საზოგადოებისგან ნაგულისხმევი ცენზურა, ტაბუდადებული თემების  ანალიზი და ალტერნატიული გზების ძიება ეთეროს სუსტი მხარეა. ის არ არის თავდაჯერებული ადამიანი, ან ვერ ახერხებს იყოს ასეთი. ის იქცევა როგორც მსხვერპლი, რადგან მართლაც გარემოცვისა და საზოგადოების სტერეოტიპების მსხვერპლია. მაგალითად, რადგან თამარაშენში ცხოვრობს, ადვილად მიაკერეს “იარლიყი” – ოსიაო.

 ეთეროს რეპრესიების საკომპენსაციოდ, ცხოვრების პროექტად სიბერის დაგეგმვაღა დარჩენია. აწმყოში მისი ცხოვრება გარეგნულად შეიძლება მშვიდი და გაწონასწორებულია, მაგრამ რიგ შემთხვევაში, საზოგადოების მიმართ ის შინაგანადაა უნდობლად და აგრესიულად  განწყობილი.

  ეთერო ექიმთან ვიზიტის დროს, როდესაც მისთვის სრულიად მოულოდნელ ამბავს გაიგებს, პირველს ამას ფიქრობს: „მარა, რას მეუბნებიან? რას ბოდავენ? რას დამცინიან? მასხრად მიგდებენ, რო ამათ თვალში სოფლელი ვარ, სოფლელი ქალი პირველად მოვედი ექიმთან, შეშინებული…“

  ერთადერთხელ ამბობს სიტყვას: „შვილს“ და ეს წინმსწრებად ქვეცნობიერის ძახილი აღმოჩნდება; იმ ქალის შინაგანი ხმა, რომელმაც მთელი ცხოვრება ნაჭუჭში დამალულმა გაატარა, რომელიც კულისებში ჩუმად იდგა და იქიდან აკვირდებოდა მოვლენებს. და აი, ერთხელ ამოიღო ხმა, ზუსტად ერთხელ, მხოლოდ ერთხელ – ჩუმად, ძლივსგასაგონად.

შუა ხნის ადამიანის სქესობრივი ცხოვრება, მისი სექსუალობა საზოგადოებისთვის მიუღებელია. „გინეკოლოგთან ქალიშვილი ქალი როგორ მივსულიყავი? ქალიშვილი გოგო  და ქალი გინეკოლოგთან არ დადის, არა! მივიდოდი და რას იფიქრებდნენ? ვის დავუმტკიცებდი პატიოსნებას? გინეკოლოგთან ან ორსული მიდიხარ ან მკვდრად გადადებული და ისე მისულს ხალხის პირიდან რა ამომიყვანდა, ერთი მითხარი?“

 შაშვი მშიშარა, ფრთხილი ფრინველია, ღია ადგილებს თავს არიდებს და დროს მეტწილად ბუჩქნარში ატარებს. თითქოს ეთეროც  ესეთია. მოკრძალბულად ცხოვრობს და დედაქალაქშიც არ უყვარს ჩასვლა: „როგორ მეზარება ეს თბილისი, როგორა მზარავს, თერჯოლა მიყვარს  და ქუთაისი. მარა რანაირად მძულს თბილისი, ღმერთო! როდის ვიყავი ბოლოს აქეთკენ? აღარც კი მახსოვს. საბითუმოებს რო ვეძებდი მაღაზიისთვის, ასი წლის წინათ. დავდიოდი გზააბნეული ამდენ ადგილას, თავსა და ბოლოს ვერ ვუგებდი ამხელა ქალაქს. ჩემ მოტყუებას ცდილობდა დიდი, პატარა, თავგზას მიბნევდა. გულს მიწვრილებდა ამდენი ხალხი, მათი ხმაური“

 მთავარი გმირისთვის ბევრი რამ, საკუთარი საქციელის ჩათვლით, იმდენად უჩვეულოა, რომ  მხოლოდ ფილმში ნანახ კადრებთან თუ ასოცირდება:

„მე სასტუმროში პირველად ვარ, თავი კინოში მგონია, რატომ არ ვიცი. კინოში რო ტიტველ ტანზე ქალები წაიხურავენ საბანს, აი ეგრე ვარ“

„ფარდას ვაფარებ. არავინ მოვა ასე გვიან, კიდე ვინ მოვა? მოვა და დავმალავ უცებ, ტახტში შევაძვრენ. კინოში როა, ეგრე დავმალავ“.

 ეთეროს წარსულიც კინოკადრებივითაა და მთელი აწმყო გადის ამ კადრების გადალაგება-გადმოლაგებაში. წინ სიკვდილიღაა და მზადებაა ამ სიკვდილისთვის: „რა იყო ჩემი ცხოვრება, აბა მითხარი! წამში გაირბინა. ვინმეს რო ეთქვა, აბა, ეთერო, შენი ცხოვრება მომიყევი, რას მოვყვებოდი? სიბერის გეგმვას? საყვარელი რო გავიჩინე ბოლო დღეებში, ან იქნებ მაგას? სხვის სამსახურში რო გავატარე ყმაწვილქალობა? რას მოვყვებოდი? სხვა რა იყო ჩემი ცხოვრება? თავგადასავალი?“

ის კი არადა, ასეთ დეტალებზეც ფიქრობს: შემთხვევით,  რიონში რომ დაიხრჩოს, როცა იპოვნიან, როგორი საცვალი ეცმევა. როცა თბილისში მიემგზავრება, სხვების დასანახად „ვენოკს“ ყიდულობს,  თავისი ნამდვილი ვიზიტის მიზეზი რომ დამალოს. „ახლა იმას ვფიქრობ, აქ რა ვთქვა, აქაურ სვავებთან, რატო მივდივარ თბილისში. ამათთან რომელი ამბავი დავტოვო…“  ყოველ ნაბიჯზე  უწევს, გამოიგონოს ან დამალოს რეალობა – გარეშე, უცხო თვალი მოატყუილოს და ცნობისმოყვარეთა მზერა აირიდოს. მაგალითად, თბილისში სასტურო ვითომ  ნაცნობისათვის აინტერესებს. .

 ეთეროს კლიმაქსი კიბო ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში ორსულად არის. ზოგიერთი მისი მონოლოგის პასაჟი ღიმილსაც კი იწვევს: „ეჰ დომნა დომნა … ჩირი და ჩურჩხელა კაი იყო, მარა ხორცს კი არ აკარებდა პირს. არც ძროხა ჰყავდა, არც ქათამი. ასეთი ხორცის სულარმჭამელი იმის მერე აღარც მინახავს. რა ქვია მაგას, რა დაარქვეს? ვეგანი თუ ვეგეტარიანელი. რაც არი. რაღას აღარ მოიგონებენ“

ან: … „ახლა ვხედავ ესეც პატარა გოგოა, ალბათ ოცდაათის, ისე, შეიძლება ოცისაც იყოს და ორმოცისაც, ამათ ხო ისე აქვთ სახე დაჭიმული, ასაკს კი არა, ვერც გაარჩევ ერთმანეთისგან“…

რომანის ფინალში მათხოვრის გვერდით ყოფნა დამალვის და ხალხისთვის მოგონილი ლამაზი ტყუილების ლოგიკური გაგრძელებაა. ეთეროს ადგილი არსად არის. მას ისღა დარჩენია, ბოლომდე დაიმალოს – გაქრეს. როგორც შაშვი მაყვლიანში, ისე იმალება  მათხოვრის გვერდით. შიში იმისა, რომ კარგავს  როლს, რომელიც საზოგადოებამ მიანიჭა, ძალიან დიდი სტრესია.  ეთეროსთვის სწორედაც რომ სიკვდილის ტოლფასია პირველი სექსი ან ინფომაცია იმის შესახებ, რომ ორსულად არის. სიკვდილივით ზარავს იმის წარმოდგენა, თუ როგორ აღიქვამს ამ ფაქტს  საზოგადოება. ბავშვობის ტრავმებისგან გათავისუფლება სულაც არ არის  იოლი, როდესაც ამ ტრავმების გამომწვევი მიზეზები კვლავ აგრძელებს არსებობას.

„შაშვი შაშვი მაყვალი“ წმინდა ქართული რომანია. ის ჩვენი ყოფიერების ჭრილში აღიქმება. ეთეროები ჩვენს გარშემო არიან, მაგრამ რამდენად გვესმის მათი ხმა? მოცემული თემა დიდი მოზაიკის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია,  რომელიც გაცილებით ღრმად და რთულად აღსაქმელია.

თამთა მელაშვილის რომანი არ არის ფემინისტური თემების უბრალო ილუსტრირება. აქ გულიდან ამოხეთქილი, გულწრფელი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი პერსონაჟის  მონოლოგი უწყვეტ ნაკადად მოედინება დინამიზმის, მუსიკალობისა და რიტმის შეგრძნებით.

 მონოლოგი სტრუქტურულად ერთი მთლიანი სხეულია. ტექსტის მხატვრულობა უდავოა.  ენობრივი  ქსოვილი გამრავალფეროვნებულია, თუმცა  კითხვის დროს რიტმულ მთლიანობად შემოედინება ჩვენს  წარმოსახვაში.

                                                                                                                   

 

 

1 2