9 ოქტომბერს მექსიკელი კინოჯადოქარი, გილერმო დელ ტორო, 56 წლის გახდა. დელ ტორო თანამედროვე კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მრავალმხრივი და ფანტაზიით სავსე ავტორია, მისი ბოლო ფილმი, „წყლის ფორმა“, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის და ვენეციის კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდოც დაიმსახურა, იდეალურად წარმოაჩენს მის შესაძლებლობებს და რეჟისორის როგორც ესთეტიკურ, ისე ეთიკურ კომპასს. დღევანდელ სტატიაჩიც სოწრედ ამ ფილმის შესახებ გესაუბრებით.

დასავლური კულტურების ფოლკლორში, „უცხოს“ („სხვა“) შეყვარება ადამიანის მხრიდან თითქმის ერთ კონცეფციაზე დაიყვანება ხოლმე – მოგვითხრობენ ისტორიას ყველა სოციალური ნორმის დამაკმაოფილებელ გმირებზე, რომელთაგან ზოგს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს, ზოგს არა. რომელიმე მათგანი მოლაპარაკე ბაყაყს შეხვდება, შეუყვარდება და რომანტიკული კოცნის შემდეგ ბაყაყიც ლამაზ პრინცად გადაიქცევა ან უბრალოდ ლამაზ ბიჭად, სამეფო ტიტულის გარეშე. მაგალითად „ლამაზმანი და ურჩხული“ იმ მოცემულობას გვთავაზობს, სადაც სიყვარული მანამდე ჩნდება, სანამ ქალს ურჩხულთან აქვს ურთიერთობა, იღებს მას როგორც „უცხოს“ და ურთიერთობასა და კომუნიკაციაში ხვდება, რომ მისდამი გრძნობის გასაჩენად აღიარებული ვიზუალური სტანდარტები საჭირო არ ყოფილა. თუმცა ბოლოს ისევ ვიზუალურ ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც იმიჯი, რომელთანაც გრძნობა გაჩნდა ქრება და მის ადგილს იკავებს ისევ ლამაზი და ზღაპრული პრინცი. რეალურად ეს ტრაგედიად უნდა მივიღოთ, რადგან სიყვარულის გაჩენის შემდეგ ფუნდამენტური ტრანსფორმაცია ხდება, რომელიც სრულად უარყოფს იმ გამოსახულებას, რომელიც გონებას შენახული აქვს როგორც ტრფობის ობიექტი. თუმცა ასეთი ფინალები ყოველთვის ბედნიერ დასასრულად მოგვეწოდება და აღიქმება.

პოსტ მოდერნული ნარატივის შემოტანა ცადეს შემქმნელებმა ანიმაციურ ფილმში „შრეკი“, სადაც „უცხოს“ ნორმატივთან ადაპტირების ნაცვლად, პირიქით მოხდა და პრინცესა გადაიქცა კაციჭამიად. მიუხედავად იმისა, რომ გაიცვალა როლური პოზიციები, საფუძველი იგივე დარჩა: „უცხოს“ მისაღებად ან თავად უნდა დაემსგავსო მას, ან ის უნდა დაგემსგავსოს შენ – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეცვლილა. ამ გაბატონებულ კულტურულ მოცემულობას უპირისპირდება გილერმო დელ ტორო თავის ფილმში „წყლის ფორმა“ და მაგიური ზღაპრის ახლებურ ვერსიას გვთავაზობს, სადაც სიყვარულის გაჩენისა და შენარჩუნებისათვის არავის უწევს ინდივიდუალურად ფუნდამენტური ცვლილებების გამოვლა. ის, რაც ცვლილებას საჭიროებს,  მხოლოდ ირგვლივ არსებული გარემოა.

“წყლის ფორმა“ სტანდარტული ზღაპარივით იწყება, წყლის სამყაროში ლამაზი ნივთები მშვიდად ლევტირებენ, კომპოზიტორი ალექსანდრ დეპლა საოცარი სინაზის და მგრძნობელობის მუსიკას გვაწვდის, კამერა აუღელვებლად დაცურავს კომპრესირებულ სივრცეში, თითქოს ჯადოსნური შელოცვა გაუკეთეს (ვინგარდიუმ ლევიოსა?), მთხრობელის ხმა კი გვაცნობს ისტორიას, სადაც პირობითი პრინცი, პრინცესა და მონსტრი უნდა შეგხვდეს. ის რომ ყველაზე დიდი მონსტრები სამყაროში ადამიანები არიან, სტივენ კინგის წყალობით უკვე კარგა ხანია პოპ კულტურაში დანერგილი დებულებაა, თუმცა დელ ტორო ამ მოცემულობას მაქსიმალურად აკონკრეტებს და ნაციონალიზმის, მილიტარიზმის და პატრიარქალური პრივილეგიების მახასიათებლებს უმატებს.

ანტაგონისტური სახეები აქ მკაცრად გამოკვეთილი და მრავალფუნქციურია. პოლკოვნიკი რიჩარდ სტრიკლენდი (მაიკლ შენონი) და მისი ზემდგომი გენერალი სრულად დაცლილი არიან ემპათიისაგან, არ გააჩნიათ მიმღებლობა არც „უცხოს“ და არც „სხვის“ მიმართ. „უცხოს“ ეტიმოლოგიაში ვგულისხმობ ნებისმიერი სახის ხილული განმასხვავებელი ნიშნის მქონე ინდივიდს, „სხვა“ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ როგორც მსგავსი, მაგრამ კერძოდან განცალკევებული, ინდივიდი, რომელიც თუ არ იზიარებს პირად ინტერესებს და არ გამოხატავს მორჩილებას, მხოლოდ ჩაგვრის ობიექტად აღიქმება. სტრიკლენდი და მისი გენერალი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი სუბიექტები, არიან პოლიტიკურად მავნებლები და სოციალურად მჩაგვრელი ადამიანები. ცივი ომის პარანოიაში მყოფი ამერიკა სამეცნიერო რესურსებს ხარჯავს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირზე უპირატესობა წარმოაჩინოს, შესაბამისად მათ მიერ შეპყრობილი ანთროპომორფული ამფიბია მხოლოდ იარაღის ფუნქციას ატარებს, რომელიც საბრძოლო თუ ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარებათ. შესაბამისად ფაქტები, რომ მას გააჩნია ინტელექტი, შეუძლია კომუნიკაცია, გააჩნია გრძნობები და ა.შ უგულვებელყოფილია, რადგან ის არის „უცხო“, რომელიც თუ არ იძლევა პირად სარგებელს, არ იმსახურებს არსებობას.

 

1 2 3