გურამი არასოდეს ყოფილა პოპულარული.
მაშინაც კი როცა უნდა ყოფილიყო პოპულარული, ვერ გახდა პოპულარული.
– “ამდენ-ამდენი წლისა ვარ და პოპულარული ვერაფრით გავხდი! დრო მიდის, მაგრამ პოპულარული არა ვარ?! რაშია საქმე? ე.ი. ამ სამყაროსთვის ზედმეტი ვარ და შეცდომით გავჩნდი?”- ხშირად ეკითხებოდა საკუთარ თავს და ძალიან ნერვიულობდა, შფოთავდა, დარდობდა… ისე ხშირად და ისე მძიმედ განიცდიდა ამ ამბავს, რომ გადმოსაცემად სიტყვებიც კი არ მყოფნის, ამიტომ მისი ტანჯვის სრულფასოვნი აღსაწერისათვის ვ ი ყ ვ ი რ ე ბ :
– ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!
– გასაგებიაააა? არრრა?! იმისათვის, რომ თითოეული ნერვისა და უჯრედის გატოკებით შეიგრძნოთ ამ კაცის ემოციური მდგომარეობა, ერთხელ დაყვირება არ კმარა. უბედობის სიმძიმისაგან გაღვივებული სულიერი დათრგუნულობის და ფსიქო-ტრამვული მდგომრეობისაგან გამოწვეული უსუსურობის ასასახად კიდევ დავიყვირებ:
– ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე?!
ჩავისუნთქავ და კიდევ:
– ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!
ღრმად ჩავისუნთქავ, დახეთქვამდე დავბერავ ფილტვებს და ერთხელ კიდევ, მთელი ძალით:
– ე?! ე?! ე?! ე?! ე?! ე?! ე?!
…და ბოლოს ექოსავით შემოვძახებ:
– ეე-ეე!!!
დასასრულს კი ხორხისმიერი ბგერებით დავაღუღუნებ:
– ეეე!…
ახლა, ხომ სრულებით გაითავისეთ და შეიგრძენით ის ბობოქარი ნეგატივი, რაც გურამში ლავასავით დუღდა და ამოხეთქვას ლამობდა?!
უუჰ, ძალიან კარგი!
დადიოდა ეს “მზერასევდიანი” თუ “სევდამზერიანი” მოქალაქე და ქუჩა-ქუჩა დაატარებდა შფოთს, პროტესტს, ტკივილს – ყვირილი, ანუ ხმამაღლა გაჟღერება რ ც ხ ვ ე ნ ო დ ა, რადგან არ იყო პოპულარული და შეიძლება ირგვლივმყოფებს აბუჩადაც კი აეგდოთ. ამიტომ სადაც მოუხდებოდა, ყველგან წერდა, ხატავდა, ხაზავდა, ფხაჭნიდა, კაწრავდა, ასო-ბგერა – “ე”-ს. ის ასე უხმო “ბღავილით”, მხოლოდ კალიგრაფიის გამოყენებით “აყრუებდა” ქალაქს, მაგრამ მისი მაინც არავის ესმოდა.
…ითმინა, ითმინა, ითმინა, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა გურამმა, ადგა და სრულიად მობილიზებულმა, აფექტის გარეშე, მ ო ი ჭ რ ა თ ა ვ ი .
დიახ, მოიჭრა, მოიკვეთა, მოიხერხა, მოიგლიჯა, მოიწყვიტა თავი ამ ე.წ. “აქტის” პირდაპირი და ირიბი გაგებით…
ალბათ დაინტერესდით, ვინ იყო გურამი, რომელმაც თავი მოიჭრა?
ჰა – ჰა – ჰა. აი ხომ ხედავთ? თავის მოჭრამდე არავის გაინტერესებდათ მისი პიროვნება, არა?! აი, სწორედ ესაა ის რის გამოც გურამი იყო ასეთ სავალალო მდგომარეობაში.
ვინ იყო გურამი, სანამ თავს მოიჭრიდა?
გურამი დეკლამატორი იყო, უფრო სწორად, პოეტი. უფრო მეტი სიზუტზე თუ გინდათ, ის მომღერალი იყო, სახალხო მთქმელი, ტრიბუნი. სალამურზე, პიანინოსა და დოლზე განუმეორებლად უკრავდა, საოცრად უსტვენდა (მისი სტვენით მონუსხულ მეზობლის იადონს გული გაუსკდა, გამწარებული მეზობელი კი ამის მერე ინტენსიურად პარავდა დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას). საკვებზე უარი თქვა და შიმშილით თავი მოიკლა მისი ტალანტით დაბოღმილმა საყვარლის ბულბულმა, (რაც გახდა მიზეზი მათი განშორებისა), ამავე დროს მათემატიკოსიც და პოლიტიკოსიც გახლდათ. არ თაკილობდა ბიზნესმენობას, დანტისტობას, აგრონომობას, სპირიტიზმს, კარატისტობას, ფსიქოლოგობას, ფილოსოფოსობას და… მოკლედ, ყოველივე აქ ჩამოთვლილს თუ ერთად მოვუყრით თავს ცოტა ზაფრანს, ძირას, კამას, თამბაქოს კვამლს და ერთი სუფრის კოვზ აფსენტს დავამატებთ, მერე კი დავაბლენდერებთ, მივიღებთ კოქტეილ – “კვალიფიციურ ექსპერტს”… ყოველ შემთხვევაში, სავიზიტო ბარათში ასე ეწერა – “კვალიფიციური ექსპერტი” და ეს ყველაზე ზუსტი განსაზღვრება იყო მისი გაურკვეველი ინტელექტუალური, პროფესიული და სოციალური სტატუსისა…
რა მიზეზ-შედეგობრივმა საკითხებმა განსაზღვრეს ის გადაწყვეტილება, რის გამოც საკუთარ თავს “კვალიფიციური ექსპერტი” უწოდა?
მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანის სტატუსის განსასაზღვრად არსებობს შეფასების ოთხი კატეგორია:
ა) ის, რაც ჰგონიხარ სხვებს.
მე გახლავართ კვალიფიციური ექსპერტი!
ბ) ის, რაც გგონია საკუთარი თავი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ვარ კვალიფიციური ექსპერტი!!
გ) ის, რასაც წარმოადგენ სინამდვილეში.
ნეტა რანაირად და რა დამსახურებით ვარ კვალიფიციური ექსპერტი?!
დ) ის, რაც გიწერია საბუთებში.
ნეტავ/ სად წერია, რომ ვარ კვალიფიციური ექსპერტი…
რა მიღწევები ჰქონდა მას, როგორც კვალიფიციურ ექსპერტს?
გურამის, “კვალიფიციური ექსპერტის” გონებამ შვა ასეთი ფრაზა – “ადამიანი მაშინ მარცხდები, როცა ნებდები!”. ეს მან რამოდენიმეჯერ ხმამაღლა წარმოთქვა, მაგრამ ვერავის გააგონა. უყურადღებოდ დარჩენილმა და იმედგაცრუებულმა კარგად დაინახა, ჰაერში დაკიდებულმა ფრაზამ “ადამიანიმაშინმარცხდებიროცანებდები” ფრთები როგორ შეისხა, და, სავარაუდო, გამგონის მოსაძებნად გაფარფატდა.
“ადამიანიმაშინმარცხდებიროცანებდები”-მ იფრინა ქუჩებში, იფრინა ორღობეებში, იფრინა ეზოებში, იფრინა სტადიონებზე, იფრინა ყველგან, სადაც ხალხის თავშეყრის ადგილები ეგულებოდა, მაგრამ უშედეგოდ. არავინ ისურვა “კვალიფიციური ექსპერტის” ფრაზის გაგონება და შესაბამისად შემდგომი შეგონება… დაიღალა, დასუსტდა, მოშივდა, მოწყურდა, და, რაც მთავარია, გახუნდა, გაცვდა, დაკარგა ასო-ბგერები და შეიკუმშა. იქცა პირვანდელი აზრის – ლექად, თხლედ, ნაძირლად :
– ..ამ.ა.. ..ში….ც….. …. ..დები!
პატრონს სწორედ ამ სახით, სრულიად “გაბახებული”, შელახული და შეკვეცილი დაუბრუნდა.
– ამაში ცდები? რაში ცდები, იმაში, რომ ადამიანი მაშინ მარცხდები, როცა ნებდები? რა არის ამაში მცდარი? სადაა ამ ფრაზაში შეცდომა? ან ვინ ცდება? ე ს მ ე ვ ც დ ე ბ ი? – უხმოდ იჭყლეტდა ტვინს გურამი და ვერაფრით გაეგო, წარმოთქმული ფრაზისგან დარჩენილი “ლექის”, “თხლის”, “ნაძირლის” აზრი.
დღეები, კვირეები, თვეები იჯდა სახლის წინ განლაგებულ მყუდრო სკვერში, იკვნეტდა ფრჩხილებს და თავის ტკივილამდე ეკამათებოდა უმოწყალო და უხილავი ცენზორის მიერ “დამონტაჟებულ” ფრაზას, რომელიც ანცი ჩიტივით ხან მარჯვენა მხარზე შემოასკუპდებოდა და ხანაც მარცხენაზე:
– ადამიანი მაშინ მარცხდები, როცა ნებდები! – ამტკიცებდა გურამი.
– ამაში ცდები! – ნისკარტისმაგვარ “ი”-ს ცხვირში ჩაჰკრავდა ეს ლექად ქცეული ფრაზა.
– ადამიანი მაშინ მარცხდები, როცა ნებდები! – შალაბანს ურტყამდა გურამი.
– ამაში ცდები! – ბრჭყალებისმაგვარი “ა”-თი უფხაჭნიდა ტყავის ქურთუკს.
– ადამიანი მაშინ მარცხდები, როცა ნებდები! – ლამის იგინებდა გამწარებული გურამი.
– ამაში ცდები! – არც ეს ნაძირალა “ბახალა” იტეხდა იხტიბარს.
– ადამიანი მაშინ მარცხდები, როცა ნებდები! – ამტკიცებდა “კვალიფიციური ექსპერტი” გურამი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
– ამაში ცდები! – შუა “ბრჭყალს” უჩვენებდა “ამაშიცდები”.
– ადამიანი მაშინ მარცხდები, როცა ნებდები! – გურამმა ნერვიულობისგან ლამის თითების ფალანგებიც კი მოიჭამა.
– ამაში ცდები! – ფრაზა უტიფრად უყოფდა ენის მაგვარ “ე”-ს.
ბოლოს როგორც იქნა გონება გაეხსნა გასავათებულ გურამს და იკითხა:
– ეს ყველაფერი ჩემი არაპოპულარულობის ბრალია, არა?
– ფხ! – ჩაიცინა ფრაზამ და ფრთების მაგვარი “ამაშიცდები” აიჩეჩა.
– რაკი ეგრეა, მაშინ “ვსიო”! – მუშტები შეკრა გურამმა და გადაწყვიტა აღარასოდეს წარმოეთქვა ბგერები – “ა”, “ი”, “ო”, “უ”. ხმარებიდან ამოეღო ეს ოთხი ხმოვანი და ამით ეძია შური ენაზეც, მეტყველებაზეც, დამწერლობაზეც, აზროვნებაზეც და ცივილიზებულ გარემოზე.
ასეთი ნაბიჯის თუ საქციელის გამომწვევი მიზეზის ამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს – სიტყვა “პოპულარული”ამ ხმოვნებს შეიცავს.
– გ.მ.რჯ.ბ., რ.გ.რ ხ.რთ? მე .ღ.რ მ.წმს თქვენ. ენ.ს, მეტყვ.ლ.ბ.ს, .ზრვნებ.ს., დ.მ.წ.ერლ.ბ.ს დ. .მ.ტ.მ გ.დ.ვწყვ.ტე .ღ.რ ვ.ლ.პ.რ.კ. ძველებ.რ.ად დ. ვ.ლ.პ.რ.კ. .სე რ.გ.რ.ც ვ.ლ.პ.რ.კ.ბ .ხლ.!გ.ს.გებ..? (გამარჯობა, როგორ ხართ? მე აღარ მწამს თქვენი ენის, მეტყველების, აზროვნების, დამწერლობის და ამიტომ გადავწყვიტე აღარ ვილაპარაკო ძველებურად და ვილაპარაკო ისე როგორც ახლა ვლაპარაკობ! გასაგებია?) – ფურცელზე დაწერილი წინადადებები რამდენჯერმე წაიკითხა და მოეწონა მიღებული შედეგი და ხმოვნებს თანხმოვანებიც “პ”, “ლ” და “რ”-ც მიაყოლა. იგივე ტექსტი კი ასე აჟღერდა:
– გ.მ..ჯ.ბ., ..გ.. ხ..თ? მე …. მ.წმს თქვენ. ენ.ს, მეტყვ…ბ.ს, .ზ.ვნებ.ს. .მ.ტ.მ გ.დ.ვწყვ.ტე .ღ.. ვ…….კ. ძვე.ებ…დ დ. ვ..…..კ. .სე ..გ…ც ვ…პ…კ.ბ .ხ..! გ.ს.გებ..? (გამარჯობა, როგორ ხართ? მე აღარ მწამს თქვენი ენის, მეტყველების, აზროვნების, დამწერლობის და ამიტომ გადავწყვიტე აღარ ვილაპარაკო ძველებურად და ვილაპარაკო ისე, როგორც ახლა ვლაპარაკობ! გასაგებია?) – წინადადება ასე უფრო საინტერესოდ, “კრეატიულად” და მრავალმნიშვნელოვნად ჟღერდა, თუმცა, სიტყვების უკან ჩადებული აზრი გარშემომყოფთათვის შესაძლოა სრულებით გაუგებარი გამხდარიყო, მაგრამ გურამს ეს უკვე არ აინტერესებდა. მისი ისედაც არ ესმოდათ და ამასაც თუ ვერ გაიგებდნენ – “აი, დარდები!”.

 

 

 

1 2 3