ნოდარ ბრეგვაძე დაბნეულია და მხოლოდ ერთ შეკითხვას ამოღერღავს: „შენ იმის თქმა გსურს დედა, რომ მხოლოდ სიმართლით ვერ იცხოვრებ ამ ქვეყანაზე, არა?“ დედა ამ შეკითხვაზე არსებითად თანხმობას უცხადებს ვაჟიშვილს. ეს არის ნონკონფორმისტის წინაშე გამოვლენილი კონფორმიზმი. იძულებითი შეგუება თუ შერიგება უსამართლობასთან. ეს არის ზნეობრივი, ეთიკური რელატივიზმი, რომელიც აშკარად თვალშისაცემია.
ნოდარ ბრეგვაძის მშობლები კულტურას ნაზიარები ადამიანები არიან. მათ იციან სიმართლის ფასი, მაგრამ ისიც იციან, რომ ეს სიმართლე საბჭოთა ავტორიტარიზმთან შეუთავსებელია. ყოველივე ამის ვაჟიშვილისთვის ახსნა კი უჭირთ. მამასაც და დედასაც დიალოგის გამართვა უწევთ ჯერ საკუთარ სინდისთან და მერე ვაჟიშვილთან. ამ ბეწვის ხიდზე გავლა კი არ ხერხდება, ვინაიდან საკუთარ სინდისთან დათმობა უხდებათ, ვაჟიშვილს კი ვერ ახვევენ თავს თავიანთ შემრიგებლურ, კონფორმისტულ პოზიციას… ნოდარი შეუვალია.

* * *

ლევან ხაინდრავა რომანში „ჟამი მეექვსე“ რეალისტურ ეპიკურ სამყაროს ქმნის, სადაც სივრცე, დრო და კაუზალობა XX საუკუნის ექსპერიმენტული თუ მოდერნისტული რომანის გვერდით ინარჩუნებს თავის ძალას, ინარჩუნებს, ვინაიდან რეალიზმი როგორც მსოფლმხედველობა არ არის დროით და სივრცით გარშემოწერილი, არ არის ერთგვაროვანი და ერთსახოვანი. ის დროსთან ერთად ახალ გამომსახველობით ელემენტებს ეძებს, სხვადასხვა გარემოში კი სხვადასხვა შინაარსობრივი და ზოგადი ნიშნებით მჟღავნდება.
ლევან ხაინდრავას რომანი აღბეჭდავს ემპირიულ, გრძნობად-კონკრეტულ სინამდვილეს, მწერალი სიცოცხლეს სიცოცხლისავე ხელშესახები, პლასტიური ფორმებით გადმოგვცემს. ეს ნაწარმოები მიმეტური ლიტერატურის, კლასიკურ-რეალისტური ბელეტრისტიკის ნიშნებს ამჟღავნებს. რასაკვირველია, შესაძლებელი იყო მწერლის მიერ აღქმული სიმნამდვილის რადიკალურად ტრანსფორმირებული, გროტესკული ფორმით გადმოცემა, მაგრამ ეს არ მოხდა მრავალი მიზეზის გამო. მწერალმა მოვლენათა ისტორიულ განასერში მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიებას მიჰყო ხელი. მისი პროზა ეპოქის მხატვრული კვლევაა, სადაც ფონს, ინტერიერს, ანტურაჟს, დროით-საგნობრივ აქსესუარს (როგორც ზემოთ უკვე ვთქვით) პერსონაჟებისაგან განუყოფელ ნაწილად, განუყოფელ რეალობად განიხილავს მწერალი. მხედველობის არეში ექცევა უმძაფრესი ქარტეხილების ეპოქა – 37 წელი, მეორე მსოფლიო ომი, 51 წლის გადასახლებები, სტალინის სიკვდილი, 9 მარტის მოვლენები – რაც არ შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქტოგრაფია და ამ ფაქტებს არ ახლდეს მოვლენათა ადექვატური მხატვრული ძალმოსილება. უკვე ნათქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ლევან ხაინდრავა ქმნის მხატვრულ მატიანეს და კვლევის რეალისტური მეთოდი მისთვის, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული სიმართლის ბოლომდე გარკვევას, წვდომას, ბოლომდე თქმას ნიშნავს. მან ამგვარი პასუხისმგებლობა იკისრა. მისი მთვარი აქცენტი გმირის ზნეობრივ მოდულაციებს მოიცავს.

* * *

ნაწარმოების სიუჟეტური განვითარება უშუალოდ უკავშირდება მთავარი გმირის თვითგამორკვევის ფაზებს. სოციუმი, რომელშიც ნოდარ ბრეგვაძე ზნეობრივ სფეროში თავის ძიებას იწყებს – ოჯახია. ამ პერსონაჟის ხასიათს, მის მსოფლმხედველობას მისივე დიალოგური ბუნება აყალიბებს. ნოდარისათვის დიალოგი მიხაილ ბასტინის სიტყვით რომ ვთქვათ, საშუალება კი არ არის, თვითმიზანია. ნოდარ ბრეგვაძე უაღრესად რთული ძიების პროცესში მარტოა, ამიტომაც მუდმივი თვითანალიზის გზას ადგას.
სიუჟეტს ნოდარის ძიებათა პროცესი და მისი შეუვალი ხასიათი განაპირობებს. აქ მთავარი ის არის, რომ გმირის ხასიათი განსაზღვრავს ნაწარმოების სიუჟეტს და არა სიუჟეტი ხასიათს და ძიებათა პროცესს. როგორც არტურ შოპენჰაუერი ფიქრობს, ადამიანის ხასიათი თანდაყოლილია. ნოდარ ბრეგვაძის შეუვალობა და უკომპრომისობა გარკვეულ კონტრასტს ქმნის იმ სოციუმში, რომელშიც იღვიძებს მისი ცნობიერება. შეუვალობა მისი ხასიათის თვისებაა. მშობლები, ცხადია, ზნეობრივი პრინციპების ერთგულებას უქადაგებენ მას, მაგრამ უკვე ტოტალიტარულ რეალობასთან შეჯახების შემდეგ მათშივე ამოქმედდება თავდაცვის მექანიზმი და ვაჟიშვილსაც თავდაცვისკენ უბიძგებენ. თუმცა ნოდარი სწორედ აქ ავლენს შეუვალობას, როგორც ხასიათის თანდაყოლილ თვისებას, მას არ ახსოვს შემზარავი ოცდაჩვიდმეტი წელი, როცა წამებით კლავდნენ ადამიანებს, მაგრამ ის ამ ცოდნას უკვე ოჯახის გარეთ მოიპოვებს, თანაკლასელ დათოს ბიძასთან, ქრისტეფორე მირიანაშვილის მეშვეობით.
ლევან ხაინდრავას რეალისტური მეთოდი მხატვრული წესრიგის ნიშნით არის გამოხატული. მხატვრულ წესრიგს, ისევე როგორც მის რღვევას (რაც მრავალნაირად შეიძლება გამოიხატოს) თავისი მკვიდრი კანონზომიერება გააჩნია. სიუჟეტის რღვევა კომპოზიციის რღვევასაც განაპირობებს. ამგვარ ტრანსფორმაციას ექვემდებარება სხვა მხატვრული კომპონენტებიც. XX საუკუნის მხატვრული პროზისთვის ე. წ. მაღალი მოდერნიზმისეული ამგვარი რადიკალური ტრანსფორმაცია უმთავრეს მახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა. ამგვარი ტოტალური სტილიზაციით აღბეჭდილი ნაწარმოებები (ჯოისის „ულისე“, კაფკას „პროცესი“, ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისაკენ“ და სხვ.) უმთავრესად გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში იქმნებოდა, 58-60-იან წლებში როცა ლევან ხაინდრავამ რომანი „ჟამი მეექვსე“ დაასრულა, უკვე საქართველოშიც გახმაურდა ლათინური ამერიკის პროზა. „მაგიური რეალიზმი“ – რეალურის და ფანტასტიკურის შერწყმა სრულიად ახალი მოვლენა იყო ჩვენ სინამდვილეში. 1973 წელს მიუძღვნა ამ მოვლენას წერილი კრიტიკოსმა ოტია პაჭკორიამ, სადაც ის წერდა: „იოლი როდია ლათინური ამერიკის პროზაზე გადაჭრით მსჯელობა. შეზღუდულია ინფორმაცია. იმ ნაკადიდან, რომელსაც ახალი პროზის აღმავლობას უკავშირებენ, ხელმისაწვდომია, ისიც ნაწილობრივ: ასტურიასი, კორტასარი, კარპენტერი, ფუენტესი, მარკესი, ლიოსა…
პოლიტიკურად დაქვემდებარებული, ბინდმოსილი ეგზოტიკის წიაღში ჩაფლული ქვეყანა მწერლებმა გამოიყვანეს დღის სინათლეზე, მოაშორეს გაურკვევლობისა და უმწეობის საფარველი…“
„პოლიტიკურად დაქვემდებარებული“ იყო საქართველოც. ეს არ იყო მხოლოდ დაქვემდებარება, ეს იყო რეპრესიების, უმძიმესი ომის, კვლავ რეპრესიების და შემზარავი 1956 წლის 9 მარტის პერიოდი. ლევან ხაინდრავამ სწორედ ეს დრო შემოწერა. როგორც უკვე ვთქვით მოვლენათა ეპიცენტრი ჯერ 1951 წლის გადასახლებებია, მერე 1953 წელი და სტალინის სიკვდილი, ბოლოს კი 9 მარტი. დროის ამ ფაზებს გაივლის ნოდარ ბრეგვაძე როგორც პიროვნება და ადამიანი, და ის ყალიბდება არა მეამბოხედ, არამედ სიმართლის დამცველად. ეს პერსონაჟი განიცდის მსოფლმხედველობრივ მეტამორფოზას, ის ირეკლავს ორაზროვან რეალობას და იღებს პიროვნულ პასუხისმგებლობას, საბოლოოდ კი 9 მარტს იღუპება და ეს სიკვდილი არ არის შემთხვევითი, ის კანონზომიერია. ყოველივე ეს რეალისტურად აღბეჭდა ლევან ხაინდრავამ. ეს რეალიზმი თავისებურია, დოკუმენტალიზმის ზღვარზეა გასული.

* * *
თომას მანი თავის ცნობილ წერილში „რომანის ხელოვნება“ ამბობს: „როცა პროზაული რომანი გამოეყო ეპოსს, თხრობა ადამიანის შინაგანი ცხოვრების, ღრმა სულიერი სამყაროს, ღრმა განცდების გამოხატვის გზას დაადგა; ეს იყო ხანგრძლივი გზა…“ ეს გზა XX საუკუნეშიც გაგრძელდა და ამის თვალსაჩინო მაგალითი თვითონ თომას მანის შემოქმედებაა.
ცხადია, XX საუკუნის დასავლური რომანი უფრო ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატვას ესწრაფვის, სინამდვილე პერსონაჟის ცნობიერებაშია ფოკუსირებული, კოლიზიები და კონფლიქტები ემპირიულ და სოციალურ სივრცეში კი არ ხვდება, არამედ ცალკეული პიროვნების ცნობიერებაში.
ლევან ხაინდრავას რომანში დაცულია ზღვარი იმ ორ სივრცეს შორის, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს. ეს არის ერთი მხრივ ემპირიული და სოციალური, მეორე მხრივ კი ცნობიერების სივრცე. ლევან ხაინდრავას „ჟამი მეექვსე“ XX საუკუნის რეალისტური რომანია. თხრობის რეალისტური ნაკადისთვის უცხო არ არის გარკვეული პირობითობის ელემენტი, რომელზეც უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებ. ასე რომ, დოკუმენტალიზმი და პირობითობა აქ თავისებურად ერწყმის ერთმანეთს. ეს მხატვრულობის თავისებური ნაზავია.

* * *

„ჟამი მეექვსეს“ სიუჟეტური ხაზი თავიდანვე შეიცავს გარკვეულ დამაინტრიგებელ ელემენტს, მკითხველს თავიდანვე აქვს საიმისო მოლოდინი, რომ რომანში „რაღაც უნდა მოხდეს“. ეს „რაღაც“ იწყება იმით, რომ ნოდარს უყვარს თავისი თანაკლასელი ნანა. თავისთავად ეს სიყვარული არაფსიმთქმელი იქნებოდა, რთული კოლიზიები რომ არ მოსდევდეს. სიყვარული უშუალოდ უკავშირდება ტოტალიტარიზმის პრობლემას. საქმე ისაა, რომ ნანას მამა მხატვარი იყო და 1937 წელს დახვრიტეს. ამ ოჯახთან ურთიერთობა ანტიტოტალიტარული მსოფლმხედველობის პირველსათავეა. ამგვარი ურთიერთობა აქვს ნოდარს თანაკლასელ დათოსთანაც. დათოს მამაც ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებს ემსხვერპლა, ბიძა კი, ქრისტეფორე მირიანაშვილი, როგორც უკვე ვთქვით, რომანის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა – ანტისტალინისტი და ანტიტოტალიტარისტი.

 

1 2 3 4