ცნობილი ინგლისელი პოეტი და მთარგმნელი, გაერთიანებული სამეფოს პოეტი – ლაურეატი ტედ ჰიუზი 1930 წლის 17 აგვისტოს იორკშირში (ჩრდილოეთ ინგლისი) დაიბადა. მან განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო. 1956 წლის თებერვალში ტედ ჰიუზმა  ამერიკელი პოეტი სილვია პლათი გაიცნო, რომელიც ფულბრაიტის სტიპენდიით კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. ისინი იმავე წლის ივნისში დაქორწინდნენ და ორი შვილი ეყოლათ. ტედ ჰიუზს და სილვია პლათი  ბედნიერი ოჯახი  ჰქონდათ, ვიდრე 1962 წელს მათ ცხოვრებაში კანადელი პოეტი დევიდ ვევილი და მისი მეუღლე ასია ვევილიარ გამოჩდნენ.  ჰიუზმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ასია ვევილთან.  ამის გამო, ტედ ჰიუზსა და სილვია პლათს შორის ურთიერთობა დაიძაბა და საბოლოოდ, ტედმა  ოჯახი მიატოვა. სილვიას  დეპრესია გაუმწვავდა და 1963 წლის 11 თებერვალს მან თავი გაზით მოიწამლა. მის თვითმკვლელობას წინ უძღვოდა რთული ურთიერთობა ტედ ჰიუზთან და შემოქმედებითი კრიზისი. საზოგადოების ნაწილი სილვია პლათის სიკვდილში ტედ ჰიუზს დაუფარავად ადანაშაულებდა. თავად მას კი, ამ თემაზე  სახალხოდ არასოდეს უსაუბრია. 1969 წელს ტედ ჰიუზის ცხოვრებაში კიდევ ერთი უბედურება მოხდა  – ასია ვევილმა მათი ოთხი წლის გოგონა შურა გაზით გაგუდა და თავადაც თავი მოიკლა ზუსტად ისე, როგორც სილვია პლათმა.

1970 წელს ტედ ჰიუზი კეროლ ორჩარდზე დაქორწინდა და მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. სიკვდილამდე სამი თვით ადრე გამოქვეყნდა მისი ლექსების კრებული „დაბადების დღის წერილები“, ე.წ. ელეგიები სილვიასადმი, სადაც ის სილვიაზე და მასთან ურთიერთობაზე  საუბრობს.

ტედ ჰიუზის ლექსი „უკანასკნელი წერილი“ 2010 წელს ლიტერატორმა მელვინ ბრეგმა ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ ტედ ჰიუზის არქივში, კეროლ ჰიუზის, ტედ ჰიუზის ქვრივის დახმარებით აღმოაჩინა. აღნიშნული ლექსის შესახებ პირველად ინფორმაცია 2010 წლის 6 ოქტომბერს გაზეთში  The New Statesman გამოჩნდა. მელვინ ბრეგის თქმით,  ლექსი იმავე რვეულში იყო ჩაწერილი, სადაც ჰიუზი ლექსებს წიგნისთვის – „დაბადების დღის წერილები“ – წერდა, თუმცა, პოეტმა „უკანასკნელი წერილი“ წიგნში არ შეიტანა. ტედ ჰიუზი,  მეგობრის, ირლანდიელი პოეტის, შეიმუს ჰინისთვის მიწერილ წერილში ამბობს, რომ მან სილვიასთვის ბარათებივით ლექსების წერა 1970-იანებში დაიწყო, ხოლო „უკანასკნელი წერილი“ კი  მეტად პირადული იყო იმისათვის, რომ გამოექვეყნებინა.  საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ლექსი დღიურში გაკეთებულ ჩანაწერს ჰგავს. „უკანასკნელ წერილში“ იგულისხმება სილვია პლათის ბოლო, ე.წ. გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელიც მან ტედ ჰიუზს ორი დღით ადრე გაუგზავნა და შეშინებული ტედი მაშინვე მის სანახავად წავიდა. დანამდვილებით არავინ იცის, რას წერდა სილვია, მაგრამ ტედ ჰიუზი ლექსში ამბობს:

 

„სულის ერთი შებერვით მოაშორე ფერფლი

შენს გეგმას – საფერფლეს – რომელზეც

გადაიხარე ,

 

რომ ექიმის ტელეფონის ნომერი დამენახა.“

ხოლო სილვიას დედის, აურელია პლათისთვის მიწერილ წერილში ის ნანობს, რომ ვერ მიხვდა, რომ სილვია ამ ჟესტით რეალურად შველას ითხოვდა.

 

ლექსიდან ასევე ირკვევა საინტერესო ფაქტიც, რომ იმ პერიოდში ტედ ჰიუზი არა მხოლოდ ასია ვევილს, არამედ პოეტ სუზენ ალისტონსაც ხვდებოდა. 

„უკანასკნელი წერილი“  უამრავი თვალსაზრისით გამორჩეული და საინტერესო ლექსია და მის გამოქვეყნებას ლიტერატურულ წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მთარგმნელისგან

 

 

რა მოხდა იმ ღამეს? შენს ბოლო ღამეს.

გონებაში ორჯერ, სამჯერ ვადიდებ

კადრებს.  პარასკევი.საღამო.

უკანასკნელად გხედავ ცოცხალს –

შენ იმ უჩვეულო ღიმილით საფერფლეში

ჩემთან გამოგზავნილ წერილს წვავ.

გეგმები ხომ არ ჩაგიშალე?

უფრო ადრე  შემაშფოთე, ვიდრე განსაზღვრე?

ძალიან მალეგავჩნდი შენთან?

ერთი საათით გვიან დამხვდებოდი გადასულიიქ,

სადაც ვეღარ მოგძებნიდი.

არავინ გამიღებდა ჩარაზულ წითელ კარს

და უკან გავბრუნდებოდი, შენი წერილით ხელში,

მეხით, რომელსაც თავისთავად დამიწება არ ეწერა.

ჩემთვის

ის იქნებოდა  ელექტროშოკით თერაპია

მთელი შაბათი-კვირა, დაუსრულებლად,

რამდენჯერაც გადავიკითხავდი, ან  გამახსენდებოდა.

ისშემიცვლიდა გონებას და მთელ ცხოვრებას.

თერაპია, რომელიც შენ მომისაჯე, დროს მოითხოვდა.

წარმოუდგენელია,

როგორ გადავიტანდი იმ ორ დღეს.

წარმოუდგენელია. ყველაფერი შენ ჩაიფიქრე?

 

შენმა წერილმა უცებ მომაგნო – იმავე დღეს,

იმ პარასკევს, ნაშუადღევს. საფოსტო ყუთშიდილით ჩააგდე.

ჩასაფრებულმა ავსულებმა დრო გათვალეს და ააჩქარეს.

უიღბლობის მძიმე ტვირთი ფოსტამ კიდევ უფრო

დაგიმძიმა. მე სასწრაფოდ გავიარე

თებერვლის  ლონდონის თოვლისფერი ბინდი

და შვების ცრემლები გადმომცვივდა, როცა კარი შენ გამიღე.

მზაკვრული ქარაგმების მარილწყალი – ნაადრევი ცრემლები,

რომლებმაც თავისი რეალური არსი ვერ ამიხსნეს,

არ გამიმხილეს. შენ წერილსმშვიდად,

უდტრვინველად ანადგურებდი.ისეთი რა თქვი

საფერფლეში ახრჩოლებულ ნაკუწებზე,რომ

ხელი გაგიშვი დაწამოვედი,

შენ კი სულის ერთი შებერვით მოაშორე ფერფლი

შენს გეგმას – საფერფლეს – რომელზეც

გადაიხარე ,

რომ ექიმის ტელეფონის ნომერი დამენახა.

ჩემი წამოსვლა

გახდა მდევარს გამოქცეული,

ავი ზმანებით გათანგული, ძილდამფრთხალი უსასოო მხეცი,

შეპყრობილიერთი სურვილით – მიეკვლიათ მისი სამალავისთვის,

შეპყრობილი ერთი სურვილით –  ვაკუუმისთვის თავი დაეღწია.

ორი უმიზნო დღე, ორი არაფრისმთქმელი დღე.

კალენდრიდან ამოგლეჯილი,

არარსებული სამყაროდან მოპარული,

შეგრძნებებს და რეალობას მოწყვეტილი ორი უსახელო დღე.

 

1 2 3