ამ წამს, გამოჩენილი ისტორიკოსი ბრაიანი (მერე რა, თუ მსოფლიოს მისი დამსახურება ჯერ არ უღიარებია)  თავის ლეპტოპში ელექტრონულ ფოსტაზე უნივერსიტეტიდან მოსულ წერილში  კითხულობს, რომ სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი „არასაკმარისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამო” მისი დაწინაურების საკითხის განხილვა კიდევ ერთი წლით გადაიდო. სოციოლოგ პამელას კი, რომელსაც ზემოთ აღნიშნულ საქმიანობაში პროდუქტიულობას  ვერ დაუკარგავ, ხოლო კრეატიულობით კი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის (ეს ფაქტი ობიექტურობის გამო უნდა აღინიშნოს, თორემ პამელასთვის ამის პირში თქმა რა აუცილებელია.), რამდენიმე წლის წინ ძირითადად ქალებისგან შემდგარმა კომიტეტმა ნაადრევად მიანიჭა პროფესორის წოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სრულიად უმტკივნეულოდ მიიღო დაუმსახურებელი ჯილდო.

დღეს უნივერსიტეტების საყოველთაო პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, როცა საქმე კვლევებს ეხება, ისინი სამეცნიერო წრეებში  აღიარებულ  წიგნებსა და სულ უმნიშვნელო ესეებს ერთ დონეზე აყენებენ, რის გამოც, ისეთი მაღალი დონის  პროფესიონალები, როგორიც თავადაა, აღარ არიან თვლიან თავს ვალდებულად,  წლები მოანდომონ ისეთი რევოლუციური შედევრების შექმნას, რომელიც თავის სფეროს ისტორიაში ახალ სიტყვას იტყვის.

რა თქმა უნდა, უარს მიიღებდა! უმთავრესად ფერადი, ლესბოსელი და ა.შ. მუშათა კლასის ქალებისგან შემდგარი უნივერსიტეტის პოლიტბიურო არ დაუშვებს მის წინსვლას და უფროსი ლექტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ მისცემს ხმას, რომ ის ახლადგამომცხვარი ინტელექტუალი დილეტანტი არ არის, რომელიც  ახალ-ახალ ესეს ყოველთვიურად კონვეირის წესით აცხობს. უფრო მეტიც, მას იმის გამო ემტერებიან, რომ ამ ყბადაღებული პუბლიკაციების ვაქხანალიაში არ ერევა! რა დაწინაურებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა უნივერსიტეტმა არასაკმარისი სამეცნიერო სტატიების გამო მკაცრი სასჯელი დაუწესა – ადმინისტრაციის დავალებით ის ბოლო შვიდი წელია, მისაღები გამოცდების რეგისტრატორად მუშაობს, რაც შაბათობით კამპუსში სიარულს ნიშნავს მაშინ, როცა მისი კოლეგები ამ გულაგიდან შორს, ხალხმრავალ ბრანჩზე მხიარულად დაბრძანდიან. მის მოვალეობაში არა მხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა აღრიცხვა შედის, არამედ თინეიჯერების დარწმუნებაც, რომ მაინცდამაინც მათ უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა. ან, უკეთ რომ ვთქვათ, მათი მშობლების დარწმუნება, რომლებიც საკუთარ ახლადდაფრთიანებულ ნაშიერს სულ კუდში დასდევენ. კაცმა რომ თქვას, გადაწყვეტილება რეალურად მშობლების მისაღებია, რადგან უფრო და უფრო მზარდი სწავლის გადასახადი სწორედ  მათ დააწვებათ კისერზე.

სამსახურში იძულებითი მარგინალიზაცია ბრაიანს აცოფებს, ხოლო როცა ის ცოფდება და მდგომარეობიდან გამოდის, უმჯობესია, ყველა მოერიდოს.  აი ამ ფიქრებშია ის ახლა, საღამოს ხუთის თხუთმეტ წუთზე, როცა მისაღებ ოთახში ზის და წითელ ღვინოს სახელად „შირაზი“ წრუპავს. ამ „მშვიდ პარასკევ საღამოს“,  ის ფანჯრიდან პატარა ბაღს გადაჰყურებს, სადაც თავის სამუშაო კაბინეტად გადაკეთებული პატარა ფარდული დგას. ორი წლის წინ ის და პამელა ამ ორსაძინებლიან სახლში, ქალაქის,  გულწრფელად რომ ვთქვათ, მათთვის არც ისე ხელმისაწვდომ რაიონში გადმოვიდნენ, რადგან პამელა გიჟდება ახლომახლო მდებარე მოდურ ღვინის ბარებსა და რესტორნებზე. პამელამ გადმობარგებისთანავე დაიკავა ყველაზე დიდი ოთახი და მიზეზიც აუხსნა: „მე შენზე მეტი წიგნი მაქვს, საყვარელო.“ ბრაიანს ხმა არ ამოუღია, რადგან შეყვარებულობის აგონიის პირველივე დღეებიდან, მისი ცხოვრების წარმმართველ ძალად და უპირველეს მიზნად პამელას ბედნიერება იქცა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ შეყვარებულობის ეიფორიიდან გამოსვლის შემდეგ მას იმდენი წყენა დაუგროვდა, რომ ვეღარ იტევს და გრძნობს, გამუდმებით როგორ თუხთუხებს. პამელა სასტიკ უარს აცხადებს ცენტრიდან მოშორებით მოზრდილ სახლში გადასვლაზე. მისი თქმით, უმჯობესია, ფული პენსიაში დააბანდონ და არა უძრავ ქონებაში. „ბრაიან, საყვარელო, იდეალური  სახლი ვიპოვეთ, არა? ორი ადამიანისთვის სრულიად საკმარისია.“ აბა რა, პირდაპირ მისწრებაა! ჯადოსნური ხედი იშლება თავისი „კაბინეტიდან“, რომელიც  პირდაპირ ნაგვის კონტეინერებს გადაჰყურებს.

ასეა თუ ისე, ესაა მისი ბუნაგი, სადაც მან მამაკაცების რესპუბლიკა შექმნა, რომელსაც თავადვე  მართავს და შესაძლებლობა აქვს, მატრიარქალური მიზანდრიიდან შორს დაიჭიროს თავი.  ხვალ მათი ქორწინების 20 წლის იუბილეა და პამელამ ამ ღირსშესანიშნავი თარიღის საპატივცემულოდ ოჯახური ვახშამი აიტეხა. რაც დრო გადის, ბრაიანი სულ უფრო ხშირად განიხილავს პამელას მიტოვების შესაძლებლობას. ნეტავ, ოდესმე  თუ გაბედავს განქორწინებას? ამ ბოლო დროს ხშირად ახსენდება საკუთარი თავი მანამდე,  ვიდრე პამელა მოცელავდა. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, მარტოსული იყო. პამელას ვინ ჩაანაცვლებს? ან სად იპოვის მის შემცვლელს? ყველა მისი  თანამშრომელი ქალი დაკავებულია, რადგან აკადემიურ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ადრეულ ასაკში ქორწინება და მერე სიკვდილამდე მეუღლის ერთგულება ახასიათებთ. თუ სასწაული მოხდა და რომელიმე თანამშრომელი ქალი უცებ მარტო დარჩა, მაინც არაფერი შეიცვლება – როგორც წესი, სექსუალურობაზე პრეტენზიას ვერც ერთი მათგანი ვერ წამოაყენებს. რომელია სექს-ბომბა! ამას გარდა, 32 წლამდე არც ერთი არაა არც მომწიფებული და არც  შვილის გამჩენი (მას ყოველთვის უნდოდა შვილები, პამელას კი არასოდეს.) თითქმის ოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში, ბრაიანს არასოდეს უნახავს თავის თანამშრომლები მჭიდროდ მომდგარ,  გამომწვევ კაბაში, ისინი რატომღაც არც მაღალქუსლიან მოდურ ფეხსაცმელს აღიარებენ. სტუდენტებს შორის მოიძებნებიან თავაწყვეტილი გოგოები,  რომლებიც იპრანჭებიან და იგრიხებიან, მაგრამ ბრაიანს ისინიც რატომღაც მოსაწყენად ეჩვენება, თანაც ასეთ თავგადასავლებს გესტაპო კრძალავს. ბრაიანს განსაკუთრებით უნივერსიტეტის გარეთ რომ იკრიბებიან ხოლმე, ის წარმტაცი გოგოები მოსწონს, კაცი ვერაფერს დაუწუნებს! რა მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ სხვაობას, მშვიდი სინდისით  დაიბუდებდა 18 წლის თვალხატულა გოგონასთან, ვისაც ჯერ ცელულიტის არსებობაც კი არ გაუგია. რა თქმა უნდა, ვერავინ გაუკონტროლებს წარმოსახვას და ოცნებისთვის არც  უფროსობის ნებართვა სჭირდება. უკვე გამოსცეს კანონი, რომელიც თავისუფლად აზროვნებას კრძალავს? არა! ვერავინ შეაჩერებს მის ტვინში აზრის დინებას, ასე არაა? ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ასეა.

სად უნდა წავიდეს,  რა წყალში ჩავარდეს, რომ ახალი პარტნიორი იპოვოს? ვულგარულ ონლაინ განცხადებებს არც კი განიხილავს, ბარებისა და კლუბებისთვის კი უკვე დაბერდა. არც ახსოვს, როდის ეფლირტავებოდა ქალი ბოლოს. ქალები ვერც კი ამჩნევენ, რაც ნორმალურია, როცა კაცი გარკვეულ ასაკს გადააბიჯებს. მორჩა, უჩინარია! იქნებ პამელასთან გაიჭედა და მასთან უნდა დაასრულოს მიწიერი ცხოვრება? ბრაიანი კიდევ ერთ ჭიქას ცლის და სამზარეულოში ჭიქის შესავსებად და მაღაზიაში ნაყიდი მუსაკას ქურაში გასათბობად გადის. ნაყიდსა და სახლში მომზადებულს შორის პამელა განსხვავებას მაინც ვერ ხვდება. სამსახური და საოჯახო მოვალეობები – ესაა, რისთვისაც კაცები იბრძვიან? ესაა, რასაც თქვენ ყველანი გათავისუფლებას ეძახით?

 

 

1 2 3