მხიარული ყასბები

 

ეს ტანგოა მხიარული ყასბების,
სასაკლაოს ჯალათების ნაღარა.
ჭამეთ წვივი, ნეკნები და ფაშვები,
ხვრიპეთ სისხლი, ხვრიპეთ, სანამ გამხმარა!

სისხლი ვღვაროთ!

რომ ხალხს ხორცი არ აკლდეს,
მსუქანი გაბაყბაყდეს,
გამხდარი კი დანაყრდეს,

სისხლი ვღვაროთ!

რომ საყასბოს პატრონის
ჯიბეს ფული ათოვდეს,
ძაღლს კი ძვალი ართობდეს,

სისხლი ვღვაროთ!

ტყავი უნდა გავხეხოთ,
თავი ცეცხლზე გავხუხოთ,
ფეხები კი დავხერხოთ,

სისხლი ვღვაროთ!

ხორცი ხორცზე დავაწყოთ,
ჭამით სული გავაცხოთ
და ჭიები გავაძღოთ,

სისხლი ვღვაროთ!

ეს ტანგოა მხიარული ყიჟინა
ჯარისკაცის, ვინც ომებით გაერთო,
ვინც მკვლელობით თავი გამოიჩინა,
ეს ტანგოა, ტანგო მესაფლავეთა.

სისხლი ვღვაროთ!

ჩახმახს თითი გამოვკრათ,
სხვისი დღენი ვამოკლოთ,
გამოვშიგნოთ, გამოვხრათ,

სისხლი ვღვაროთ!

რომ ტყვიებმა წალეკოს,
ცეცხლის ტალღამ წაიღოს
ყველა, თუნდაც ძმა იყოს.

სისხლი ვღვაროთ!

და თუ ამას არ ვიზამთ,
თუ გულმა ვერ გაგვიძლო,
თვით გავხდებით სამიზნე.

სისხლი ვღვაროთ!

ხვალ, ნისლი რომ ადგება,
ჩვენი ჯერიც დადგება,
თვალში ბინდი ჩადგება…

აჰა, შენ, კუპატი! კუპატი! კუპატი!

 

 

1 2 3 4 5 6 7