ჩემი გახევებული სასიყვარულო ცხოვრება

წამოეგო ორ შეშლილ ნემსს,

თითოეული თავის ვარდს ქარგავს,  ქსოვილს ხვრეტს

და ძაფს ექაჩება, ორივეს ჩემში, სადღაც ჭიპის უკან

სისხლიანი სვირინგი გამოჰყავს და

გერბებით შემკულ ჭაობში დააბოტებს.

შეშლილი ნემსები ფერებს ჩემი ნერვებიდან არჩევენ,

ჯვარედინად აგვირისტებენ

და თარგს მიცვლიან ჩემივე კანქვეშ.

ისინი ერთმანეთის თარგსაც ცვლიან,

საკუთარ კარიკატურას ამსგავსებენ

 

და თავის აკვიატებას აქსოვენ. ქალები  –

ნემსით შეიარაღებული ორი ქალი.

 

ის ღამე

ჩემო დელარობია სუზენ*. მე იქაურობას

მბჟურავი ალის წინდახედულებით

გავეცალე.მთელი ჩემი მრისხანება

სხვა არაფერი იყო, თუ არა მივიწყებული სურვილი, ამეფეთქებინა

ძველი სამყარო, რომლისჩრდილი

ფერფლის მამხილებელ კვალს ეფინება. მე გავიქეცი

აქედან და იქიდან. სახე უკან მომექცა. ფირი უკუღმა დატრიალდა.

საით? ბოლოს წავედით რაგბი სთრითზე**

საიდანაც მე და შენ დავიწყეთ.

რაღა მაინცდამაინც იქ? უთვალავი ადგილიდან

რაღა მაინცდამაინც იქ? გაკერპებულმა

ბედისწერამ ჩვეული არტისტიზმით

დაგვატრიალა შენ, მე და სუზენი. ლაბირინთში

მინოტავრის გაშლილმა პასიანსმა

ჰელენიც ჩაითრია, პირველი სართულის მეზობელი.

შენ ისიც შეამჩნიე – ამბის პერსონაჟი.

არადა, ჰელენი არასოდეს გინახავს. ის ცოტა ვინმეს უნახავს,

თუ არ ჩავთვლით მისი ნაგაზის დაცქვეტილ ყურებსა და

მძვინვარე ალიკაპს. შენ მისთვის თვალიც არ მოგიკრავს.

გზარავდა, როცა

გაცოფებული ცხოველი მთელი ძალით ეხეთქებოდა

კარს, როდესაც დერეფანში გავსხლტებოდით.

გესმოდა, როგორ ახრჩობდა მარადიული გერმანული სიძულვილი.

 

კვირა საღამოს მან კარი რამდენიმე

ნებადართული ინჩით გამოაღო.
სუზენი  ჯაჭვის მიღმა მიესალმა

შავ თვალებს, სევდიან ლამაზ

სავსე სახეს. კარი დაიხურა თუ არა,

გავიგეთ, როგორ ამშვიდებდა ციხის ზედამხედველს საკანში,

ბუნაგში, სადაც, სულ რამდენიმე დღეში

გაზით მრისხანე კუპო გაგუდა დათავიც მოიწამლა.

 

მე და სუზენმა ის ღამე

ჩვენს საქორწინო სარეცელზე გავატარეთ. მასზე

ჩვენი ქორწილის შემდეგ არ ვწოლილვარ.

ის ჩემს საწოლში აღარ წავიყვანე,

გამახსენდა – შაბათი-კვირა გავიდა და

შესაძლოა, შენც გამოჩნდე – მოულოდნელი სტუმარი.
მართლა მოხვედი და ჩაბნელებულ ფანჯარაზე მომიკაკუნე?
მე სუზენთან დავრჩი, დაგემალე

ჩვენს საქორწინო სარეცელზე – საიდანაც სუზენი

სამი წლის შემდეგ  სიკვდილთან შესახვედრად იმავე საავადმყოფოში

წაიყვანეს, სადაც თორმეტი საათის შემდეგ

შენი უსულო სხეული დამხვდება.

ორშაბათ დილით

მე ის მივიყვანე სამსახურში, სითიში,

მანქანა იუსტონ როუდზე დავტოვე

და დავბრუნდი იქ, სადაც ჩემი ტელეფონი მელოდა.

 


*სუზენ ალისტონი პოეტი, რომელსაც ტედ ჰიუზი იმ პერიოდში ხვდებოდა. ის 1969 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, დენიელ ჰასმა და ტედ ჰიუზმა მისი ხელნაწერები ნახეს. ტედ ჰიუზი მისადმი მიძღნილ ლექსში „Introduction“ (1980) იხსენებს, თუ როგორ გაიცნო სუზენი და შემდეგ ექვსი წელი,  როგორი ახლო მეგობრები იყვნენ.

**Rugby St რაგბის ქუჩა, N18, ბინა, სადაც ტედ ჰიუზი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თავის მეგობრის, დენიელ ჰასის ბინაში მასთან ერთად ცხოვრობდა და სადაც ტედ ჰიუზმა და სილვია პლატმა პირველი ღამე ერთად და მერე  საქორწინო ღამე გაატარეს. 

 

 

1 2 3