1938 წელს რუსთაველის 750 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კომისია შეიქმნა. ბევრ სხვადასხვა ღონისძებასათან ერთად დაიგეგმა, რომ ქართველ კინემატოგრაფისტებს დაედგათ ფილმი „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, რისთვისაც გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო კინოსცენარზე.

ამავე დროს გადაწყდა, შექმნილიყო ბიოგრაფიული ფილმი „შოთა რუსთაველი“, რომლის დადგმა მიენდო რეჟისორ ლეო ესაკიას. აზრს დაეკითხნენ პროფესორს ივანე ჯავახიშვილს, რომელიც ჯერ კიდევ 1922 წელს განათლების სახალხო კომისარიატის კინოსექციაში, შალვა დადიანის ინიციატივით შექმნილ საქართველოს ბუნების და ყოფის კინემატოგრაფიულად გადამღები საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო. ამ ჯგუფში შედიოდნენ შალვა დადიანი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ლასხიშვილი. ჯგუფის საპატიო წევრად მიწვეული იყო როგორც აღვნიშნე  პროფ. ივანე ჯავახიშვილი. ეს წამოწყება განუხორციელებელი დარჩა.

საიუბილეოდ გადაწყვიტეს სახკინმრეწვის კინოფაბრიკის ბაზაზე გადაეღოთ ქაჯეთის ციხის აღება. ეს ეპიზოდი საგანგებოდ შეარჩიეს, როგორც ყველაზე ეფექტური სანახაობრივი და ექსპრესიული სცენა, რომელიც კულმინაციურიც იყო. ამ ფილმს უნდა გადაეწყვიტა შეძლებდნენ თუ არა არსებული რესურსებით მთლიანი პოემის ეკრანიზაციას. მიქაბერიძის მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული ვარიანტი სცენარისა „ქაჯეთის ციხის აღება“ სახკინმრეწვის კინოფაბრიკის სამხატვრო კოლეგიამ 1935 წლის 2 იანვარს განიხილა.  სამი დღით ადრე კი 1934 წლის 30 დეკემბერს, სახკინმრეწვის დირექტორთან გამართულ თათბირზე განხილული  იქნა ლ.ესაკიას სცენარი „შოთა რუსთაველი“. არსებობს ივანე ჯავახიშვილის სიტყვით გამოსვლის სტენოგრაფიული ანგარიში, რომელიც მან თათბირზე წარმოთქვა (ჟურნალი „კინო“ საბჭოთა საქართველო 1978 წ. კარლო გოგოძე  – „ივანე ჯავაიხშვილი და ქართული კინო“ გვ123). ჯავახიშვილი ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას არ მიიჩნევდა შეუძლებლად, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე წლის შემდეგ და არა ეხლა, რადგან ბევრი რამე ჯერ კიდევ გამოუკვლეველი იყო. ჯავახიშვილი ვრცლად მსჯელობს ბიოგრაფიული ფილმის გადაღების სირთულეებზე,  რაც შეეხება მხატვრულ ეკრანიზაციას, ამას დასაშვებად მიიჩნევდა და დასძენდა, რომ მცირედი გადახვევებიც შესაძლებელია, რადგან ეს მხატვრული ტექსტის ეკრანიზაციაა.

ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციის საკითხში, ჯავახიშვილის აზრს იზიარებდნენ სახკინმრეწვის სამხატვრო კოლეგიის წევრები, რომლებიც კ. მიქაბერიძის სცენარის ქაჯეთის ციხის აღების განსახილველად შეიკრიბნენ. სხდომას ესწრებოდნენ: სახკინმრეწვის კინოფაბრიკის დირექტორი მიხეილ კალატოზიშვილი, გამოჩენილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გერონტი ქიქოძე, საყოველთაოდ ცნობილი უნგრელი კინოთეორეტიკოსი ბელა ბალაში, კინორეჟისორები: ნიკოლოზ შენეგელაია, დავით რონდელი და ლეო ესაკია, კინოდრამატურგი გიორგი მდივანი, ხელოვნებათმცოდნე პროფესორი ვლადიმერ ელსნერი და სხვები. ჯავახიშვილი ამ სახკინმრეწვის მხატვრული კოლეგიის წევრი არ ყოფილა და სხდომას არ დასწრებია, მაგრამ როგორც კოტე მიქაბერიძე წერს, სცენარს იცნობდა და არ დაუწუნებია, არც სიუჟეტური ხაზიდან  ზოგიერთ გადახვევაზე განუცხადებია საწინააღმდეგო მოსაზრება. განსაკუთრებით საიტერესოა ბელა ბალაშის აზრი, რომელსაც თუმცა პოემის ღრმა ცოდნა არ ჰქონდა, მაგრამ არტურ ლაისტისეული გერმანული თარგმანის საშუალებით იცნობდა „ვეფხისტყაოსანს“. მისი მოსაზრებები სავსებით ემთხვევა ჯავახიშვილის მოსაზრებებს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური აზრი გამოთქვა მოგვიანებით ცნობილმა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ და გამოჩენილმა ხელოვანმა პიერ ვორმსმაც, რომელიც კინოსტუდიაში ფილმ „ქაჯეთის ციხის აღების“ გადაღებას დაესწრო და ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა,  როგორც სტუდიის სხვა ფილმებზე, ასევე ქაჯეთის აღებაზეც. როგორც ჩანს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება გაითვალისწინეს და წარმოებაში არ ჩაუშვეს რუსთაველის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი, ხოლო მხატვრული ფილმის „ქაჯეთის“ გადაღებას წინ კონკურსი უძღვოდა; საუკეთესო სცენარის ავტორისათვის სოლიდური ფულადი ჯილდოც იყო დაწესებული. არსებობს აკაკი ბელიაშვილის დასკვნა ვეფხისტყაოსნის სცენარის შესახებ, რომელიც ვრცლად მსჯელობს სცენარის დადებით და უარყოფით მხარეებზე. საბოლოოდ ფილმის გადაღება კოტე მიქაბერიძეს დაევალა.  ფილმში ტრიუკების დასადგმელად მოიწვიეს ი.ნიკიტჩენკო, რომელმაც „რვა თვის განმავლობაში გასაოცარი უცოდინრობა და სრული არაკოლეგიალობა გამოამჟღავნა, რაც ფილმის წარმოების ვადების გაწევისა და ზედნადები ხარჯების გაზრდის მთავარი მიზეზი გახდა“ (გვ. 211). კონკრეტულად ამ ფილმის შესახებ საარქივო მასალები, ავტორის შემოქმედებითი ბიოგრაფია და ფილმოგრაფია მოძიებულია და წინასიტყვაობით არის წარმოდგენილი სოსო დუმბაძის და ნინო ძანძავას არაჩვეულებრივ წიგნში „კოტე მიქაბერიძე“ (თბილისი, 2017 წელი).

„ქაჯეთი“ მრავალმხრივ საყურადღებო ფილმია. როგორც მიქაბერიძე წერს, ქართულ კინემატოგრაფიაში პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური კომბინირებული გადაღებები, რომელიც განახორციელა ცნობილმა ოპერატორმა დიღმელოვმა. „იმდროინდელი კინომრეწველობის სახგაერთიანების დირექტორი ამბროსი თითბერიძე აღნიშნავს, რომ ბერია არაერთხელ ნახულობდა ფილმის „ქაჯეთი“ ყველა ნაწილს – სურათის საბოლოო ჩაბარებამდე“. 1953 წლის 10 ივნისს კოტე მიქაბერიძე თავის დღიურში ეხმაურება ლავრენტი ბერიას დატყვევებას და განსჯის მას, როგორც ქვეყნის „მოღალატეს“, სიტყვებით: „სირცხვილი“, „სირცხვილი“.  1936 წლით დათარიღებულ ქაჯეთის განხილვის სტენოგრამაში მოსკოვის კინოს სახლში გამართული განხილვის ერთ-ერთი მონაწილე, ოსლანიანი, აღნიშნავს: თუკი „ჩვენ შევადარებთ ფილმ „ნიბელუნგებს“ დავინახავთ, რომ ჩვენი სურათი ერთი ნაბიჯით წინაა და მომავალშიც ვაჩვენებთ, რომ კინოხელოვნების მხრივ, ოსატობის მხრივ, უკვე დავეწიეთ და გავუსწარით საზღვარგარეთულ კინემატოგრაფიას“ (კოტე მიქაბერიძე საარქივო მასალა, შემოქმედებითი ბიოგრაფია, ფილმოგრაფია – სოსო დუმბაძე, ნინო ძანძავა, თბილისი 2017 წ. გვ.22). რუსთაველზე ბიოგრაფიული ფილმი ივანე ჯავახიშვილის სიცოცხლეში არ გადაუღიათ. 1966 წელს გამოვიდა ეკრანებზე გურამ პატარაიას დოკუმენტური ფილმი „რუსთაველის ნაკვალევზე“. ვეფხისტყაოსნის და კინოს ურთიერთობის ერთი ეტაპი ამით დასრულდა. დიდი და სერიოზული პროექტი სახელისუფლებო ძალების ჩართულობით დღემდე არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით „ვეფხისტყაოსნის“ თრეილერს, რომელიც სრულმეტრაჟიანის ანონსად გაკეთდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ფილმი არ გადაუღიათ.

კინომცოდნე დოდონა კიზირია მსჯელობს კინოხელოვნების ორგვარი ხასიათის გავლენაზე; ერთი არის ლიტერატურაში მოდელირებული კინოთხრობის მეთოდები; მეორე, მკითხველის კინოს გავლენის შედეგად მიერ ლიტერატურული თხრობის ფსიქოლოგიური აღქმა. კიზირია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ პერიოდის მაყურებლისთვის,  როდესაც კინო ხელოვნებად ყალიბდებოდა, მისი ორი თავისებურება განსაკუთრებით იყო თვალშისაცემი: მონტაჟი და როგორც მაშინ უწოდებდნენ, კინოგამოსახულების ნივთობრიობა, ან საგნობრიობა. იგივე შეიძლება ითქვას ნივთობრივ, ანუ საგნების ვიზუალურ შედარებებზე, რომლებიც კინოს არსებობაზე ადრე შეიქმნა, თუმცა ძალზე იშვიათი იყო. ამის საინტერესო მაგალითად კიზირიას  შოთა რუსთაველის ერთი სტრიქონი მოჰყავს: „…შემომხვეოდნენ ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა.“ „აქ ჯერ გულწასული და შემდეგ მოსულიერებული ტარიელი ხედავს, რომ მას „ჯალაბნი“ შემოხვევიან და წელში მოხრილნი დასცქერიან მას. ამ შედარების სიზუსტეს ადვილად გავიაზრებთ, თუ აღწერილ სიტუაციას ვიზუალურად წარმოვიდგენთ. მიწაზე გაშოტილ ადამიანს შემოხვეული ხალხი ისე არიან წახრილი, როგორც ნავში ჩასაჯდომად მომზადებული ადამიანები იქნებოდნენ. აქ ხედვის კუთხეც შეგვიძლია დავინახოთ – ქვევიდან ზევით, ვინაიდან მწოლარე ტარიელი მხოლოდ ამგვარად დაინახავდა მათ“ – წერს კინომცოდნე დოდონა კიზირია.

ლევან გიგინეიშვილი ვეფხისტყაოსანში ფარსადანის კარზე გათამაშებულ პოლიტიკურ ავანტიურას ნესტანის გათხოვებას და ხვარაზმშასთან მცირე რაზმით შევარდნას განიხილავს, როგორც კინოსცენარს და კინომოვლენებს (ლევან გიგინეიშვილი – არშემჩნეული პოლიტიკური ავანტიურა „ვეფხისტყაოსანში“ პოსტმოდერნისტული ინტერპრეტაცია წიგნში: „მოგითხრობთ „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“, თბილისი 2009 წ. გვ. 184). ვეფხისტყაოსნის და კინოს „დიალოგი“ ვრცელი საკითხია, პოემაში კინონარატივის პასაჟები ე. წ. თვალით დასანახი თხრობის თავისებურებები უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც ცალკე წერილის თემაა.

 

 

1 2