ეს თავები მაღალმხატვრული პროზის ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ზემოთ მივუთითე რეალისტურ პროზაში შეჭრილ პირობითობის ელემენტზე. სწორედ ეს პირობითობა გამოსჭვივის იქ, სადაც კონსტანტინე ბრეგვაძის და მაიორის თვალწინ ექიმი გორგაძე ნაჯახით ამსხვრევს როიალს. ნაჯახი როიალის უფაქიზეს კლავიშებს ეხება. ეს ერთგვარი მეტაფორული პარალელიზმია. დიქტატორის მახვილი ანგრევს გორგაძის დაუცველ და უმწეო ოჯახს, რეალისტური პროზის ნაკადში ამგვარი პირობითობის შეჭრა ბუნებრივ ელფერს იძენს და ეწერება თხრობის დინამიკაში.
ნაშუაღამევს ოპერაციიდან შინ მობრუნებული კონსტანტინე ბრეგვაძე ჩაის ჭიქას კონიაკით გაავსებს და სულმოუთქმელად დაცლის. მისი სულიერი კონვულსია მდორე და თვითდენად ფიქრებს იწვევს. აი, ეს ფიქრები: „გარდამავალი ეპოქაა, ტყეს ჩეხავენ – ნაფოტი ცვივა, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ჩეხვა, ძალზე ბევრი ნაფოტი ხომ არ დაგროვდა? ასე ხომ მთელი ტყე ნაფოტად იქცევა? ვის სჭირდება ასეთი ჩეხვა? ვის მოუტანს სიკეთეს? რატომ აქამდე არავინ გაიღო ხმა? მე, ვთქვათ, პატარა კაცი ვარ, იქ, ზემოთ რატომ სდუმან სხვები?“
ამას ფიქრობს კონსტანტინე ბრეგვაძე, თუმცა ამასვე წარმოთქვამს ხმამაღლა მისი ვაჟიშვილი ნოდარი. ისინი ერთობლივად დიალოგსაც მართავენ და ხშირად ისეც ხდება, რომ მამა ვაჟიშვილის შეკითხვებს დუმილით პასუხობს.

* * *
ვგრძნობ სიტყვა გამიგრძელდა და იქნებ მთელი რომანის შინაარსის შემოწერა მოვინდომე. ვფიქრობ ეს არ იქნება საჭირო, რადგან მკითხველი უკვე თვითონ გაიგნებს გზას. სადღაც უნდა მოიკვეცოს ჩემი საუბარი, ალბათ იქ, სადაც მთავრდება მთავარი გმირის ხანმოკლე სიცოცხლე. ასეთ დროს მთავარია ამ გმირის ძირითადი საკვანძო ცხოვრებისეული მომენტები გამომზეურდეს, რათა გაირკვეს თუ რამ შექმნა მისი ბედისწერა. ვფიქრობ, ეს მომენტები გამოვამზეურეთ კიდეც. ნოდარ ბრეგვაძეს ბედისწერა ნამდვილად აქვს. და აქამდე იმ ცხოვრებისეული მოვლენების ჯაჭვს მივყვებოდით, რამაც შექმნა ეს ბედისწერა. მთავარი ეპიზოდები სკოლის ხანმოკლე პერიოდი და ყაზახეთში ცხოვრებაა, 1956 წლის 9 მარტი კი უკვე საბოლოო შედეგია.
მაგრამ სჯობს ლოგიკურად განვაგრძოთ ერთი ხაზი – ნოდარის ურთიერთობა მამასთან. ის არამარტო თვითონ განიცდის გარკვეულწილად მამის გავლენას, არამედ თვითონაც ზემოქმედებს მამაზე. მათი ურთიერთობის ფორმა დიალოგია, მაგრამ დროის და სივრცის გარკვეულ წერტილში დიალოგი წყდება და მის ადგილს მოქმედება იკავებს. და ეს ხდება ვაჟიშვილის ინიციატივით, დიალოგი წყდება, რადგან მამას ვაჟიშვილის მთავარ შეკითხვაზე პასუხი არ გააჩნია და საუბარი აზრს ჰკარგავს. ნოდარი მიჰყვება გადასახლებულ ოჯახს ყაზახეთში და ეს მისი ზნეობრივი წრთვნის, მისი მსოფლმხედველობის უშუალო გამოხატულებაა.
ნოდარ ბრეგვაძის ლოგიკა მარტივია: რადგან გრძელდება უდანაშაულო ადამიანების დასჯა, სავალდებულოა მათდამი არა სიტყვიერი თანაგრძნობა, არამედ ქმედითი, რეალური მხარდაჭერა.
ყაზახეთში ცხოვრების მონაკვეთი ნოდარისთვის არა თეორიულ-მსოფლმხედველობრივი განვითარების ხანაა, არამედ პრაქტიკული და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების პერიოდი. თითქოს რომანში სამოქმედო არეალი იცვლება, სცენა შემობრუნდება, უცვლელია თხრობის და მთავარი გმირის ზნეობრივი მეტამორფოზის დინამიკა. ყაზახეთში ცხოვრება მწარე გამოცდილებას სძენს ნოდარს და იქვე გრძელდება დიალოგი ქრისტეფორესთან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ეს კაცი ნოდარის „ალტერ ეგოა“ და ცხოვრების გზაჯვარედინებზე მუდმივად თან ახლავს მას.
თუკი მტკივნეული ქარტეხილების შემდეგ თბილისში სიცოცხლე ისევ მძაფრად პულსირებს, ყაზახეთი მკვდარ ადგილსამყოფელს წააგავს. ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებმა იქაურობა საბოლოოდ გააჩანაგა. იქ ჯერაც არ წაშლილა მუდმივი დასმენების, ბოროტი ბიუროკრატიული აპარატის, უსასოობის, გაურკვევლობის და გამოუვალობის კვალი. ამ ღმერთისგან დავიწყებულ მხარეში სამი მნიშვნელოვანი მოვლენა – ნანასთან შეუღლება, ქრისტეფორესთან ხელახალი შეხვედრა და სტალინის სიკვდილი – საბოლოოდ გამოკვეთს ნოდარის ბედისწერას.
ყაზახეთში ეწვევა ნოდარ ბრეგვაძე ქრისტეფორეს და აქაც მათი საუბარი სტალინის ფენომენს და საქართველოს ბედ-იღბალს შეეხება. ქრისტეფორე უშეღავათოა და მიუკერძოებელი, რადგან სიმართლის თქმა მისთვის ამ ვითარებაში ცხოვრების საზრისის მოპოვების ტოლფასია. ამიტომაც წარმოთქვამს ამ სიტყვებს: „რა იყო ოცდაჩვიდმეტი წელი? საქართველოს ქალაქებში არ დარჩენილა არცერთი ოჯახი, ეჟოვისეულ ტერორს რომ ზიანი არ მიეყენებინა. ნურავინ იტყვის, რომ სტალინმა არაფერი იცოდა. ის მოვალე იყო ყოველივე სცოდნოდა. ქვეყანაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო ამდენი „ხალხის მტერი“. საერთოდ ეს ტერმინი უაზრობის შემცველია. „ხელისუფლების მტრებზე“ თუ ვისაუბრებთ მათი პროცენტი ისეთი მაღალია, რომ ხელისუფლება ამაზე საგანგებოდ უნდა დაფიქრდეს – აბა, ის რა ხელისუფლებაა, რომელსაც ამდენი მტერი ჰყავს?… ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ: ბოროტება, რომელიც სტალინმა ჩვენ ქვეყანას მოუტანა, აღურიცხველია“.
ნოდარ ბრეგვაძე თვითგამორკვევის სამ ეტაპს გაივლის. პირველია ტოტალიტარული ატმოსფეროს შეცნობის ყველაზე დაბალი საფეხური ანუ მოსწავლეობის წლები, მეორე – ცხოვრება ყაზახეთში ანუ იძულებითი გადასახლება, მესამე – 1956 წლის 9 მარტის ტრაგიკულ მოვლენებში მონაწილეობა.
ბოლო ეტაპი საბედისწერო გამოდგა რომანის მთავარი პერსონაჟისთვის. 9 მარტს ხალხი სტალინის მხარდასაჭერად გამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ ამ გამოსვლას ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნა მოჰყვა. ნოდარ ბრეგვაძე აქტიური მონაწილეა ამ გამოსვლების. ოღონდ არა როგორც მხარდამჭერი, არამედ როგორც ქვეყნის მამულიშვილი და გზასაცდენილი ადამიანების თანამგრძნობელი. აი, რას ფიქრობს ნოდარი ამ ვითარების შემხედვარე: „სტალინი ამ ადამიანებს ატყვევებდა, ასახლებდა, ხვრეტდა, თითქმის უიარაღოებს აგზავნიდა გერმანელების ტანკებთან საბრძოლველად, ამათ კი იმის ნაცვლად, რომ ახლა შვებით ამოისუნთქონ, ახლა, როცა ის აღარ არის და წარმოთქვან, მადლობა ღმერთსო, მისთვის თავი გადაუდიათ და მზად არიან ჯვარს ეცვან!“
კონსტანტინე ბრეგვაძე ვაჟიშვილს ურჩევს განერიდოს ხალხის აზვირთებულ ნაკადს, რადგან შესაძლებელია ყოველივე სავალალოდ დამთავრდეს, მაგრამ ნოდარს არ ძალუძს მამამისივით ამ საბედისწერო მოვლენების პასიური მაყურებელი იყოს. მისი აქტივობა უკვე მუდმივ ქმედებაში, მუდმივ ბრძოლაში ვლინდება.
და აი, ფინალიც:
ხელჩართულ შეტაკებაში ჯარისკაცმა გოგონა ხიშტზე წამოაცვა და მერე მტკვარში გადაისროლა. ერთი რომ მოიშორა, სხვებს გამოედევნა და ამ დროს გადაუღობა მას გზა ნოდარმა. ავტომატის ჯერმა ჰაერი გაკვეთა.
„ნოდარმა მკერდში მკვეთრი ბიძგი იგრძნო. საიდანღაც გამოცურდა და გაიშალა მის თავზე შორეული და უხმო ზეცა. ეს ზეცა წერტილოვანი ვარსკვლავებით დაჰყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა სურდა. მან კიდევ ერთხელ მოჰკრა ყური სიმღერას გაფრენილ მერცხალზე და იმავდროულად მისივე სიცოცხლის მერცხალი შეფრთხიალდა და გამოფრინდა მისივე მკერდიდან“.
ნოდარ ბრეგვაზე იღუპება. ეს სიკვდილი კანონზომიერია და არ არის შემთხვევითი. ეს ფაქტობრივად ხანმოკლე, მაგრამ შეგნებულად განვლილი ცხოვრების გმირული დასასრულია.

* * *
1921 წელს სტალინის და ორჯონიკიძის მიერ განხორციელებული ანექსიის შემდეგ საქართველოში ძალადობის ახალი ერა დაიწყო. ამ ძალადობას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. 1924 და 1937 წლები გამორჩეული სისასტიკის წლები იყო. ასე გაგრძელდა შემზარავი მეორე მსოფლიო ომის მომდევნო წლებშიც. არსებობს ამ ეპოქის ამსახველი იშვიათი, მაგრამ მართალი და მაღალმხატვრული წიგნები. ამ წიგნებში არა ნაწილობრივი, არამედ სრული სიმართლეა ნათქვამი. ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის შესახებ დაწერილ წიგნთაგან ასეთია ვასილი გროსმანის „ბედისწერა და ადამიანები“. ეს წიგნი, რა თქმა უნდა, ე. წ. „პერესტროიკის“ პერიოდში გამოქვეყნდა, როცა საბჭოთა იმპერია სულს ღაფავდა. მანამდე გამოქვეყნება მას არ ეწერა.
ასეთივე მართალი და მაღალმხატვრული წიგნია ლევან ხაინდრავას „ჟამი მეექვსე“. ეს არის ზოგადად ძალადობის და კერძოდ, სტალინური ძალადობის წინააღმდეგ დაწერილი წიგნი. ეს არის წიგნი იმის შესახებ, რომ ადამიანს გააჩნია ღირსების გრძნობა, რითაც ის მშვენიერია და განუმეორებელი. ასეთი ადამიანი არ შეიძლება ბოლომდე შეეგუოს ძალადობას. ეს არის წიგნი, სადაც ასევე სრული სიმართლეა ნათქვამი და არა ნაწილობრივი. სრული სიმართლის თქმას კი საბჭოთა იმპერია არავის აპატიებდა. ამიტომაც გადაიდო ამ წიგნის გამოქვეყნება დიდი ხნით.
ოთხმოცდაათიან წლებში ერთ ქართველ მოაზროვნეს ჰკითხეს, რა სჭირდება საქართველოს საიმისოდ, რომ დამოუკიდებელი გახდესო. პასუხი ასეთი იყო: უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიძლიოს სტალინის სიყვარული, ვინაიდან ეს იგივე ძალადობის სიყვარულიაო. ლევან ხაინდრავამ ყოველივე ეს უფრო ადრე თქვა – სამოციან წლებში, თავის რომანის – „ჟამი მეექვსე“ – მეშვეობით. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი მხატვრული არგუმენტია, სადაც როგორც უკვე ვთქვით, უაღრესად გამომსახველად და ხელშესახებად არის გადმოცემული დროც, ეპოქაც და ადამიანებიც. მთავარი კი ისაა, რომ ლევან ხაინდრავას გმირისთვის ყოველგვარი სახის ძალადობა მიუღებელია.

 

 

1 2 3 4