რუსულენოვანი ქართველი მწერლის, ლევან ხაინდრავას (1916-1996) რომანი „ჟამი მეექვსე“ იმ იშვიათ ნაწარმოებთაგანია, რომელიც XX საუკუნის საქართველოს ყველაზე ტრაგიკულ ხანას ეხება და რომლის გამოქვეყნება მხოლოდ „პერესტროიკის“ დასასრულისათვის მოხერხდა.
ეს უკანასკნელი ვითარება რომანს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს და მის მიმართ განსხვავებულ ინტერესს აღძრავს. ნაწარმოები 1958-1969 წლებში დაიწერა, გამოქვეყნება კი გაურკვეველი დროით გადაიდო. იმხანად, ცხადია, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას. ჯორჯ ორუელის „1984“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოქვეყნდა და საბჭოთა რეალობა უკიდურესად გამძაფრებული ნიშნით წარმოაჩინა. თუმცა საბჭოთა რეალობაში უფრო მეტი სიმძაფრეც არსებობდა: ამ რომანის გამოქვეყნების თარიღს (1949 წ.) 1924 და 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები უძღოდა წინ. ეს იქ არ არის მინიშნებული, ორუელს საბჭოთა ტოტალიტარიზმზე არცთუ ზუსტი წარმოდგენა ჰქონდა და ცხადია, მის რღვევასაც ვერ იწინასწარმეტყველებდა. მან ტოტალიტარიზმის მხოლოდ ზოგადი სქემა მოხაზა.
რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელიც უხეშ პროპაგანდაზე, ხელოვნურად შეთითხნილ იდეოლოგიაზე და მასობრივ ჟლეტაზე იყო დამყარებული, ადრე თუ გვიან დაინგრეოდა, მაგრამ სანამ აღსასრულის ჟამი არ დადგა, მანამდე ნგრევის თუნდაც მიახლოებითი თარიღი ვერავინ ივარაუდა. ამიტომაც ლევან ხაინდრავას 60-იან წლებში დაწერილი რომანი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იყო და არის. ეს არის მხატვრული მატიანე, რომელიც XX საუკუნის ყველაზე მტკივნეულ დროით მონაკვეთს ეხება და რომელიც დიდი რისკის ფასად დაიწერა. ეს არის მხატვრული ანალიზი ყველაზე უფრო რთული საკვანძო მოვლენებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის უსასტიკეს რეალობაში. ეს არის წიგნი, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს ბედსა და ბედისწერას, ქართველ ადამიანებს, მათ ოჯახებს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, ტანჯვებს და იდეალებს. აი, რას ამბობს მთავარი გმირის, ახალგაზრდა კაცის, ნოდარ ბრეგვაძის ერთ-ერთი მოძღვარი, სტალინური ტირანიის უშეღავათო განმაქიქებელი ქრისტეფორე მირიანაშვილი: „მე მჯერა, რომ ჩვენს ხალხში აღორძინდება მაღალი ზნეობრივი იდეალები. ეს ისევეა სარწმუნო და მოსალოდნელი, როგორც მრუმე ღამის შემდეგ გათენება… გაჩნდება გამოხატვის ახალი ფორმები, ეს ბუნებრივია, ვინაიდან XX საუკუნის შუა წლებია დამდგარი, ჩვენ ვდგავართ ღირებულებათა დიდი გადაფასების მიჯნაზე, როგორც სულიერ, ისე სამეცნიერო სფეროში. ატომის გახლეჩის საუკუნეში ვცხოვრობთ… ამის გაცნობიერება ძნელია…
დროის მონაკვეთი, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, შეიძლება ქრისტეს ჯვარცმის საათებს შევადაროთ. ის ჯვარცმულია, ადამიანები კი იქვე, მის ფერხთით, მისსავე სამოსელს იყოფენ. და საშინელება არყევს ქვეყნიერებას და წყვდიადი ეფინება მთელ დედამიწას მეექვსე ჟამიდან მეცხრე ჟამამდე. და ჩვენც დაგვიდგა ჟამი მეექვსე და არ ძალგვიძს მომავლის წინასწარი განჭვრეტა, მაგრამ განა მწუხარებით გამსჭვალული გული არ ჩაგვჩურჩულებს, რომ ხსნის დრო დადგება? და თუ ასე არ არის, მაშინ რისთვის არის მოწოდებული დედამიწის – ჩვენი სახლის ეს ენითაუწერელი სილამაზე? რისთვის არის ჩადებული ჩვენში საკუთარი ღირსების გრძნობა? ის ხომ მთავარი ძალაა, რომელიც ადამიანს ადამიანის სახეს ანიჭებს? რა აზრი აქვს მის არსებობას, თუკი ის ყოველწამიერად ტალახში იქნება ამოსვრილი?“
მაშასადამე, „ჟამი მეექვსე“ საქართველოს უკიდურესი ძნელბედობის ჟამია და ამ ჟამს ეხება ლევან ხაინდრავას რომანი. ავტორი ყოველგვარი მოიარების, სხვაგვარად თქმის და ეზოპეს ენის გარეშე ამბობს სათქმელს. ეს არის ეპიკური ტილო, რომელიც საკმაოდ ვრცელ დროით მონაკვეთს და მძიმე კატაკლიზმებს აღბეჭდავს. ამ დროით მონაკვეთში პერსონაჟთა ხასიათების არამარტო ფორმირება ხდება, არამედ მეტამორფოზაც. ყოველივე ტოლსტოის „გაუხუნარი რეალიზმის“ (თ. მანი) ნიშნით არის აღბეჭდილი.
რეალიზმი მხატვრული მეთოდია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა და თავისი არსისმიერი დანიშნულება არც მომდევნო პერიოდში შეუცვლია. ის მხატვრული თხრობის კონტექსტში დროისდა კვალად რამდენადმე იცვლიდა სახეს, მაგრამ მისი ძირითადი პრინციპები უცვლელი რჩებოდა. ცვლილებათა ხასიათს დრო, ვითარება, კონკრეტული სოციალური ატმოსფერო განაპირობებდა.
ლევან ხაინდრავამ თავის რომანს „ჟამი მეექვსე“ უწოდა, რითაც თვითონვე განსაზღვრა თხრობის ხასიათი. როგორც უკვე ვთქვით, „ჟამი მეექვსე“ ქრისტეს ჯვარცმის ჟამია, ანუ პირდაპირი მნიშვნელობით – საღამოს ექვსი საათი. მათეს სახარება გვამცნობს: „ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქვეყანა, ვიდრე მეცხრე ჟამამდე“.
ლევან ხაინდრავას რომანში აღწერილი დრო – 1951 წლიდან 1956 წლის 9 მარტის ჩათვლით – რა თქმა უნდა, ჯვარცმული საქართველოს და სრული წყვდიადის დროა, მაგრამ ეს წყვდიადი 37 წლის რეპრესიებიდან იღებს სათავეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – 1951 წელს – ვალმოხდილ და წელში გატეხილ ქართველობას სტალინური რეპრესიების ახალი ტალღა წამოეწია. გაგრძელდა გადასახლებები ყაზახეთში, ასახლებდნენ იმათ, ვისაც ოჯახის რომელიმე წევრი ოცდაჩვიდმეტ წელს ჰყავდა დაჭერილი, ასახლებდნენ ომში ტყვედყოფილებს, თითქოს ისინი საკუთარი სურვილით ჩავარდნილიყვნენ ტყვედ; ასახლებდნენ ბერძნებს. გადასახლებულებს ყოველგვარი იმედი ეწურებოდათ, ხალხში შიშის სინდრომი ხელახლა იკიდებდა ფეხს, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ; 1953 წელს დიდმა დიქტატორმა სული განუტევა და ვითარება რადიკალურად შეიცვალა. გადასახლებულები უკან დაბრუნდნენ, 1937 წელს დახვრეტილთა გამო კი ხრუშჩოვის ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა…
თითქოს მცირედი შვება იგრძნო ხალხმა, დიდი დრო არ იყო გასული და საქართველოში 1956 წლის 9 მარტს ახალი ტრაგედია დატრიალდა. ლევან ხაინდრავას ბნელი ეპოქის მომცველი თხრობა ამ ტრაგედიით გვირგვინდება. ამ ტრაგედიას ეწირება მისი მთვარი გმირი ნოდარ ბრეგვაძე, რომელიც უკომპრომისოა, ამ გაურკვეველი წყვდიადის სუფევაში გარკვევას ცდილობს და საბოლოოდ ამავე წყვდიადს ეწირება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: თბილისში ბელადისადმი გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა მოჰყვა, და უცნაურია აგრეთვე ისიც, რომ სტალინის მხარდამჭერებს სტალინისავე შემოღებული მოულოდნელი სასჯელით – ავტომატის ჯერით გაუსწორდნენ.

* * *

ამ გორდიასის კვანძივით ჩახლართული ეპოქის მხატვრული კვლევა ზნეობრივი პრობლემების აქცენტირებას გულისხმობდა. ადამიანების ზნეობრივი სახის გამჟღავნება რეალობის სრული გამოაშკარავების ხარჯზე უნდა მომხდარიყო. დრო, ეპოქა, ანტურაჟი, მიკროეპოქის თანამდევი ნიშნები გარემოსთვის ნიშანდობლივი მრავალი ტიპობრივი ნიუანსი თუ დეტალი პერსონაჟების ხასიათების ძერწვას უწყობდა ხელს და ამიტომაც ჰქონდა მნიშვნელობა. ლევან ხაინდრავა, რა თქმა უნდა, მხატვრულ ნაწარმოებს ქმნიდა და არა დოკუმენტურს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მან მიზნად დაისახა ამ მხატვრულობის მეშვეობით შეექმნა უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეპოქის სრული, ხელშესახები სურათი. ამ სურათში ჩაწერილი უნდა ყოფილიყო არამხოლოდ პერსონაჟების ცოცხალი და ცხოველმყოფელი სახეები, არამედ ფონი, საარსებო სივრცე, საგნობრივი სამყარო, ზოგადი ატმოსფერო, რეალობის დროით – კონკრეტული წყობა.

* * *

ლევან ხაინდრავას თხრობა ნათელია, მკაფიო და ამავე დროს თანმიმდევრული. მწერლის რეალიზმი ყველაფერთან ერთად ადამიანის არისტოტელესეულ იმ განსაზღვრებასაც ეყრდნობა, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანი სოციალური არსებაა.
ლევან ხაინდრავა მოგვითხრობს ზოგადად საბჭოთა დიქტატურაზე და კონკრეტულად იმ სოციალურ გარემოზე, მრავალი სპეციფიკური ნიშნით აღბეჭდილ იმ სოციუმზე, რომელიც 1937 წლის შემზარავი რეპრესიების შემდეგ ჩამოყალიბდა საქართველოში. ამ სოციუმში იზრდება რომანის მთვარი გმირი ნოდარ ბრეგვაძე. მისი პიროვნებად ჩამოყალიბების წლები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს ემთხვევა. როგორც უკვე ვთქვით, ამ პერიოდში ხელახლა იჩენს თავს შემზარავი შიშის სინდრომი, რომელსაც ცრუ პროპაგანდაზე დაფუძნებული ფარული ძალადობა წარმოშობს. 1951 წელს „ხალხის მტრად“ შერაცხილ უდანაშაულო ადამიანებს კვლავ ყაზახეთისკენ აგზავნიან, ჩრდილოეთ ყაზახეთისკენ, ფაქტობრივად ციმბირისკენ მიემგზავრებიან ეშელონები.
ნოდარ ბრეგვაძე გამჭრიახი გონების და გამახვილებული ინტუიციის წყალობით ხვდება, რომ რთულ სოციუმში უწევს ცხოვრება და იმთავითვე ცდილობს იმის გარკვევას, თუ რამ გამოიწვია ეს სირთულე, რა წნეხქვეშ უხდება ამ სოციუმს არსებობა. ნოდარი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, უფროსკლასელია და მას უკვე აინტერესებს ირგვლივ შექმნილი ვითარება, აინტერესებს, ვინაიდან უშუალო შეხება აქვს ამ გარემოსთან. ეს ახალგაზრდა კაცი ეჭვით ეკიდება ყოველდღიურ გარემოს. ეჭვის საფუძველი კი ნამდვილად არსებობს.
რომანი სკოლაში გათამაშებული სცენით იწყება. ნოდარი თავის შეყვარებულს, ნანას გამოექომაგება. ნანა შეურაცხყო თანაკლასელმა სულიკო შარაშენიძემ. ნოდარის და სულიკოს შეჯახება სკოლის კედლებშივე ხდება: სულიკო ნოკაუტირებულია და იატაკზეა გართხმული. მათ ერთ-ერთი მასწავლებელი წამოადგებათ თავზე და წარმოჩნდება ტოტალიტარული სახელმწიფოს დამსჯელი მანქანა: მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი ცამდე მართალია, დამნაშავედ შეირაცხება და სკოილიდან ირიცხება.
„რატომ ელაპარაკებოდი დირექტორს ასე?“ – შესჩივის ის დედას. „როგორ ასე?“ – ჩაეძიება დედა. ნოდარი ატყობს, რომ, ჩვეულებრივ, მეუღლესთან ან შვილებთან საუბრისას დედის სიტყვას გულწრფელობის ინტონაცია ახლავს, დირექტორთან ლაპარაკი კი სხვაგვარია – თავშეკავებული და დამთმობი. ეს ასეცაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში დირექტორი დამსჯელი ტოტალიტარული აპარატის მოხელეა. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ ნოდარ ბრეგვაძის მამა მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონერია და დედა ოჯახის სასიკეთოდ მის სოციალურ სტატუსსაც უფრთხილდება. არადა, ნოდარი საკუთარი სინდისის წინაშე მართალია: მის შეყვარებულს შეურაცხყოფა მიაყენეს და სიტყვიერი გამოქომაგების შემდეგ კი მასვე ფიზიკურად დაესხნენ თავს. არსებითად ნოდარი თავის პიროვნულ ღირსებას იცავს და ორთაბრძოლაში ამარცხებს თავგასულ მეტოქეს. მაგრამ ნოდარ ბრეგვაძე ისჯება, ვინაიდან მისი საქციელი თავისუფალი ნების მქონე ადამიანის საქციელია. ასეთი ადამიანები კი ტოტალიტარული სივრცის ყველა მონაკვეთზე ისჯებიან. აქ განმკითხავი და დამსჯელი თვითონ სახელმწიფო მოხელე უნდა იყოს და არა რიგითი მოქალაქე ანუ პიროვნება. თავისუფალი ნების გამომჟაღავნება უკვე დანაშაულია. ტოტალიტარული სახელმწიფოს ლოგიკით „გზავნილი“ უნდა მისვლოდა მასწავლებელს ან დირექტორს, გადაწყვეტილებას ის მიიღებდა და გამოტანილ სასჯელსაც დაუყოვნებლივ „მოიყვანდა სისრულეში“. ნოდარმა კი ყოველივე ეს თვითონ იტვირთა. მას სჯეროდა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო და ასე მოიქცა კიდეც. ეს ერთდროულად შეგნებულადაც მოხდა და უნებლიედაც. მას არ შეეძლო სხვაგვარად ემოქმედა, ვინაიდან ის მართალი იყო და ამავე დროს სულიკო მოულოდნელად დაესხა თავს.
დედამ გაამართლა ნოდარის რაინდული საქციელი, მაგრამ დირექტორთან საუბრისას თავისი პოზიცია სხვა ინტონაციით გაახმოვანა. ამ ინტონაციას ერთგვარი დათმობის ნოტი ახლდა. ეს ნოდარმა შენიშნა და უსაყვედურა კიდეც დედას. და აი რას პასუხობს დედა ვაჟიშვილს: „იცი რა, ნოდარ… ცხოვრება გაცილებით უფრო რთული რამ არის, ვიდრე ეს შენი ასაკის ადამიანს ეჩვენება. მას ახლავს ისეთი მომენტები, რომლებიც არ თავსდება იმ ზნეობრივ კოდექსში, რომელსაც ყოველი წესიერი ადამიანი განუწესებს საკუთარ თავს. ამას ვერ გავექცევით. გარემოებანი ჩვენზე უფრო ძლიერია და მათ უნდა შევეგუოთ. ზოგჯერ ეს ძალზე მწარეა, მაგრად გარდუვალია და თანდათან ყოველივე ამას ეჩვევი“.

 

1 2 3 4