ის თეთრხალიჩიან ოთახში ბრუნდება და ზურგს სავარძლის საზურგეში მოხერხებულად რგავს. პამელამ შემოსასვლელისთვისაც კი თეთრი ხალიჩა და თეთრი კედლები შეარჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე ფეხზე არ გაიხდი, სახლში ფეხს ვერ შემოდგამ. პამელა დარწმუნებულია, რომ თეთრი ფერი სახლში მყუდროებასა და სიმშვიდეს ქმნის. ახლა ბრაინი თავს სულაც არ გრძნობს არც მყუდროდ და არც მშვიდად, – სულ ტყუილად ჰქონდა პამელას მხოლოდ სათუთად დაფენილი თეთრი ხალიჩის და ფითქინა კედლების იმედი. სიმართლე რომ ითქვას, ბრაიანი მხოლოდ პამელამ კი არა, უამრავმა რამემ დაქანცა. ეს ყველაფერი იმით დაიწყო,რომ ბავშვობაში მშობლები მის უმცროს დას კერძო სკოლის ფულს უხდიდნენ, მაშინ, როცა ბრაიანი ადგილობრივ საშუალო სკოლაში დადიოდა, სადაც გოგონებს STEM გამოცდებისთვის ამზადებდნენ, ხოლო ბიჭებს კი ჰუმანიტარული საგნების შესწავლას ურჩევდნენ. უნივერსიტეტში სწავლისას მან უცებ აღმოაჩინა, რომ მისი ლექტორების ძირითად ნაწილს ქალები შეადგენდნენ. იგივე მდგომარეობა იყო სილაბუსშიც, სადაც ჰეტეროსექსუალი თეთრკანიანი მამაკაცი მწერალი არ ჭაჭანებდა. ბრაიანს უნივერსიტეტში გატარებული სამი წლის განმავლობაში არც ერთი თეთრკანიანი მამაკაცის ნაშრომი სავალდებულო ჩამონათვალში არ უნახავს და როდესაც ამ საკითხის შესახებ თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას შეკითხვები დაუსვა, პასუხად მიიღო, რომ მათი ერთადერთი პრიორიტეტი დიდი მწერლების შესწავლა წარმოადგენდა და მათი გადმოსახედიდან, ბრაიანი თავისი უადგილო პრეტენზიებით სწავლის შედარებით დაბალ სტანდარტებზე გადასვლას მოითხოვდა. სულ ეს იყო, კამათი ამით დასრულდა! მოგვიანებით, როდესაც მასწავლებელი თავად გახდა, იძულებული იყო, სილაბუსის შესაბამისად, ქალი ავტორები ესწავლებინა, ისე, თითქოს კაცებს ქვეყნის ლიტერატურის ისტორიაში არაფერი ესაქმებოდათ.
****
ამ რამდენიმე წლის წინ ბრაიანმა სოციალური მედიის შესაძლებლობები გამოიკვლია და გადაწყვიტა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თავისი ხმა გარე სამყაროსთვის მიეწვდინა. მან შექმნა საიტი – WMLF.com, რომელზეც „თეთრი კაცების გათავისუფლების ფრონტი“ ჩამოაყალიბა და ოპერირება მსხვილი სოციალური მედიის პლატფორმებით დაიწყო. იქ უშვებს ორთქლს საერთო შეხედულებების მქონე ინდივიდებთან ერთად, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ თანამედროვე მატრიარქატის ამპარტავნება, გაბღენძილობა და მიზანდრია. ბუნებრივია, ის რეალურ სახელს სოციალურ მედიაში არ ამჟღავნებს, რადგან რისკზე ვერც სამსახურს შეაგდებს და ვერც ქორწინებას. საიტზე ის თავს ბევრად ახალგაზრდა სტუდენტად წარმოაჩენს, რადგან სოციალურ მედიას ძირითადად ახალგაზრდები ეტანებიან და უფრო დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობენ, ვიდრე მისი თაობა, მას კი სურს, თანამედროვე სტანდარტებს მოერგოს. როგორც კი საიტზე თავი ლაღად იგრძნო, ბრაიანმა ჰეშთეგებიც დასვა: #რატომ არ არის ჩემილექტორი ჰეტეროსექსუალი თეთრი კაცი # სასწავლო პროგრამის დეფემინაზია.
მისმა პოსტებმა დაუჯერებელად დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბრაინისთვის მოულოდნელი აღმოჩენა იყო ის, რომ თურმე უთვალავი თანამოაზრე ჰყოლია. მას ასობით ათასობით თანამოძმე ფოლოუერი გამოუჩნდა. ამჟამად მათი რიცხვი უკვე მილიონს აღწევს. მათ შორის ქალებიც არიან – ყველანი გაბოროტებული მჩაგვრელები როდი ყოფილან, თურმე კარგი ქალებიც მოიძებნებიან! ამ საიტის საშუალებით ბრაიანმა თვალნათლივ დაინახა, რამხელა შანსი მიეცა, მთელ მსოფლიოში სისტემური უსამართლობის წინააღმდეგ კამპანია აეგორებინა, გაეპროტესტებინა ცვლილებები, რომელმაც კაცობრიობას აუნაზღაურებელი ზიანი მოუტანა, განსაკუთრებით, კაცობრიობის იმ ნაწილს, რომელსაც თავადაც მიეკუთვნებოდა – თეთრ მამაკაცებს.
„ყელში ამომივიდა იმის ყურება, თუ როგორი მარგინალიზებულები არიან მამაკაცები ჩვენს სამშობლოში, აქ, სადაც დავიბადეთ.“ – წერს ის თავის ბლოგში. „ჩვენ არ გვაქვს საშუალება ღიად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, რადგან არ დააყოვნებენ და ბრალს ან უგნურებაში დაგვდებენ, ან მატრიარქატის ფაბრიკაციაში, ან იმაში, რომ ჩიპი გვაქვს ჩადგმული. და მაინც, ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ უამრავ სფეროში ჩვენ წარმოუდგენლად დაბალ ხელფასს გვიხდიან ან სამსახურში აყვანაზე უარს გვეუბნებიან არა იმიტომ, რომ ვინმეზე ნაკლები კვალიფიკაცია გვაქვს! ამის მიზეზი მარტივი და გასაგებია – ჩვენ ძალადობის და დიკრიმინაციის მსხვერპლი ვართ. ჩვენს ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას „გაუცნობიერებელი შეცდომა“ უნდა ვუწოდოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ქალებმა თავი დამნაშავედ არ იგრძნონ თავისივე დაწესებული შეზღუდვების გამო? რადგან სიტყვას მოყვა, სცადეთ გაიხსენოთ, თქვენმა ნაცნობმა ქალმა ბოლოს როდის აღიარა, რომ კაცები სძულს? „ყველაფერს იგონებთ,“ ცინიკურად იტყვის მატრიარქატის ბენეფიციარი. „თავი ხელში აიყვანეთ, ბიჭებო, გულმოდგინედ იმუშავეთ, მეტი ამბიცია არ გაწყენდათ, თქვენს წარუმატებლობას ქალებს ნუ აბრალებთ, რაღაც თქვენითაც ხომ უნდა მოიპოვოთ!“
ეს ჭიქა როდისღა გამოცალა? ბრაიანი სამზარეულოში ბრუნდება. იქაც ცარიელი ბოთლი ხვდება. დიდი ამბავი, ჭურჭლის სარეცხი მანქანის გვერდით ხვალინდელი წვეულებისთვის სამი ყუთი ღვინო აქვთ მომარაგებული. ბრაიანი კიდევ ერთ ბოთლს იღებს, მისაღებ ოთახში ბრუნდება და მაგიდაზე აწყობილ ფეხებს შორის იდებს, რომ ადვილად მიწვდეს. პამელა მალე შინ იქნება. ლექციებით გადატვირთული მძიმე დღის შემდეგ ის რეტდასხმული შემოვა. მძიმე დღე მისთვის ყველაზე ნიჭიერ და დამოუკიდებელ სტუდენტებთან, დოქტორანტებთან ჩატარებულ ორიოდე ლექციას ნიშნავს. მძიმე გაკვეთილები ამ კვირაში ბრაიანს ჰქონდა! დიახ, ისევ „საჯარიმო“ სამუშაოები „ჩამორჩენილებთან.“ მისი ე.წ. ჩამორჩენილი სტუდენტი თანამედროვეობის ყველაზე საჭირბოროტო საკითხის შესახებ მსოფლიოში პირველ აკადემიურ ნაშრომზე მუშაობს – ის წერს წიგნს იმ კაცების შესახებ, რომლებიც წარმატებული ქალების უკან დგანან. ესენი არიან: პრინცი ალბერტი, პრინცი ფილიპი, ფეროზ განდი, აიკ თერნერი, დენის ტეტჩერი, დევიდ ბექჰემი, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ. მისი საკვლევი თემა ეხება იმას, რომ ქალები მათი მამაკაცი პარტნიორების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის გარეშე ვერაფერს მიაღწევდნენ. ამიტომ დროა, მატრიარქატმა სათანადოდ გაიაზროს, აღიაროს, შეაფასოს და დააფასოს მამაკაცების როლი ქალების ცხოვრებაში.
ბრაიანის ლეპტოპი მხოლოდ მისი თითის ანაბეჭდით იხსნება. პამელა ისე ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომ ნებისმიერ კოდს თვალდახუჭული გატეხავს. ბრაიანს არანაირი მიზეზი არ მიუცია, რომ მას მისი ონლაინ აქტიურობის შესახებ ეჭვი აეღო, მაგრამ არასოდეს იცი, რა გელოდება, როცა კონტროლით შეპყრობილ ფანატიკოსთან ერთჭერქვეშ ცხოვრობ. ბრაიანი ახალ ამბებს ათვალიერებს. პრემიერ მინისტრი, აიეშა მოჰამედი, პარლამენტში დებატების მოწყობას გეგმავს იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის საშუალო ფენის თეთრკანიან მამრ კანდიდატთა შორტლისტი შეიქმნას, რაც მათ ეფექტურ წარდგენას უზრუნველყოფს. ვერაფერს იტყვი, იმედის მომცემი ინფორმაციაა, თუმცა, ისიც აშკარაა, რომ პროცესი დროში გაიწელება და ქალი დეპუტატები მას პოლიტიკურ მაჭანკლობასა თუ კონკრეტული ჯგუფის ლობირებაში დასდებდნენ ბრალს. ბრაიანი ჭიქას ერთი მოსმით აცარიელებს, ისევ ავსებს, შედის @wmlf გვერდზე და გაავებული ფერადკანიანი ქალი-ტროლების ღვარძლიან პოსტებს აწყდება. ცოფებს ყრიან იმის გამო, რომ ის საზოგადოებაში თანაბარი უფლებებისთვის იბრძვის. კარგად ახსოვს ის მშვენიერი დღე, როცა კასტრაციითა და გამოფატვრით დაემუქრნენ. ბრაიანი თავისი თამამოძმეებისთვის სამოტივაციო პოსტს აცხობს. მუცელი ისე ებერება, რომ ქამარი ლამისაა ზედ შემოასკდეს. ლანჩის ორი თეფში სპაგეტი-ბოლონეზე უკვალოდ როგორ ჩაივლიდა! ის შარვალს იხდის და ჰაერში ისვრის. პერანგსაც ზედ აყოლებს. აი, ასე ბევრად უკეთესია, თუმცა მაგიდაზე აწყობილ საკუთარ ფეხებს თვალს არიდებს. გული სტკივა. ეჰ, განა ასეთი ფეხები ჰქონდა? პამელა „ფეხების ქალი“ იყო, „თვალს ვერ ვწყვეტ შენს ჩამოქნილ თხელ ფეხებს, ბრაიან.“ როცა ფეხები ჯერ კიდევ უვარგოდა, სახლში ზამთარშიც კი მოკლე შორტებით დადიოდა- პამელას ბედნიერება ხომ მისი უპირველესი საზრუნავი იყო. ახლა რაც გინდა ჩაიცვას, ზედაც არავინ უყურებს. რა დასანანია, რა გვიან მიხვდა, რომ თავისი ფიზიკური მონაცემები მეტად უნდა დაეფასებინა. ახლა საკუთარი სხეულის სიძულვილი ჩაუსახლდა და შიგნიდან ხრავს. არარეალური იდეალების დევნის ნაცვლად, კაცებს ბავშვობიდან საკუთარი სხეულის სიყვარული უნდა ჩაუნერგონ. ის ამის შესახებ ახლა პოსტს წერს და ჰეშთეგით ამთავრებს: #საკუთარი სხეულის სიყვარული კაცებისთვის #შეიყვარე ფორმა რომლითაც მოხვედი #კაცები სხეულის მიმართ დადებითი განწყობით