ბრაიანს მუცელი მოეშვა, გონება გაუთავისუფლდა, ღვინისგან ცეცხლი მოეკიდა, და ამიტომ ონლაინ ორთქლს უფრო ძლიერად უშვებს. მძვინვარება ერთიმეორის მიყოლებით დაატეხა უნივერსიტეტებს, მთავრობას, სკოლებს, ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, სამოდელო კომპანიებს, შუშის ჭერს, და სატელევიზიო სივრცეში ფეხბურთისა და  სპორტის სხვა სახეობების შესახებ არასაკმარისი რაოდენობის გადაცემებს – “რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ის არის, რომ მმართველი ელიტა ბიჭებს უარს ეუბნება დაწინაურებაზე. როგორ აიხსნება, რომ ჩვენ არასოდეს შევესაბამებით სტანდარტებს, თუნდაც მართლაც საუკეთესოები ვიყოთ? 18 000 პროფესორს შორის მხოლოდ 39 თეთრკანიანი მამაკაცია.“  რა ჯანდაბაა!  #აკადემიური დაწინაურება კაცებს #მაღალი IQ  #გენიოსი #ლიდერი

ყოველი პოსტის დადების შემდეგ ბრაიანი დაახლოებით ათი წამი თავს გაცილებით ლაღად გრძნობს და მსუბუქი ეიფორიაც ეუფლება, როცა ხედავს, მის მრისხანებას ათასობით ადამიანი მყისიერად როგორ იზიარებს, მერე კი უცებ წყდება და ღრმა დეპრესიაში ვარდება. არ დაავიწყდეს – ხვალ სახეზე მშვიდი ღიმილი უნდა გადაიფინოს. ისევ ისხამს ღვინოს. ზუსტად შეუძლია განსაზღვროს, როგორ ჩაივლის ხვალინდელი საღამო: როგორც ყოველთვის, დედამისი ენას არ გააჩერებს, მამა კრინტსაც არ დაძრავს, მაგრამ ბოლოს,დედა მამას მისცემს უამრავ შენიშვნას იმის გამო, რომ ის ბევრს ლაპარაკობს. საწყალი კაცი, ხუმრობა ხომ არ არის ორმოცი წელი მატრიარქატის უღელქვეშ!  ერთხელ ბრაიანი მათ საუბარს დააკვირდა – დედამ 4.3 წუთი ილაპარაკა, მამამ კი სულ რაღაც 26 წამით მოასწრო ხმის ამოღება, ვიდრე დედა ისევ ჩაეჩრებოდა. რაც შეეხება პამელას მშობლებს, პამელას დედა მას წყალობის თვალით არასოდეს უყურებდა, რადგან თავისი ქალიშვილის შესაფერისად არ თვლიდა. ერჩივნა ალბათ, პამელას ალბათ მისივე მსგავს მუშათა კლასის წარმომადგენელზე ექორწინა. როდესაც პამელამ ის სახლში დაპატიჟა და მშობლებს წარუდგინა, დედამისი შეძრწუნებული ჩანდა. აბა რა! ასეთი სირცხვილი როგორ უნდა გადაეტანათ? მათი ქალიშვილი ცოლად მიყვებოდა ჰამსტერდში გაზრდილ კაცს, რომლის მშობლებიც ექიმები იყვნენ და ეშინოდა, რომ ამის გამო მისი ოჯახი საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა და საბოლოოდ გაირიყებოდა.

ეს მოგონება ბრაიანს ახალ პოსტს შთააგონებს. “ბიჭებო, ნეტავ ჩვენც იგივე უფლებებით და პრივილეგიებით დავბადებულიყავით, რაც ჩვენს „დიდებულ“ სამშობლოში  ყავისფერ მუშათა კლასის ქალებს აქვთ! ისინი ყველგან პატივისცემით სარგებლობენ! მიგიქცევიათ ყურადღება, თუ როგორ მიმართავენ ქალებს? „ქალბატონო“! ხოლო კაცების შესატყვისი „ბატონო“ რატომღაც არც ისე ხშირად გამოიყენება. აი, ასე გვართმევს მატრიარქატი ღირსებას, ბიჭებო! ასე გვაკნინებენ და თავს უსარგებლოდ გვაგრძნობინებენ.   #ყოველდღიური მიზანდრია

****

ბრაიანის და, მარიამი ოჯახურ წვეულებებს არასოდეს აკლდება. დედისგან განსხვავებით, ის მუდამ ინარჩუნებს სიმშვიდეს. მისი რვა წლის გოგონა, სარა-ჯეინი კი ნაადრევად მომწიფებულია და უკვე იპრანჭება კიდეც. სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან თავისი კლასის ყოჩია და ლიდერობა უკვე თავში აუვარდა.  წინა შობას ოჯახურ შეკრებაზე ის იკვეხნიდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრობას აპირებდა, რასაც იქ მყოფთა, მათ შორის კაცების აღფრთოვანებული კომენტარები მოჰყვა. რა სამარცხვინოა!  დამშვიდობებისას ბრაიანმა, ვითომ შემთხვევით, ფეხი დაუდო. გოგონას არაფერი მოსვლია, ოდნავ წაიფორხილა, მაგრამ ბრაიანმა ჭკუა ხომ მაინც ასწავლა!

რაც შეეხება ბრაიანის ძმას, ჯორჯს, ბრაინის შეფასებით, ის იძულებულია, ინტერნალიზირებული მიზანდრია აიტანოს. ერთი შეხედვით, მას ოჯახში მეორეხარისხოვანი როლიც აკმაყოფილებს. პირველ ადგილზე, ბუნებრივია, ცოლი და სამი თინეიჯერი ქალიშვილი დგანან და მასზე მბრძანებლობენ. ამავდროულად, ჯორჯი მატრიარქატსაც უარყოფს – მარტივად და გასაგებად. ის სლუკუნით წარმოთქვამს ერთსა და იმავე მანტრას: „ჩვენ მერიტოკრატიაში ვცხოვრობთ, ბრაიან! დღეს წარმატება ინდივიდის ამბიციებზე, ინტელექტსა და ნიჭზეა დამოკიდებული. ამ სამივე კომპონენტში ქალები კაცებს ჯიბეში ჩაისვამენ. აი, ესაა სიმართლე!“ ბრაიანი რამდენჯერმე შეეწინააღმდეგა ჯორჯს და უთხრა, რომ პათეტიური იატაკის ტილო და მამაკაცთა რასის მოღალატე და გამყიდველია.

მათ ოჯახს ეკუთვნის ასევე სამი ბიძაშვილი, რომლებიც მათ გვერდით სახლში გაიზარდნენ. უფროსი, როჯერი ქორწინების შემდეგ სახლში ზის და ოჯახს უვლის. მისი ცოლის, ლიზას (ახლა უკვე უფროსი აღმასრულებელი დირექტორის)  სურვილი იყო, როჯერს არ ემუშავა და ბავშვებისთვის მიეხედა. ის დროს ძირითადად სხვა მამებთან ერთად ატარებს, იოგაზე, პილატესსა და ესპანურზე დადის და სკოლის საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობს. შუათანა ბიძაშვილი, სამანტა, პატარაობისას საკმაოდ ხალისიანი ბავშვი იყო. მერე კი ამბიციებით გაიბერა და მენეჯმენტის კონსულტაციაში ფულის კეთება დაიწყო. ახლა მისი ინტერესების სფერო მხოლოდ უძრავი ქონების კოლექციის შეგროვებით შემოიფარგლება. პოპი, პედიატრი, ჯერ კიდევ არ დაქორწინებულა. მან ამ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, გეი აღარ ვარო და ნატურალობას მიუბრუნდა. ამან მისი ოჯახი საკმაოდ გაანაწყენა და მას შემდეგ თითქმის აღარ ელაპარაკებიან. მიზეზი ნათელია – აბა, რომელი პროგრესული ადამიანი გადადგამს თავისი ნებით ნაბიჯს უკან?

ბრაიანი ცდილობს, კიდევ ერთ ჭიქა ცხოვრების წითელ ელექსირს დაეწაფოს,  მაგრამ ჭიქა ცარიელია. ცარიელია ბოთლიც. ვაი, არა! ისევ? შეუძლებელია, რაღაც მისტიური ხდება – ცხადია, ბოთლის გახსნისთანავე ღვინო ჰაერთან რეაქციაში შედის და ორთქლდება. ბრაიანს ძალიან სურს, ფეხზე წამოდგეს, მაგრამ დიდი მონდომების მიუხედავად, სამზარეულოსკენ მაინც ოთხზე მიცოცავს, ყუთიდან პატარა ბოთლს იღებს და საკუთარ თავს წამოდგომას აიძულებს, რადგან ცოცვა, რაც გინდა თქვი და, მოზრდილ ადამიანს არ ეკადრება. ის მისაღები ოთახისკენ მიემართება, ასე ვთქვათ, არც ისე სწორ ხაზს მიუყვება, ან, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ზიგზაგისებურად გადაადგილდება. მოულოდნელად თავბრუ ესხმის, აზიდებს და ვიდრე სამზარეულოში დაბრუნებას და ნიჟარას გადამხობას მოასწრებს, მისგან ვულკანი მთელი ძალით ასხამს წითელი ღვინისა და გადაუმუშავებელი სპაგეტი-ბოლონეზის ლავას და პამელას საყვარელ თეთრ ფუმფულა  ხალიჩას ზედ აფრქვევს. ბრაიანი არ იბნევა, ზედ იხევს ტრუსს და პირზე იფარებს, რომ მასში გაღვიძებული ვულკანი შეაჩეროს, მაგრამ მის სასოწარკვეთილ მცდელობას შედეგად მხოლოდ ის მოაქვს, რომ თავს უარესად გრძნობს. ხალიჩა! ბრაიანი მუხლებზე ეცემა და ცრემლები სდის. ცხოვრება ნაგავია! ღმერთო! ოღონდ ახლა როგორმე სააბაზანომდე მიაღწიოს!

ეს სწორედ ის წამია, როცა პამელა ტაქსიდან გადმოდის. მან ბრაიანს მესიჯი გაუგზავნა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მოსვლია. რა გასაკვირია, ის ამ ბოლო დროს უკვე  მერამდენეჯერ აიგნორებს! ბრაიანს ძალიან ჭირვეული ხასიათი აქვს, სულ უკმაყოფილოა, სულ რაღაცაზეა გაბრაზებული, ვერ აცნობიერებს, როგორ გაუმართლა, რომ უნივერსიტეტის აკადემიური  თანამშრომელია. მას არც იმაზე აქვს წარმოდგენა, რომ ცოლი მისი ერთგული არასოდეს ყოფილა. პამელას საეჭვიანოდ ოდნავი მიზეზიც კი არ მიუცია. თუმცა, ბრაიანი რას მიხვდება – ჯერ ერთი, ის არც გონებრივი გამჭრიახობით გამოირჩევა, და მეორეც, მხოლოდ საკუთარი თავითა და პრობლემებითაა შეპყრობილი. ქმარი პამელასთვის ყოველთვის სტაბილურობის გარანტი იყო და არა სექსუალური სურვილების გენერატორი. მისი ახალგაზრდა საყვარლები კი მას სიცოცხლისკენ აბრუნებენ, ახალგაზრდობას უხანგრძლივებენ, თავგადასავლების წყურვილს უღვივებენ. მისი ამჟამინდელი საყვარელი, მისი სტუდენტი მასზე ზუსტად ოცდაათი წლით უმცროსია. ისინი ერთად კიდევ ორი წელი იქნებიან, ვიდრე სტუდენტი სწავლას არ დაასრულებს. იმ დროისთვის პამელას უკვე მობეზრებული ექნება მისი ჩამოუყალიბებელი გონება, მერე რა, რომ ის ახალგაზრდაა, რაგბის გუნდში თამაშობს და მისი დაკუნთული სხეულის დათმობა უდავოდ გაუჭირდება-აი, მაგალითად დღეს, მათ ორსაათიანი შეხვედრის განმავლობაში სექსი სამჯერ ჰქონდათ. მიუხედავად დიდი სიამტკბილობისა, პამელა ყოველთვის სიხარულით ემშვიდობება ნორჩ სექსუალურ პარტნიორს, შინ ბრაიანთან ბრუნდება და მის მომზადებულ გემრიელ სადილს სიამოვნებით მიირთმევს.  მართალია,  ბრაიანი ერთი საცოდავი ეგოსტია, მაგრამ მათ არასოდეს ჰქონიათ სერიოზული განხეთქილება. აბა, რამდენი წყვილი დაიკვეხნის ამით? თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთმანეთს მშვენივრად ეწყობიან.

პამელა გასაღებს ატრიალებს, კარს აღებს და სახლში შედის.

                                                                                                        

 

                                                            თარგმნა   დალილა გოგიამ

1 2 3