– აი, დარდები! – კიდევ ერთხელ გაიფიქრა “კვალიფიციურმა ექსპერტმა”, უეცრად გონება გაუნათდა და ახალი ფრაზაც იშვა, – ურთიერთობაში მთავარია ინტონაცია და არა სიტყვები, ბგერები ან ასოები! – წარმოთქვა თუ არა ეს ორიგინალური აზრი, იმწამსვე აიქნია ენერგიულად ფრთები “ამაშიცდებიმ” და გურამს ქილერის ტყვიასავით დაახალა:
– ამაში ცდები!
– ურთიერთობაში, მთავარია ინტონაცია და არა სიტყვები, ბგერები ან ასოები! – კბილებში გამოსცრა გურამმა, ნესტოები დაბერა, ღრმად ჩაისუნთქა, და უკვე მეტყველების ახალი მისეული მეთოდით მედგრად შეუტია, – ..თ.ე.თ.ბ.შ. მთ.ვ…. .ნტ.ნ.ც.. დ. … ს.ტყვებ., ბგე.ებ. .ნ .ს.ებ.!
ამის გაგონებაზე “ამაშიცდების“ სუნთქვა შეეკრა, თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირაო, ფრთები უმოწყალოდ გაასავსავა, გონდაკარგული იატაკზე გაიშხლართა და უფერულ მრავალწერტილად დაიშალა… გურამს მრავალი წლის მანძილზე სახე პირველად გაუნათა ღიმილმა.
– ..თ. ფ.ნჯ.ნ. ყ.ვ., შ.კ…დ.ს ნ.ყ.ნ. დ. კ.ემ..ნ. მ..მე..დ.ს ნ.მცხვ…! მ.წ.ს თხ…ც თ. შე.ძ.ებ.! (ერთი ფინჯანი ყავა, შოკოლადის ნაყენი და კრემიანი მარმელადის ნამცხვარი! მიწის თხილიც თუ შეიძლება!)
კაფეში ამ სიტყვების გაგონებაზე ხანშიშესულ ოფიციანტს თვალები ცრემლებით აევსო და რატომღაც მშობლიური მთები და მიტოვებული მამა-პაპისეული სახლ-კარი გაახსენდა:
– ძმ ხრ! (ძმა ხარ!) – ხრინწნარევი ფალცეტით უპასუხა გურამს, ცრემლები სახელოთი შეიწმინდა და დიდი ფინჯნით, საუკეთესო ყავა მიართვა, მარმელადითა და შოკოლადის კრემით “გაძეძგილი” ნამცხვრის მოზრდილი ნაჭერიც იქვე დაუდო.
– შ.კ…დ.ს ნ.ყ.ნ.? (შოკოლადის ნაყინი?) – იკითხა გურამმა.
– ვ.ხ მე? (ვახ მე) – შუბლში იტკიცა ხელი ჯერ კიდევ აცრემლებულმა ოფიციანტმა, – თქვენ. ს.ტყვებ., ..მ გ.ვ.გ.ნე ტვ.ნ. ს.. .მე… დ. კ.ნ.ღ.მ თ.ვ. მ.მეჭ..! .ხლ.ვე მ.გ..თმევ.! (თქვენი სიტყვები, რომ გავიგონე ტვინი სულ ამერია და კინაღამ თავი მომეჭრა! ახლავე მოგართმევთ!)
ახალი იდეით გონებაგანათებული გურამი დაინტერესდა:
– აქ, თავის მოჭრა შეიძლება?
– მომსახურე პერსონალითვის მკაცრადაა აკრძალული!
– ჩემთვის?
– რაზეა ლაპარაკი! – ამაყად წარმოთვა ოფიციანტმა, – ჩვენ უმაღლესი კლასის კაფე – რესტორანი გახლავართ! აქ ყველაფრის მოჭრა შეიძლება, მხოლოდ ერთი პირობით – ჩვენი კლიენტი უნდა იყოთ, ანუ მანამდე რაიმე უნდა შეუკვეთოთ!
– მე უკვე თქვენი კლიენტი ვარ.
– მართალი ბრძანდებით! თუ საიდუმლოა არაა, რის მოჭრას აპირებთ? რაიმე უცენზურო, ან სექსუალური ატრიბუტი, ხომ არ არის?
– თავის მოჭრა მინდა!
– მშვენიერია! – შვებით ამოისუნთქა ოფიციანტმა, – ათი წელია აქ ვმუშაობ და ჩვენთან თავი ჯერ არავის მოუჭრია! სეზონს თქვენ გახსნით და, შესაბამისად, ბონუსებიც გექნებათ!- სიხარულისგან შეხტა ოფიციანტი.
– ბონუსები? რა ბონუსები?
– მაგალითად ამ უსახელო კაფეს თქვენი… უფრო სწორად კი თქვენი მოჭრილი თავის სახელი დაერქმება! რა გქვიათ?
– გურამი!
– “თავმოჭრილი გურამის კაფე – რესტორანი”, ან “კაფე – რესტორანი გურმის მოჭრილი თავით” ან…
– პირველი ჯობია. – შეაწყვეტინა გურამმა.
– იყოს პირველი! ნება თქვენია! – მოწიწებით დახარა თავი ოფიციანტმა, – მაგრამ გაითვალისწინეთ, გარედან რაიმე ბასრი საგანის შემოტანაზე კაფე პროცენტს მოითხოვს! ასე, რომ თუ თან გაქვთ დანა, ნაჯახი, ხერხი, ხმალი ან რაიმე ეგეთი…
– ეგეთი არაფერი მაქვს. თქვენი ინსტრუმენტებით უნდა ვისარგებლო!
– მშვენიერია! ნამცხვარს მოჰყვება არაჩვეულებრივი დანა და ჩანგალი! მართალია პლასტმასისაა, მაგრამ კარგი ხარისხისაა და რკინისას არაფრით ჩამოუვარდება! თუკი “ბისტრუგანოვს” შეუკვეთავთ, მაგ შემთხვევაში კერამიკულ დანას შემოგთავაზებდით!
– ჩემს კისერს პლასტმასის დანა დაძლევს? – დაინტერესდა გურამი.
ოფიციანტმა გამოცდილი ექსპერტივით შეაფასა გურამის ყელი, მერე გაზომა კისერი, ხელითაც მოსინჯა ხერხემლის მალები:
– უპრობლემოდ! – დაასკვნა მან, – აი, ინსტრუქციაც! – ლამაზად გაფორმებული ბუკლეტი უნიფორმის უკანა ჯიბიდან ამოიღო და გურამს მიაწოდა, – აქ საფეხურებად და დეტალურადაა აღწერილითავის მოჭრის მთელი პროცედურა, – სურათები პოპულარულმა მხატვარმა გააკეთა! ისე კარგადაა ყველაფერი აღწერილი, რომც არ გინდოდეს, მოგანდომებს აქტის ზედმიწევნით ასრულებას! – ამაყად აღნიშნა მან ბროშურა წინ დაუდო, – თქვენ თავს თვალსაჩინო ადგილას დავკიდებ!
– მაინც სად? – დაინტერესდა გურამი და ინსტრუქცია გადაფურცლა.
– ჰაჰაჰა! ეს სიურპრიზი უნდა იყოს! წინასწარ ვერაფრით გაგიმხელთ! ასეთია ჩვენი კაფე-რესტორნის პოლიტიკა!
– ახლავე თუ არ მეტყვით, მერე ჩემთვის რა მნიშვნელობა ექნება?
– თქვენ სად გინდათ?
გურამმა მხრები აიჩეჩა:
– ალბათ იქ, სადაც მოჭრილი თავი მიგორდება!
– ესეიგი გარისკავთ და ბედს მიენდობით? “კტო ნე რისკუეტ ტოტ ნე პიოტ შამპანსკოე”! თქვენ უკვე ხართ ჩემი კუმირი!
– კერპი!
– რა ბრძანეთ?
– “კუმირი” არაა ჩვენებური, კერპი უნდა თქვათ!
– ააა, ნაკითხი და ჭკვიანიც ყოფილხართ! განათლებულ და გათვითცნობიერებულ მოჭრილ თავს ოქრის ფასი აქვს! თქვენ აქაურობის ნამდვილი კერპი და სალოცავი ხატი გახდებით! და ვინ იცის ეგებ მთელ ქალაქშიც მოიპოვოთ პოპულარობა… ეეჰ! ოცნებებს რა ჯობია, მაგრამ ჯერ საქმე – ნეკროლოგს, ანუ ანხსნა-განმარტების შემცველ გამოსათხოვარ სიტყვას თქვენ დაწერთ? ეს ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუკი ყოფილი პატრონი დაწერს. ეს უფრო შინაარსიანსა და ფასეულის გახდის ექსპონატს.
– რამდენი?
– რა რამდენი? – გაუკვირდა ოფიციანტს.
– რამდენი სიტყვა უნდა იყოს?
– სტანდარტული, მაქსიმუმ ხუთასი ასო ნიშანი. მხოლოდ გაითვალისწინეთ – არა ძალადობას, არა ტერორიზმს, არა ადამიანის უფლებების შელახვას. ასევე გინების და რევანშისტული გამოხდომების გარეშე. ჩვენ ყველანაირი სიბილწის, სისხლისღვირის და ძალადობის წინააღდეგნი ვართ!
– ფურცელი?
– ინსტრუქციის ბოლოშია. საწერკალამიც მოჰყვება.
– გასაგებია. დავწერ!
– არაჩვეულებრივია! – შეხტა ოფიციანტი, – ზოგჯერ საკმეველსაც დაგინთებთ? გიყვართ საკმევლის სუნი? ალერგიული ხომ არა ხართ?
– რა მნიშვნელობა აქვს? – გურამმა მხრები აიჩეჩა, ცხელი ყავა მოსვა და კაფე – რესტორნის ინტერიერი შეათვალიერა. ირგვლივ ათასნაირი დეკორატიული ხეები და ყვავილები ყვაოდნენ, მათ შორის დაკიდებული დიდი გალიებიდან ეგზოტიკური ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. ამ ტროპიკებში ზოგან ბაობაბის მერქნით შეკოწიწებულ კედლებს ბუნების უმშვენიერესი რეპროდუქციები ამშვენებდნენ. მოკლედ, ამ ლამაზად გაფორმებულ “ჯუნგლებში” საოცარი სიმყუდროვე სუფევდა, რომელსაც მხოლოდ შემოსასვლელი კარიდან “შემოჭრილი” ქალაქის ურბანული ხედი ამახინჯებდა.
– ყველაფერი სწორედ ამ ჯუნგლოიდური სიაფანდობით გატენილ კაფეში მოხდება. – სიმწრით წარმოთქვა მან და ნეკროლოგის წერას შეუდგა, – “არომატული ფინჯანი ყავის და მსუბუქი არისტოკრატული საუზმის შემდგომ, მან (გურამმა) გადააბიჯა იმ ზღვარს, როცა არასასიამოვნო და არასრულყოფილი აწმყო, მაგიურ და ამასთანავე ალოგიკურ რეალობად იქცევა.” – მეტი ვერაფერი მოიფიქრა, ნერწყვი გადაყლაპა და დააყოლა – როცა ნაწილი მთლიანზე მეტად ფასობს, ყველაფერი კარგავს აზრს. – დაფიქრდა და წაშალა ფრაზის ბოლოში დასმული წერტილი. მის მაგივრად დასვა ძახილის ნიშანი. მერე ის კითხვის ნიშნად გადააკეთა. ესეც არ მოეწონდა და კითხვა წერტილ-მძიმეთი შეცვალა. სიგარეტს მოუკიდა და ცოტა ხანში წერტილ-მძიმე მრავალწერტილმა ჩაანაცვლა, – ესაა და ეს!
კრემიანი ნამცხვრის მირთმევის შემდგომ პლასტმასის კბილანებიანი დანა აიღო და დააკვირდა. მოეწონა მისი ნატიფი, არააგრესიული, მომრგვალებული ფორმები, ცხიმიანი რძის ფერი მბზინავი პირი, მწიფე ალუბლისფერი ტარი, ბუმბულზე ოდნავ მძიმე წონა და პოლ სეზანის ნატურმორტებზე გამოსახული დანების ფაქტურა.

 

 

 

 

1 2 3