნელა ეს აზრები ბიბისის ახალი ინტერაქტიული სატელევიზიო შოუს ქუდად გადაიქცა”.

“საღეჭი განთიადები”, ბინოკულარული ნარატივის და რეალობის ავტორისეული ხედვის გარდა, მრავალმხრივ ყურადსაღები რომანია, რომელსაც არაერთი სხვა საინტერესო შემადგენელი გააჩნია.

 

1 2