მე ვსვამ
მე ვსვამ
სისტემატიურად,
ფლირტებზე რომ არ ვიფიქრო ცოლის.
მე ვსვამ
სისტემატიურად,
ცოდვები რომ დამავიწყდეს ცოდვილს.
მე ვსვამ
ნებისმიერ სასმელს,
ოღონდ თორმეტს აჭარბებდეს სპირტი!
მე ვსვამ
ძმარს და ვადაგასულს,
ოღონდ დროის ამაცალოს ტვირთი.
ნუთუ ქვეყნად ყვავის ისევ
სილაღე და სიხალისე? –
ყველას ვეკითხები.
ნუთუ ყოფნა მიღირს დარდად,
სიყვარული – რქების დადგმად? –
ყველას ვეკითხები,
მაგრამ უპასუხოდ ვრჩები…
და ვსვამ
სისტემატიურად,
რომ არ მქონდეს თავი ბევრი ფიქრის
და ვსვამ
სისტემატიურად,
რომ არ ვიგრძნო, წლები როგორ მიქრის.
მე ვსვამ,
რაც კი მხვდება ხელში,
ჩემს სიფათს რომ ვეღარ ვცნობდე უშნოს,
მე ვსვამ
უგემურად, ხვნეშით,
ტყვია რომ არ დავიხალო შუბლში.