ნოდარ ბრეგვაძე იკვლევს ოცდაჩვიდმეტი წლის მოვლენებს. ყოველივე ეს წარსულში მოხდა და ამიტომაც მას არ გააჩნია სასურველი ინფორმაცია. ისიც საგულისხმოა, რომ საკუთარ ოჯახში მას ამ თემაზე არავინ ესაუბრება. ამ თემაზე საუბარი საშიშია, ვინაიდან სტალინი ჯერ კიდევ მოქმედი ფიგურაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეპრესიების ჟამი ჯერ არ გასრულებულა. და მართლაც – ნანას და დედამისს მოულოდნელად ყაზახეთში გადაასახლებენ. გადაასახლებენ ქრისტეფორე მირიანაშვილსაც, ნოდარის მეგობრის, დათოს ბიძას. ყოველივე ეს უკვე 1951 წელს ხდება. ნოდარს ნანასადმი არამხოლოდ სიყვარული ამოძრავებს, არამედ თანაგრძნობაც. ნანა საიდუმლოდ გამოუტყდება ნოდარს, რომ მამამისი უდანაშაულო იყო, მაგრამ მაინც დახვრიტეს. ქრისტეფორე მირიანაშვილთან ნოდარის დიალოგი ცალკე მსჯელობის საგანია, ვინაიდან ეს კაცი მის ერთდერთ მოძღვრად გვევლინება. ქრისტეფორე იმათგანია, ვინც მიუკერძოებლად აფასებს სტალინის ეპოქას. ის ირონიულად საუბრობს იმის თაობაზე, რომ სტალინი მეცნიერების მრავალი დარგის სფეროში ნოვატორად მიიჩნეოდა, რაც უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. ქრისტეფორეს მოჰყავს ვოლტერის სიტყვები: „ჩვენგან აღიარებას იმსახურებს ის, ვინც სიმართლის ძალით ბატონობს ჩვენს შეგნებაზე და არა ძალადობის მეშვეობით“. აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია და ნოდარ ბრეგვაძის გულუბრყვილო შეკითხვები სხვა სათქმელს აღარ აღძრავს.
მთავარი ის არის, რომ ნოდარი ყაზახეთში მიჰყვება გადასახლებულ დედა-შვილს. ის ჩასვლისთანავე ჩააკითხავს მათ და იქვე რჩება. ამ ურთულესი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ სიყვარულით არ არის ნაკარნახევი. ნოდარმა მოიპოვა საიმისო ცოდნა და რწმენა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და გადადგა კიდეც. ამ არჩევანს ის სრულიად დამოუკიდებლად (მშობლებსაც კი არაფერს ატყობინებს) აკეთებს და ამავე არჩევანის გაგრძელებაა მისი ბედი და ბედისწერა, მისი შემდგომი ცხოვრება. ეს არჩევანი იმ ზნეობრივი მრწამსის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მან შეიმუშავა.

* * *

ნოდარ ბრეგვაძე რთული სულიერი ფიზიონომიის ადამიანია. ლევან ხაინდრავა ცდილობს ირიბი შტრიხებით და ხაზებით, ცალკეული დეტალებით (პროზა დეტალების ხელოვნებაა) გამოძერწოს მისი პიროვნებისეული პორტრეტი. ნოდარმა მართლაც საოცარი ნაბიჯი გადადგა, როცა ის დაუფიქრებლად წავიდა ყაზახეთში, ის საამისოდ უკვე მზად იყო. მაგრამ ეს მზადყოფნა ნაუცბათევად არ მომხდარა.
ლევან ხაინდრავას გამოძერწილი პორტრეტი პლასტიური უნდა იყოს, ამ პლასტიკას კი დეტალების შინაარსობრივი ტევადობა და მახვილგონიერება ქმნის. ეს, რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე არ ითქმის, არის ძლიერმოქმედი და ნაკლებად ძლიერმოქმედი მონაკვეთები. და სწორედ ეს დეტალები ცხადყოფენ ნოდარის მსოფლმხედველობრივ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნას. ანტიტოტალიტარულმა შინაარსის გაკვეთილებმა დამანგრეველი შთაბეჭდილება მოახდინა ნოდარზე. ამის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ რაღაც მაინც უნდა დავამატოთ. რომანის მეთოთხმეტე თავში ავტორი წერს: „ის, რასაც ქრისტეფორე ამბობდა, ნამდვილად უდავო იყო. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ნოდარი ამის შესახებ, მით უფრო ღრმად რწმუნდებოდა, თუმცა მეორე მხრივ, მისი გული ვერ ეწყობოდა ამგვარ ლოგიკას. უფრო მეტიც, ეს ლოგიკა უცხო იყო და თითქმის მტრული მისთვის. ქრისტეფორეს სიტყვები რაღაც უჩვეულო, სულის გამყინავ სიცივეს ასხივებდა, თითქოს ნოდარმა სასტუმრო ოთახის კარები შეხსნა და იქ აკლდამას წააწყდა, მაგრამ ამ აკლდამაში რომ შეიხედა, მიხვდა, რომ აქამდე ბრმად ცხოვრობდა… მისი ცხოვრების ჰარმონია დაირღვა“.
ეს დასკვნა თუ კომენტარი მისდევს ქრისტეფორესთან ვრცელ დიალოგს, რომელიც ყაზახეთში გამგზავრებამდე გამართა ნოდარმა. გამგზავრების შემდეგ კი უფრო საფუძვლიანი და მრავლისმომცველი საუბრები იმართება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნოდარმა ყაზახეთში წასვლით გადადგა ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ თავდანწირულ ადამიანს შეეძლო გადაედგა. ეს კი მისი ეთიკური მსოფლმხედველობის სიმწიფეზე მეტყველებს. მაგრამ რადგან დეტალებზე ჩამოვარდა სიტყვა, არის სხვა შტრიხებიც, რომლებიც ნოდარის არა „დიალოგურ“ (მ. ბახტინი), არამედ მის „კათარზისულ“ (არისტოტელე) ბუნებაზე მიგვანიშნებს. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა მისი რთული სულიერი წყობის მაუწყებელია. რომანის მეთხუთმეტე თავი მთლიანად ეძღვნება კონსერვატორიაში გამართულ კონცერტს, სადაც სრულდება ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია და სწორედ აქ ეუფლება ნოდარს ზნეობრივი განწმენდის, სულიერი ამაღლების განცდა. ეს არის არისტოტელესეული კათარზისი. მის გვერდით მისივე შეყვარებული გოგონაა და ახლობლები არიან. თუმცა აქვე ისმის სნობურ-ობივატელური, პრაგმატულ-უტილიტარული ფუსფუსი, რომელიც საფუძველშივე უცხოა და შეუფერებელი ამგვარი კონცერტისთვის. „როგორ ახერხებენ მსგავს სისულელეებზე ყბედობას ასეთი მუსიკის მოსმენის შემდეგ?“ – ფიქრობს ნოდარ ბრეგვაძე და აშკარაა, რომ მთელი მისი არსება მოცულია ბეთჰოვენისეული ჰეროიკით, ღრმა ლირიზმით და სულიერი ბედნიერების მომნიჭებელი ფორიაქით. ეს ნამდვილი კათარზისია, რომლის განცდაც პერსონალურად ნოდარის ხვედრია. ნოდარის ხასიათი ეთიკური და ესთეტიკური პოლუსების შერწყმაა.

* * *
ნოდარ ბრეგვაძის ყაზახეთში წასვლამდე მოხაზულ სიუჟეტურ და კომპოზიციურ რკალში თვალსაჩინოდ ექცევა მამის ფიგურა. მამა უშუალოდ ზემოქმედებს ნოდარზე. ის ქმნის იმ ფსიქოლოგიურ და კულტურულ-ღირებულებით ატმოსფეროს, რომელშიც ყალიბდება რომანის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა კაცი. ნოდარი დიალოგს მართავს მამასთანაც, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მამა ბოლომდე გულწრფელი არ არის მასთან, ბოლომდე არ ეუბნება სიმართლეს ვაჟიშვილს. მიზეზი კი არსებობს: კონსტანტინე ბრეგვაძე პარტიული ფუნქციონერია, ფრთხილია და ამავე დროს ვაჟიშვილს მფარველობს და უფრთხილდება. საშიში სიმართლის თქმა, მამის აზრით, ნოდარის გაწირვის ტოლფასია. მშობლები, შეიძლება ითქვას, აშკარა კონფორმისტები არიან, მათი პოზიცია როგორც ვთქვით, ეთიკური რელატივიზმით არის აღბეჭდილი. ამას თვითონ ნოდარიც ატყობს და გარკვეულ დისტანციას იკავებს მშობლებისადმი. მერე კი ოჯახის გარეთ, ქრისტეფორესთან ეძებს „წყეულ“ კითხვებზე პასუხს.
მაგრამ ისიც სათქმელია, რომ კონსტანტინე ბრეგვაზე არ არის ჩვეულებრივი ფუნქციონერი, რიგითი პარტიული თანამდებობის პირი. ნოდარის მსგავსად ამ კაცის სულიერ სამყაროშიც ტრაგიკული დრამა თამაშდება. ოღონდ თუკი ვაჟიშვილი ცოდნით და რწმენით მოპოვებულ ზნეობრივ იმპერატივს აძლევს გზას, მამა ყველანაირი ძალისხმევით ცდილობს სინდისის ხმის ჩახშობას.
რომანის მეოცე, ოცდამეერთე, ოცდამეორე თავებში მთელი ეპოქის სურათია რელიეფურად აღბეჭდილი. სწორედ აქ იგრძნობა რეალისტური მხატვრული მეთოდის შეუნაცვლებლობა და აუცილებლობა. აქ კაფკასეული და ორუელისეული ზოგადი სქემა, გროტესკი, პირობითობა და ერთნიშნა პერსონაჟები სრულიად მიუღებელი იქნებოდა, ვინაიდან განსხვავებულია შინაარსობრივი კონტექსტი. აქ საგნობრივი სამყაროს ყოველი წვრილმანი და ფსიქოლოგიური ატმოსფეროს ყოველი ნიუანსი მნიშვნელობას იძენს.
კონსტანტინე ბრეგვაძეს ღამით იძახებენ რაიკომში. ის ვერ ხვდება თუ რატომ გამოიძახეს და შიში იპყრობს. ეს გაურკვევლობის სინდრომი, მუდმივი შიში, დოკუმენტური სიზუსტით არის აღბეჭდილი და უნდა იყოს კიდეც, რადგან ვინ იქცევა ხელისუფლების მორიგ მსხვერპლად, არავინ იცის.
რაიკომში მისული კონსტანტინე ბრეგვაძე რწმუნდება, რომ ის კიდევ ერთხელ გადარჩა. ვითარება სრულიად პარადოქსულია: ამ კაცს, რომელსაც დაჭერის ეშინოდა, ამჯერად როგორც ნდობით აღჭურვილ პირს, ძალადობრივი ოპერაციის შესრულებას ანდობენ. აშკარად ჩანს, რომ ქვეყანაში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო და სადამსჯელო ოპერაციის ერთ-ერთი შემსრულებელი თვითონ კონსტანტინე ბრეგვაძეა. ლევან ხაინდრავა ძალზე ზუსტად და სარწმუნოდ გადმოგვცემს ამ პერსონაჟის ორაზროვან ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ეს კაცი შვებას გრძნობს იმის გამო, რომ გადარჩა, მაგრამ ამავე დროს, უჭირს სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობა.
ისევ დეტალები, ის დეტალები, რომლებიც მკაცრია და „გაუხუნარი რეალიზმით“ არის აღბეჭდილი. კონსტანტინე ბრეგვაძე მაიორთან და ლეიტენანტთან ე. ი. სამხედრო პირებთან ერთად მიადგება მორიგი მსხვერპლის ანუ ექიმ გორგაძის ბინას. სადამსჯელო ოპერაციის მიზანია პროფესორის გადასახლება ოჯახითურთ. ლევან ხაინდრავა ყოველ ჩქამს, გაფაჩუნებას, ხმადაბალ ჩახველებას აღნუსხავს. რაიკომიდან გაგზავნილი ფუნქციონერები მსხვერპლის კარებთან დგანან. მაიორი რეკავს ზარს. ბინიდან ისმის დიასახლისის შემკრთალი ხმა. შეკითხვაზე თუ ვინ რეკავს ზარს უდროო დროს, მაიორი პასუხობს, რომ ერთ-ერთ ავადმყოფს ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება. გაისმის კვლავ შეკითხვა, თუ ვინ არის ეს ავადმყოფი. და აქ უკვე აშკარად ჩანს მაიორის წინასწარ შემუშავებული მზაკვრული ფანდი, ტყუილი, ძალადობრივი ხრიკი. მაიორი პასუხობს, რომ ამ ავადმყოფის გვარია „ღლონტი“. აშკარაა, იმისათვის, რათა ბინაში შეეღწია, მაიორმა შეიტყო ექიმ გორგაძის პაციენტების ვინაობა და ერთ-ერთი გვარი ამოარჩია. კარი, რა თქმა უნდა, იღება და მაიორი დაუყოვნებლივ შევარდება ბინაში, რომ თავის ძალადობრივი აქტი ბოლომდე აღასრულოს. კონსტანტინე ბრეგვაძე პირველად არის ამგვარი „დარბევის“ მონაწილე. მას ერთვარი ზიზღი და შინაგანი პროტესტის გრძნობა უჩნდება მთელი ამ შემზარავი ქმედების მიმართ, რომლის პასიურ აღმსრულებლად თვითონაც მოგვევლინა.

 

1 2 3 4