ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე

 

ექვსი ქალი დაიღუპა იმ თერთმეტიდან. თერთმეტი. და ვისზეც არ ვიცით?!

ეს ჩემი შიშია, ყველაზე დიდი შიშია, ყველაზე საზარელი შიშია, ყველა ქალის შიშია.

ომში უნდა იყო კაცი. მოუკლავთ კაცი, უწამებიათ კაცი, მაგრამ ვერ გაუტეხიათ. ქალის გატეხა კი, ქალის გატეხა კი ისეთი მარტივია – ქალი ქვეყანასავით იპყრობა, მიწასავით იპყრობა, ტერიტორიასავით იპყრობა.

შემოიჭრებიან, დაგიპყრობენ, დაგიკავებენ, დაგიმორჩილებენ. რაღაა სიკვდილი?!

მხოლოდ ლანდი და აჩრდილი.

ლანდი და აჩრდილია სიკვდილი.

რჩება მხოლოდ სხეული, ნატანჯი, დაღლილი, დაშლილი. მხოლოდ სხეული რჩება.

 

 

 

 

და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ

 

(ომი დამთავრდა. მარიუპოლის ერთი მცხოვრები  გვიამბობს)

რომ გამოვდიოდით, ესენი ისე მომეკრნენ, ვინატრე, ნეტა დედა ცოცხალი-მყავდეს-მეთქი. ნეტა ცოცხალი მყავდეს, მეც ხო ასე მივეკრობოდი.

ვიღაცამ იკივლა. ისევ ცეცხლი გაგვიხსნეს?

პანიკის გარეშე-მეთქი! უკან გავბრუნდეთ! – ვიყვირე.

მაგრამ ხალხი წინ მიდიოდა. წინიდან შეკივლება.

ვერაფერიგავიგე.

-ნუ გეშინიათ, – ამათ ვუთხარი, – გავალთ.

გავედით.

გავედით და, ღმერთო, კინაღამ გული გამისკდა – ზუსტად ჩემ წინ იდგა ან დაფრინავდა? არ ვიცი.

დიდი იყო, უზარმაზარი. სამი ფრთა ჰქონდა, უფრო სწორად, სამ-სამი აქეთ-იქიდან ანუ ექვსი, ხომ? ექვსი გამოდის და ფრთებზე – სულ თვალები. და ეს თვალები ყველგან იხედებოდნენ.რამდენიმე თვალმა ერთდროულად შემომხედა.

მუხლებში ძალა გამომეცალა, ესენი კიდევ უფრო მაგრად მივიხუტე და გავიხედე და რა ვნახე, ღმერთო:სულ ასეთი არსებებია ირგვლივ, ცაზე კიდევ ცეცხლოვანი ბორბლებიდაცურავს! აი, ორი ბორბალი რომ ერთმანეთში ჩასვა და დაატრიალო, ისეა. არ ვიცი, როგორ ავხსნა უკეთესად. კიდევ არიან ოთხფრთიანები – ტანი ადამიანისა აქვთ და სახე კი ოთხი აქვთ: ადამიანის, ლომის, ხარისა და არწივის, მე მგონი.

გაქცევა მინდოდა, მაგრამ ვერ გავიქეცი. ვერც სხვებს ვხედავდი. რა იქნენ?! ასე მალე სად გააღწიეს?!

ბავშვები რაღაცას მეუბნებოდნენ. არ მესმოდა. ვუყურებდი, ვცდილობდი, გამეგო, მაგრამ არ მესმოდა.

ვიგრძენი, დამიბერა და რაღაც შხუილიც გავიგონე. თავი ავწიე.

ჩემ წინ იდგა კაცი, უფრო სწორად, ბიჭი. ფრთები ჰქონდა ზურგზე და ხელში, მე მგონი, ხმალი ეჭირა (ანათებდა და ვერ გავარჩიე). ძალიან კი მეცნო, მაგრამ ვერ გავიხსენე, ვინ იყო.

მერე ვიგრძენი, რომ ჩემ უკან ჯერ კიდევ იდგა ხალხი და გარშემოც. და ესენი კი, ბევრფრთიანები, სულ ჩვენ მოგვაჩერდნენ და ყველა და ყველაფერი გაჩერდა, გაირინდა. მერე ორფრთიანმა ბიჭმა თქვა:

-ნუ გეშინიათ! – ეს ჩვენ გვითხრა. – გული სუფთა აქვთ და ამიტომ გვხედავენ, – ეს იმათ უთხრა, ფრთიანებს.

მერე არ ვიცი, ჩვენ გარეთ გავედით. გრუხუნი და სროლის ხმა გვესმოდა, მაგრამ არაფერი დაგვშავებია. იმიტომ, რომ ის ოთხთავიანები ფრთებით გვიფარავდნენ და რუსებს კიდევ ეს ორფრთიანი ბიჭები ებრძოდნენ – ახლაღა დავინახე – ძველებური იარაღები კი ჰქონდათ: შუბები, ხმლები. და ვინც გვითხრა, ნუ გეშინიათო, ის მეთაურობდათ (არაფერს ამბობდა, საერთოდ, უხმოდ იბრძოდნენ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მთავარი ის იყო).

და მეც გამახსენდა, სადაც მენახა ეს ამათი მეთაური და თვალთ სულ ჩამომიბნელდა და ისევ ამათ ჩავებღაუჭე.

დედიკოო, – მიხაილამ.

გონს მოვეგე და:

-დედიკო, ესენი, ჩვენ რომ ხატები გვაქვს, იქიდან გადმოვიდნენ?

ყურადღება არ მივაქციე – ამათმა მეთაურმა დაიძახა, ცა დახურეთო! და ფრთიანებმა მართლა დაფარეს ცა ჩვენს თავზე.

მხოლოდ მაშინ გამახსენდა მიხაილას ნათქვამი, როცა ჩვენ უკვე სამშვიდობოს ვიყავით, მაგრამ საიდანაც მოვედით, იქ ისევ შეტაკება იყო.

ჩანთიდან მთავარანგელოზების ხატი ამოვიღე.

ხელში ჩარჩოში ჩასმული ცარიელი ფურცელი შემრჩა, მოოქროსფრო ფონი.

-დედიკო, – მიხაილამ სახელოზე მომქაჩა, – ის ბიჭი ჩვენთან ერთად რატომ არ წამოვიდა?

-ვინ ბიჭი?! რას ამბობ?! – უცებ ისე შემეშინდა. ფიქრადაც ვერ დავუშვი იქ ბავშვის დაკარგვა.

-აი, ვინც გამოგვიყვანა. იცი, როგორ ეცვა? აი, როგორც ხატებზე აცვიათ. დმიტრომ ჰკითხა, არ გცივაო? მე ვუთხარი, ჩემს ქურთუკს მოგცემ-მეთქი, მაგრამ არ გამომართვა. სულ წინ მიდიოდა და ხალხს ეხმარებოდა. ვერ დაინახეთ? პავლოს დედა აპოვნინა.

მე წამოვხტი და ხატი კი ჩემს ფერხთით დავარდა და ხმაზე რომ დავხედე… უცებ მივხვდი: მარტო მთავარანგელოზები არა, იქ არც ყრმა ქრისტე იყო, იქ, ზუსტად შუაში…

 

 

 

 

1 2 3