აქ განა საჩხუბრად მოვედით

 

ივლისის ერთ დილას, მაღვიძარამ
ჯერ კიდევ ბინდბუნდზე დაგვიზარა.
ჩემს გოგოს ვუთხარი: “ავდგეთ ჩქარა,
აღლუმის დღეა დღეს!”
ბულვარზე მისვლა არ დავახანეთ
ზანზიბარის მეფის სანახავად,
მაგრამ…
პოლიციამ
სულ კინწისკვრით მოგვიცილა!

მაშინ, მე ვთქვი:

“აქ განა საჩხუბრად მოვედით,
აღლუმი გვინდოდა, გვენახა.
აქ განა მუჯლუგუნს მოველით,
აღლუმი გვინდოდა, გვენახა.
ყველა რომ შინ გამოიკეტოს,
ხომ თავი მოეჭრა ქვეყანას!
გვაცალეთ, მაშ, გვაყურებინეთ,
თორემ დედოფალს რომ მოიწვევთ,
დახვედრა უჩვენოდ მოგიწევთ!”

მეგობრებს ქეიფი გვჩვევია და –
იმ დღესაც, ბისტროში შევიარეთ,
სადაც “ბოჟოლე” აქვთ მშვენიერი,
ნამდვილი ნექტარი!
გული ვერ ვიჯერეთ ღვინის სმით და
ჩემთან გაგრძელება გადავწყვიტეთ,
მაგრამ…
ცოლი კართან
ცომის საბრტყელებლით დამხვდა!

მაშინ, მე ვთქვი:

“აქ განა საჩხუბრად მოვედით,
დღეობას აღვნიშნავთ ძმაკაცის.
აქ განა გატყეპვას მოველით,
კარგს იზამ, თუ ქეიფს დაგვაცლი.
ყველა რომ შინ მარტო რჩებოდეს,
ხომ გაგვაგიჟებდა მოწყენა!
გაგვიღე ამ სახლის კარი და
ძმაკაცის დღეობას ნუ ჩაშლი,
თორემ გავბრუნდებით ქუჩაში!”

ეს ვთქვი და… გვერდებში ისე მოგვდო,
რომ ტკივილისაგან იქვე მოვკვდით!
და ჰოპლა, აღმოვჩნდით სამოთხეში,
თვით პეტრეს პირისპირ!
კართან წმინდანების რიგი იდგა.
მალე ჩვენი შესვლის დროც მოვიდა,
მაგრამ…
ჩვენთვის პეტრემ
მხოლოდ ლანძღვა გაიმეტა!

მაშინ, მე ვთქვი:

“აქ განა საჩხუბრად მოვედით,
გვსურს, შარავანდედი ავინთოთ.
აქ განა გალანძღვას მოველით,
მკვდრები ვართ – დროა, რომ გავერთოთ!
ლოთები თუ ასე გაყარეთ,
აქ ბევრი არავინ დაგრჩებათ!..”
…და ასე დავეშვით ჯოჯოხეთს
და ჩვენი ადგილიც წილად გვხვდა
იქ, სადაც ყოველი ბრწყინავდა!

ასეა – შეკრებით
და გაპროტესტებით
უეჭველად
მიიღწევა
შედეგები!

 

 

1 2 3 4 5 6 7