ნუსრეთ ქესემენლი

(29. 12. 1946 – 16. 10. 2003)

ნუსრეთ ქესემენლი – ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტი, მაიაკოვსკის პრემიის ლაურეატი. თავის სამშობლოში ცნობილია როგორც, ძირითადად, სატრფიალო ლექსების ავტორი. თარგმნილია მრავალ ენაზე. მის ლექსებს დღესაც დიდი სიყვარულით ახმოვანებენ მხატვრული კითხვის ოსტატები და მისი არაერთი პოეტური ტექსტი იქცა პოპულარულ სიმღერად.

 

იყო და არა იყო რა…

 

 

ბავშვები სანამ პატარები არიან, დედის ნანას სჯერდებიან.

მერე კი წამოიჩიტებიან თუ არა, საღამოობით მამას სთხოვენ, ზღაპრები გვიამბეო.

მე კი, უმამობის გამო, სულ რამდენიმე ზღაპარი თუ ვიცი.

ერთ მშვენიერ საღამოს, ზღაპრები რომ შემომელია,

ვიფიქრე, მოდი, ახლა ჩემი ბედის ზღაპარს მოვყვები.

 

 

ასეთია ჩემი ბედის ამბავი,

დარდმა მჭამა, გული ამოიყორა…

ეჰ, რა გითხრა, ჩემი ყოფის ბილიკზე

ოდითგანვე იყო… არა იყო რა…

 

ყველა ბავშვი იყო სვებედნიერი,

და მშობლებით ამაყობდა სუყველა.

ჩვენს სახლში კი, რაც თავი და დღე მახსოვს,

ერთი იყო.. ერთი არა იყო რა…

 

ეს ცხოვრება მომეფერა ტორებით,

თოთო ვიყავ, თოთო ბავშვი, ქონდარა…

შარვალ-პიჯაკს ჩაიცვამდნენ ტოლები,

მე კი, ღმერთო, მქონდა, არა მქონდა რა…

 

ბედის ჯამი ისევ სხვა ხელს უჭირავს,

იმ ჯამიდან მეც კი შემხვდა ცოტა რამ…

ვსწავლობდი და მამით ობოლ ბიჭუნას

ეგ ნიშნებიც მქონდა, არა მქონდა რა…

 

სიყვარულმა მეც დამთუთქა ხანდახან,

ხან გამექცა, ხან თვალებში მიყურა…

გასაჭირში დოსტთაგან და ძმათაგან

ერთი იყო… ერთი არა იყო რა.

 

გზას გავუდექ დედულეთის კარიდან,

ორმა ქალმა გული გამომაყოლა…

იმ ქალთაგან, რომ დავბრუნდი ჯარიდან,

ერთი იყო… ერთი არა იყო რა…

 

ორ დეიდას, ორ მამიდას – ოთხივეს

ჩემი ნახვა სურდათ ლამაზ ცოლთანა…

ნიშნობისას ბევრი რამე მომთხოვეს,

რაღაც მქონდა… თუმცა არა მქონდა რა.

 

ასეთია ჩემი ბედის ამბავი,

დარდმა მჭამა, გული ამოიყორა.

ეჰ, რა გითხრა, ჩემი ყოფის ბილიკზე

ოდითგანვე იყო. არა იყო რა.

 

 

 

1 2 3 4 5 6