მე ვარ სნობი
მე ვარ სნობი…
მე ვარ სნობი
და ეს ნაკლი არ მეთმობა!
ეს მოითხოვს, თვეობით,
შრომას და გამძლეობას,
მაგრამ ბოლოს, შედეგით
კმაყოფილი ვრჩები!
მე ვარ სნობი,
უსაზღვროდ სნობი!
და მყავს მეგობრები,
ჩემსავით სნობები!
ჩექმები – ტყავის,
ბამბის პერანგი,
ჰალსტუხი – შავი,
ქურთუკზე – ჩრჩილი ვერაგი!
ბეჭდებს ვიკეთებ
ფეხის თითებზე!
ფრჩხილები – მუქი
და ცხვირსახოცი – ფაფუკი.
ფილმზე შევდივარ
მხოლოდ შვედურზე!
ბისტროში, ვისკის
უზომოდ სასმელად ვიცლი.
არ მტკივა ღვიძლი –
მოძველდა, ვიცი.
ვამჯობინებ წყლულს,
ძვირს და ნაკლებად ბანალურს!
მე ვარ სნობი…
მე ვარ სნობი,
პატრიკ, მეტსახელად ბობი.
დილით, ჯირითს ვესწრები –
ცხენის სუნზე ვეცემი!
ვხვდები მხოლოდ იმ ქალებს,
ვინც დიდ გვარს ატარებს!
მე ვარ სნობი,
უზომოდ სნობი!
გავშიშვლდები სუსხში
და სიყვარულს ვუხსნი!
ყოველ პარასკევს
(ერთსაც არ ვაცდენ!),
ჩემს მეგობართა
დიდ სნობი-ფართის ვმართავ.
ვერ ვიტანთ “კოკას”
და მაინც მოგვაქვს!
ხოლო “კამამბერს”,
კოვზით გეახლებით ბევრს!
ჩემს ბინას, წარმტაცს,
ეშხი აქვს მართლაც –
ვთბები ალმასზე!
ვინ არ ოცნებობს ამაზე!
ეს აბეზარი
ტელევიზორი
შევატრიალე –
უკნიდან უკეთ პრიალებს!
მე ვარ სნობი…
მე ვარ სნობი,
გამჯდარი მაქვს ეს მიკრობი!
ვამტვრევ ძვირფას მანქანებს,
ზაფხულს ტახტზე ვატარებ…
ასეთ წვრილმანებზე ცნობს
ხალხი ნამდვილ სნობს!
მე ვარ სნობი,
წეღანდელზე მეტად სნობი!
და სუდარა მინდა
მხოლოდ “დიორიდან”!
ფრანგულიდან თარგმნა
ბაჩანა ჩაბრაძემ