დეცენტრალიზაცია წლების განმავლობაში  მიმდინარე ურბანული  ტენდენციაა, რომელიც გარკვეულწილად ლიტერატურაშიც შეინიშნება.  თამთა მელაშვილის ახალ რომანში: „შაშვი შაშვი მაყვალი“ მოვლენები  რეგიონში, თერჯოლასთან ახლოს ხდება.

მწერალი თავის მესამე რომანში აგრძელებს ქალის გარკვეულწილად ტაბუირებული პრობლემების ზედაპირზე გამოტანას.

„შაშვი შაშვი მაყვალში“ 48 წელს მიღწეული, მენოპაუზის დასაწყისში მყოფი ქალის ცხოვრებაა აღწერილი.

რომანის დასაწყისშივე მაყვლის საჭმელად წასვლა, რაც კინაღამ რიონში დახრჩობით დამთავრდა, ერთგვარად ინიციაციის პორცესია. მას ეთეროს ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებული ცვლილებები მოჰყვა. მდინარის პირას მაყვლით მოთხვრა რიტუალური პროცესია, რაც სიმბოლურად შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც მინიშნება დეფლორაციაზე, რომელიც იმ ღამეს უნდა მოხდეს.

რომანი თავიდან ბოლომდე ცნობიერების უშუალო მონაცემებია – მთავარი გმირის შინაგანი მონოლოგია. არ ვიცით როგორ გამოიყურება ეთერო, მთავარი გმირის ხატს მისი საუბრის მიხედვით ვიქმნით. შინაგანი მონოლოგის ხმას ვუსმენთ და ჩვენს წარმოსახვაში ხორცს ისხამს გმირი. როგორც წესი,  მწერლები მთავარ გმირს ერთი-ორი შტრიხით მაინც ახასიათებენ ხოლმე. აქ კი გმირი ისეთია, როგორსაც მკითხველი წარმოიდგენს, ყველას თავის ეთერო ჰყავს, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიცნობთ ან  ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევხვედრილვართ, მისი სიხარულები და ტკივილი გვიგვრძნია. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანის საზოგადოებრივ აზრთან ჩუმი, საკუთარ თავთანაც გამოუტეხელი შეჭიდება, არასდროს ჩვენი  პრობლემა არ გამხდარა.

 საზოგადოებას გარიყული ჰყავს ასეთი ადამიანები და მათი ქცევის კოდექსი და ყალიბი წინასწარ შემუშავებული აქვს. შუახნის შინაბერა მხოლოდ ასეთი უნდა იყოს. ის ასე და ასე უნდა იქცეოდეს. მისთვის გამზადებული როლი უკვე გაწერილია. ან ჩაჯდება ამ როლში, ან აუცილებლად ბულინგის და მითქმა-მოთქმის სამიზნე გახდება. ძალადობა იმდენად ძლიერი სისტემის ნაწილია, რომ მარტოქალის კვეთება ამ ტირანულ საზოგადოებრივ აზრთან თითქმის შეუძლებელ ძალისხმევას მოითხოვს. წყენას ის შიგნით იგროვებს. ასე გადის მისი ცხოვრება. წყენა იზრდება და  ერთი დიდი მონოლოგის სახით ამოხეთქავს. ეთერო თავად არის მომხრე, რომ არ გამოხატოს შინაგანი პროტესტი. შიშის თუ  სხვა კომპლექსების და ბავშვობის ტრავმების გამო, თვითონვე სულ სხვების უკან იყენებს თავს. გარკვეულწილად მოვლენების დრამატიზირებასაც ახდენს.  მისი მონოლოგის ზოგიერთი ნაწილი თავის მართლებაა საზოგადოების წინაშე.  თუმცა, როცა ხვდება, რომ უმეტესწილად ამას აზრი არა აქვს, თავის მართლებასაც თავს ანებებს, ხმამაღლა აღარ გამოხატავს საკუთარ  პოზიციას.  ამის გამო ზოგიერთ საკითხზე შეიძლება არასწორი, არაჯანსაღი შეხდულებაც აქვს ჩამოყალიბებული.

თითქოს თავისუფალია და საკუთარ თავსაც არწმუნებს, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს. წლების განმავლობაში საკუთარი სამყარო კი შეიქმნა, მაგრამ მისი ეგო ჩანაცვლებულია ხალხის თვალსაზრისით, მისი ეგო „რას იტყვიან მეზობლების“ გავლენით მოქმედებს. სტერეოტიპები ცარიელ ადგილას არ ჩნდება. მას მყარი კონკრეტული საფუძველი აქვს და სისტემურად არის უზრუნველყოფილი.

ყველაზე დიდი მტერი ეთეროსი, არის მწირი განათლება. სწორედ  განათლების ნაკლებობა ქმნის იმ მთავარ ბარიერებს, რის გადალახვასაც ვერაფრით ახერხებს და რაც ხელს უშლის  საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად. ეთერო საზოგადოებაში მიღებული სტანდარტის მიხედვით არ ცხოვრობს, ის გამონაკლისია, ის უმცირესობაშია, ამიტომ  გარიყულია.

 ამ წიგნმა რატომღაც ჰიჩკოკის „ჩიტები“ (1963 წ.) გამახსენა. ამ ფილმში ფრინველები, ეს  უწყინარი,  ღუნღულა არსებები,  სასტიკი მკვლელები ხდებიან. ისინი ყველგან იჭრებიან და დაუნდობლად, სასიკვდილოდ კორტნიან ადამიანებს. დიახ, ზუსტად ასეთია საზოგადოებრივი აზრი. კარს დაკეტავ – ფანჯრიდან შემოდის, ფანჯარას დაკეტავ – კედელს გამოანგრევს. ესაა სტერეოტიპები,რომლითაც პიროვნების გარშემო მტკიცე სისტემური გარსი იქმნება. საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულება  იმდენად ძლიერია, იმდენად თრგუნავს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, რომ მას ნამდვილ მსხვერპლად აქცევს. ასე იბადება ვერ გამოვლენილი, დათრგუნული პროტესტი, სხვისთვის მიძღვნილი და სხვათა აზრს მორგებული ცხოვრება. რას გვიყვება სინამდვილეში  მთავარი გმირი? რატომ არ ესმით გარშემომყოფებს მისი? სინამდვილეში რა არის ადამიანის ბედნიერება? მკითხველი უნებურად ჩაფიქრდება ამ კითხვებზე.

გმირის ტრავმული ხატი ნეგატიური, სტრესული გამოცდილებიდან მომდინარეობს: „თითქოს რაღაცა თავისუფალი ვიყავი, გამოთავისუფლებული. ჩემთვის ვიყავი. იქნება მარტო იმიტომ, რო თავიდანვე ვიცოდი, კაცი რა არის? რო კაცი მოვლაა, ზრუნვა, თავზე გადაგება და მეტი არაფერი? იქნება იმიტომ, რო ჯერ კიდევ მთლად ბავშვი მამაჩემის და ჩემი ძმის მსახური ვიყავი, მაგათი მრეცხავი და მზარეული? იქნება იმიტომ რომ მკვდარი დედაჩემი ჩავანაცვლე. თავიდანვე კაცების მოვლით, ზრუნვით, რეცხვით და წმენდით?“

რომანში ეთეროს მოგონებები წარსულის შრეობრივ არეალში  ეტაპობრივად ხსნის ახალ წრეებს,  იმ შთაბეჭდილებებს და შეხედულებებს, რომელიც არ გადაიხედება და ერთხელ და სამუდამოდ გაქვავებული სახით არსებობს ნარატორის მეხსიერებაში. გმირის მიერ წარსულის გათავისება, ხელახლა აღქმა ყოველთვის დისკრეტულია. აღქმის პროცესი წყვეტილია და განსაზღვრულ რიტმს მოიცავს.  წარსული ისეთია, როგორსაც ეთერო აღიქვამს, ფრაგმენტული, მონტაჟური, თან სელექციური ჩაბნელებებით. ეს წარსული მხოლოდ ეთეროს საკუთრება არ არის, ეს მთლიანად – ქართველი საზოგადოების 80-90-იან წლებში გამოვლილი ისტორიაა.

 ამგვარად, გარშემომყოფთა აზრი ეთეროსთვის არათუ უბრალოდ მნიშვნელოვანია,   მთელი ცხოვრება მასზე აქვს  მორგებული. „რას იტყვის ხალხი“ – ყველა მოვლენისა და საქციელის გამსაზღვრელი და ამოსახსნელი კოდია.  ეთერო არის ტყვე საზოგადოებრივი შეხედულებებისა და ტყვე  საკუთარი აღქმებისაც. . საკუთარ ცხოვრებას ისე წარმართავს, ხალხის აღქმაში რომ იყოს  გამართლებული. მისი პროექტი, მისი შინაგანი ამბოხი მხოლოდ მონოლოგებში ჩანს, საკუთარ ქვეცნობიერში ჩაბრუნებული მტკივნეული ფრაზებით.

 

 

1 2