თოვლივით

 

სპეტაკ თოვლივით მოვედი მაშინ,

თეთრი თოვლივით სუფთა უბიწო.

მერე კი თოვლი გამიჩნდა თმაშიც,

მე დავიღალე,

გული კი ბიჭობს…

 

…მერე თოვლივით გაცივდა გრძნობა,

ცუდად დაბრძენდა გული თავხედი.

მერე ტრფიალიც ჰგავდა და-ძმობას,

მიტომ თოვლივით დადნი, წახვედი.

 

შენ ჩემი ხარ და ჩემგან ლტოლვილი

თუ ვერ გაძელი ცაში უმიწოდ,

თუ დაბრუნდები, მოდი თოვლივით,

პირველ თოვლივით,

სუფთა, უბწო…

 

 

პარადოქსი

 

ვინ გადაჭრა შენი ბედი,

როგორც გზა, ან უცხო ქუჩა,

აგატირა თეთრი გედი,

მერე აგამღერა ფუჭად,

შეუცვალა ყისმათს ნირი…

თან იცინი, თანაც სტირი.

 

ვინ აივსო ლხინის ჯამი,

შენი ცრემლით, კოხტა ქალო,

დაილოცა და თქვა, ამინ!

ახლა შენი დარდით მთვრალობს…

და ორ ჰანგზე მოსთქვამს სტვირი,

თან იცინი, თანაც სტირი.

 

სიყმაწვილე გაფრენილა,

როგორც ჩიტი, როგორც ქარი.

შერევია ღამეს დილა,

თან დარია, თან ავდარი,

აგრევია ლხინიც, ჭირიც,

თან იცინი, თანაც სტირი.

 

ორ ნახევარმთვარეს ქვემოთ

ორი ზღვა სდუმს და ბობოქრობს.

მაგ თვალებში ახლა, ჩემო,

იძირება გულის ოქრო…

არ ჩანს, არ ჩანს ზღვათა ძირი…

თან იცინი, თანაც სტირი…

 

შენით გული რომ იჯერეს,

გაუსინჯეს შენს ვაშლს გემო,

არც „მშვიდობით!“ – გითხრეს მერე

არც“ წამოდი ჩვენთან, ჩემო!…“

ხელში შეგრჩა გრძნობა წყვილი,

თან იცინი, თანაც სტირი…

 

 

 

1 2 3 4 5 6