– ს..ნტე.ეს..! (საინტერესოა) – კმაყოფილმა წარმოთქვა და ეს თეთრი, ერთი შეხედვით სრულებით უწყინარი საგანი, პირდაპირ საძილე არტერიაში ითხარა. სწორედ ისე როგორც ინსტრუქციაში იყო აღწერილი და დასურათებული. გამოცდილი ყასაბივით, თუ ჯალათივით, დანა, ენერგიულად აამოძრავა. სწრაფად, ხრაჭუნით გადაიხერხა ყანყრატო, კისრის მიდამოს შუა შორის კუნთები, კისრის გრძელი კუნთი და ხერხემლის მალებამდე დავიდა. აქ კი უმტყუნა ვერაგმა პლასტმასმა და დანა ტარში გადატყდა. გამწარებულმა უვარგისი იარაღი იქვე მშვიდად მდგარ ოფიციანტს მიუგდო. მან ბოდიშის ნიშნად ხელები გაასავსავა, “აბა, მე რა შუაში ვარო”, დამტვრეული იარაღი გურამის წინ გასისხლიანებულ თეფშზე დადო.
– კ.დევ რ..მეს ხ.მ .რ .ნებებ.? (კიდევ რაიმეს ხომ არ ინებებთ?)
გურამმა აურყოფის ნიშნად მხრები გააქნია.
– კარგი ბატონი! თქვენი ნებაა! როგორც ვატყობ, ესენი აღარ დაგჭირდებათ… – მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი და სანთებელა აიღო, – თუ ჩემი დახმარება არაა საჭირო, მაშინ სინს მოვიტან მოჭრილი თავისთვის! თქვენ გააგრძელეთ, ხელს აღარ შეგიშლით! – დაამატა და კმაყოფილი, აუჩქარებელი ნაბიჯით სამზარეულოსაკენ გაემართა.
გურამს უნდოდა შეეგინა, მაგრამ ამისთვის თავი იყო საჭირო, რომელიც ახლა უსუსურად ეკიდა კისრის ხრტილზე და ცხვრის დუმასავით თახთახებდა. გამწარებული გურამი ორივე ხელით ჩაებღაუჯა საკუთარ ყურებს და მთელი ძალით ქვევით დაქაჩა… თითქოს ძვლებმა ხორცისგან განთავისუფლება გადაწყვიტესო, კიმაღამ კანიდან ამოხტნენ. ძვლებს მოხვეული სისხლძარღვები უსაშველოდ გაიწელნენ, კაპილარებმა ამდენს ვერ გაუძლეს და დასკდნენ. გურამი უფრო ძლიერად ჩაებღაუჭა ყურებს და მკვეთრად ქვევით მუხლებისკენ დაქაჩა. კისრის არეში რაღაცამ ხმაურიანად დაიჭახანა. თავი, როგორც იქნა მოსწყდა კისერს და გურამის სხეულმა საოცარი სიმსუბუქე იგრძნო. წელში გაიმართა, მხრები გაშალა. ფეხზე წამოდგომაც კი სცადა, მაგრამ სისხლისგან გაწებილი თითებიდან მოჭრილი თავი გაუსხლტა, იატაკზე ბრახუნით დავარდა. ზლაზვნით, კალათბურთის დაჩუტული ბურთივით, ქუჩაში გასასვლელისკენ გაგორდა. იქ, კაქტუსის ქოთანს მიეყუდა და გურამს არაბუნებრივად დაყვლეფილი თვალებით მიაშტერდა. დაღრეცილი, დეფორმირებული პირიდან გადმოგდებულ ენაზე წითელი და თეთრი ბუშტუკები დაკიდებოდა. დათხვრილი სახე არაესთეტიური შესახედავი იყო. მისი ყურება არც სიბრალულს, არც შიშს და არც სიხარულს იწვევდა, მხოლოდ ზიზღს, სირცხვილს, სიბრალულს და სიძულვილს.
კაფე, “ჯუნგლები”, მოჭრილი თავი, სიხლიანი ჭერი, იატაკი და მაგიდა, სკამზე გადაწოლილი სხეული, ჩიტების ჭიკჭიკი – ყველაფერი უაზრო, ალოგიკური და გ უ ლ ი ს ა მ რ ე ვ ი იყო. წარმოიდგინა როგორ დაკიდებდა ოფიციანტი მის მოჭრილ თავს შესასვლელში… დრო და დრო დაუნთებდა კანდელს, ხოლო სტუმრები და ვიზიტიორები ღეჭვა-ღეჭვით ახედავდნენ და როგორც არაფერი, ისე გადაყლაპავდნენ ლუკმას…
– ამაში შევცდი! – უკანასკნელი აზრი, რამაც გაულევა გურამს მომაკვდავ თავში მანამ სანამ, მზერა სამუდამოდ გაეყინებოდა.
უთაოდ დარჩენილ სხეულს ძლიერმა ჟრუანტელმა დაუარა, აი ისეთმა, საშინელი სირცხილის დროს რომ იცოდა ხოლმე და უკანასკნელად იგრძნო, რომ სრულფასოვანი, ჩამოყალიბებული “დურაქი” ანუ შტერი იყო, მაგრამ ამას დღეიდან მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ტანსაცმელი გაისწორა. დასიხსლიანებულს, დათხვრილს, დაკუჭულს სუფთა მხოლოდ ჰალსტუხიღა შერჩენოდა. სხვანაირი ფერის ჰალსტუხი.
იცით, როგორი სხვანაირი? – თ ხ ლ ე ს ფ ე რ ი.
მან დაიხროტინა (ეს ალბათ ირონიულ ჩაცინებას ნიშნავდა). წამოდგა და ამჩატებული ისე გავიდა გარეთ, რომ მოჭრილი თავისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. ან რატომ უნდა მიექცია? დღეიდან ისინი ერთმანეთისთვის უცხონი იყვნენ.
მსუბუქი, ათლეტურად თავდაჯერებული ნაბიჯით მიუყვებოდა წვიმიანი ქალაქის ხალხმრავალ ქუჩას და აღარაფერი აწუხებდა.
აღფრთოვანებული გამვლელები თვალს აყოლებდნენ ამ უცნაურ, მიმზიდველ მოქალაქეს და ვერაფრით მიმხვდარიყვნენ რა იპყრობდა მათ ყურადღებას – ჰალტუხის ფერი თუ რაღაც სხვა?

 

 

 

 

1 2 3