„ვეფხისტყაოსანი“ ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. პოემის ზეპირად ცოდნის და კითხვის ტრადიცია, მზითვებში გატანება, გაგრძელებათა გაგრძელებები, რომელიც ცალკე აღებული, მოცულობით პოემას ბევრად აღემატება, ამის დასტურია. „ხალხური ვეფხისტყაოსანი“, ავთანდილობა თუ შერმადინობა, გადამწერების მიერ ჩამატებები – ეს ყველაფერი ხალხის კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში „ვეფხისტყაოსნის“ ინტერაქტიულ-თამაშობრივ მონაწილეობას გამოხატავდა. პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას, შეტყობინების დასაშიფრად ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.

მეოცე საუკუნეში ლიტერატურა და კინო ცნობიერად დაუკავშირდა ერთმანეთს. კინო, რომელიც სახელოვნებო დარგების გამოცდილების გამოყენებას ცდილობდა, თვითგამორკვევის პერიოდში ეკრანიზაციების ხარჯზე განვითარდა. კინო ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიებაში იყო, ლიტერატურა კი  საუკუნეების განმავლობაში მხატვრულ აღქმაში დაგროვილი ყველა შესაძლო თხრობის ტექნოლოგიას ფლობდა. გასაკვირი არ არის, რომ ისეთი უნივერსალური ტექსტი როგორიც „ვეფხისტყაოსანია“, ამ დიალოგის  თანამონაწილე გახდა. შეიძლება ითქვას, რომ „ვეფხისტყაოსანი“ უშუალოდ მონაწილეობდა ქართული კინოს დაბადებაში.

1900 წლიდან მამა-შვილი დიღმელოვები „ჯენ მორისის“ ფსევდონიმით საქართველოს ქალაქებში გასტროლებზე გაემგზავრნენ, სადაც ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებს უჩვენებდნენ. როგორც მაშინდელი აფიშები იტყობინებოდნენ: „ბუნდოვან სურათებად ვეფხისტყაოსნის სინემატოგრაფია“.

აღსანიშნავია, რომ ოციან წლებში, მაშინ როცა კინოფილმი „ხმებდამატებულ“ მუნჯ კინოდ და „გაფერადებულ“ შავ-თეთრ გამოსახულებად აღიქმებოდა, კინოს შესაძლებლობები „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე იყო ახსნილი, მაგალითად ჟურნალი „ხელოვნება“ 1925 წელს (№8. გვ. 10) წერდა: „კინო უდიდესი თანამედროვე ეპოსია, თქვენ ერთ საათში ვეფხისტყაოსნის გმირთან ერთად, მთელ არაბეთს და ინდოეთს ჩამოგარბენინებთ, მასთან ერთად შეგაბრძოლებთ ვეფხვებს, აღელვებულ ზღვებში შეგაცურებთ და მერე თანამედროვე ევროპის ბაბილონისებურ ქალაქებში გაგასეირნებთ“. ქართულ კინოს იმ პერიოდში დიდ პროპაგანადას უწევდა შალვა დადიანი. დადიანს ეკუთვინის „ვეფხისტყაოსნის“ სცენარი, მას მიწერ-მოწერა ჰქონდა პარიზის კინოფირმებთან, ძმებ პატეებთან პოემის ეკრანიზაციის თაოებაზე.

1917-1918 წლებში დადიანმა ბაქოსა და თბილისში ორი მოხსენება წაიკითხა. პირველი მოხსენება – „ქართული კინემატოგრაფია ანუ ქართული ლენტა“ დადიანმა წაიკითხა 1917 წლის 24 თებერვალს ბაქოში მცხოვრებ ქართველთა კრებაზე. შემდეგ მოხსენებით გამოვიდა თბილისში 1918 წლის 10 თებერვალს. დადიანმა წარმოადგინა მომავალი „ქართული კინემატოგრაფიული საზოგადოების“ წესდების პროექტი და სურათების გადაღების გეგმა თავისი ხარჯთაღრიცხვით. დადიანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ქართული კინოს მესვეურებს ოთხი ტიპის ფილმები უნდა შეექმნათ. მისი აზრით, უპრიანი იქნებოდა, თუ თამარ მეფის როლს ფრანგი მსახიობი სარა ბერნარი ითამაშებდა, რეჟისორად კი თეატრისა და ოპერის რეჟისორს გორდონ კრეგის მოიწვევდნენ. დადიანის ენერგიულ წამოწყებას და ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციის გეგმას  კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

1920-იან წლებში პირველი ქართველი პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე გერმანიაში ჩავიდა. „ბერლინში შევხვდი ცნობილ რეჟისორს და კინოსურათ „ნიბელუნგების“ დამდგმელს ფრინც ლანგს. შეხვედრის საბაბი გახლდათ შოთა რუსთაველის უკვდავი ნაწარმოების „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენ მიერ დაგეგმილი დადგმის შესაძლებლობა. აქ საჭიროა ითქვას, რომ პარიზში გამგზავრებამდე, სახკომსაბჭოს თავჯდომარეს ელიავას, ჩვენი კინოს დიდ პატრიოტს, დაებადა აზრი „ვეფხისტყაოსნის“ კინოდადგმის თაობაზე. მან დამავალა, ამ მიზნით შევხვედროდი ფრინც ლანგს, გამეცნო მისთვის, რაც შეიძლება სწრაფად, ეს ნაწარმოები და შემეთავაზებინა მისი დადგმა. წინასწარ გამომერკვია ამ დადგმისთვის საჭირო ყველა მატერიალური წინაპირობა. მე გამოვხატე ჩემი უთანხმოება და გამოვთქვი მოსაზრება, რომ ასეთი დიდი ნაწარმოების ეკრანზე გადმოტანა არ უნდა ყოფილიყო გამართლებული, ვინაიდან არსებობს თხზულებები, რომლებიც ეკრანიზაციისათვის არანაირად არ გამოდგებიან  –  ამ შემთხვევაში  ასეთია შოთას უკვდავი ნაწარმოები. ეს თხზულება, ჩემი აზრით, თავის მშვენიერებას ინარჩუნებს ფილოსოფიური შაირების გამო. თუ კი ამ ბრძნულ გამონათქვამებს ამოვიღებთ, ან კიდევ შევამოკლებთ, ნაწარმოები გაფერმკრთალდება. კინოს სპეციფიკურობა კი ბევრს მოითხოვს. ახლა არ მსურს ამის თაობაზე მეტი ვისაუბრო, ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენა დღემდე უცვლელია. ჩემი კინოსტუდიიდან წასვლის შემდეგ განზრახვამ, დაედგათ ქაჯეთის ნაწყვეტი შოთა რუსთაველის ნაწარმოებიდან, ფიასკო განიცადა და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ჩემი, ვფიქრობ, არამცდარი შეხედულება.  მე, რა თქმა უნდა,  შალვა ზურაბის ძე ელიავას არ დავუწყე კამათი. მაგრამ თითქმის იმ დროსვე მხარი დამიჭირა სერგო ორჯონიკიძემ, რომელსაც ამ თემაზე აზრები გავუზიარე. ბერლინში კი ფრიც ლანგს შევხვდი და „ვეფხისტყაოსნის“ მოკლე შინაარსი გავაცანი, მან დადგმაზე თანხმობა განაცხადა და მოითხოვა, რომ გადაღებებზე თავისი ასისტენტი, ორი ოპერატორი და ორი დაახლოებული პირი წამოეყვანა. როცა ჩვენ ყველა ეს მოთხოვნა ვალუტაზე გადავიანგარიშეთ, მნიშვნელოვანი ციფრი მივიღეთ. გამომშვიდობებისას დავპირდი წინასწარ მოლაპარაკება გამემართა ჩვენს მთავრობასთან და მეცნობებინა მისთვის ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.  მე კი არ მჯეროდა, რომ ამ სურათს რამენაირი მომავალი შეიძლება ჰქონოდა, ამიტომ ლანგის მიერ წამოყენებული ყველა წინაპირობა განზრახ ორმაგად გავართულე ისე, რომ თბილისში ჩამოსვლისას ამ ფანტასტიკურ ჩანაფიქრს მთელი ამიერკავკასიის ვალუტაც არ ეყოფოდა – იხსენებს თავის მოგონებებში გერმანე გოგიტიძე (გერმანე გოგიტიძე – „ქართული კინოს წარსულიდან“ თბილისი 2013, გვ. 120).

„ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის მორიგი ტალღამ ასე ჩაიარა.  მაგრამ წინ იყო პოემის საიბიულეო თარიღი და ათი წლის შემდეგ ისევ განახლდა პოემის ეკრანიზაციასთან დაკავშირებული ციებ-ცხელება.

გერონტი ქიქოძე თავის წიგნში „თანამედროვის ჩანაწერები“ იხსენებს, როგორ მომწიფდა და როგორ შეისხა ხორცი რუსთაველის იუბილის იდეამ. „1934 წელს მწერალთა პირველ საკავშირო ყრილობას დავესწარი მოსკოვში. საქართველოს დელეგაციას მალაქია ტოროშელიძე მეთაურობდა. ის ჯერ კიდევ თბილისის სემინარიიდან იცნობდა სტალინს. ყრილობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მისულიყო მასთან და ეკითხა, რა ხასიათი მივცე ჩემს მოხსენებას, ძველ ქართულ ლიტერატურაზე ვილაპარაკო, თუ მარტო თანამედროვეზეო. – რასაკვირველია, ძველზეც, – უპასუხა სტალინმა, – რუსთაველზეც, ბარათაშვილზეც, ილიასა და აკაკიზეც, ყველაზე, მხოლოდ ამათ გარდა: ნესტორ კალანდაძე, შალვა შარაშიძე, ვაჟა-ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი. ამათი ხსენება აუკრძალა სტალინმა. ქიქოძე წერს რომ მალაქია ტოროშელიძემ ყრილობაზე წაიკითხა ვრცელი მოხსენება, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. მან განაცხადა, რუსთაველი უფრო დიდი პოეტი იყო, ვიდრე პუშკინი, რითაც უკმაყოფილება გამოიწვია რუს მწერლებში; სანახევროდ ანექსია უყო „პეპოს“ ავტორს გაბრიელ სუნდუკიანს… მაგრამ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქართველი მომხსენებლის უკან საბჭოთა კავშირის ბელადი დგასო, და ამიტომ ვერავინ ვერ გაბედა თავისი უკმაყოფილება აშკარად გამოეთქვა. ბერიამ, რასაკვირველია, ადვილად შეატყო, რომ სტალინს განსაკუთრებით პატივმოყვარეობის დემონი ქენჯნიდა. ამ დემონს შეეწირა მრავალი ქართველი მწერლის, მეცნიერის და ხელოვანის ადამიანური ღირსების გრძნობა“ – წერს გერონტი ქიქოძე (გერონტი ქიქოძე – „თანამედროვის ჩანაწერები“, როგორ მწიფდებოდა რუსთაველის იუბილეს ჩატარების იდეა; 1954 წელი).

 

1 2