ბორის ვიანის შანსონი მისივე პროზამ დაჩრდილა, თუმცა ომისშემდგომი სენ-ჟერმენის სიმბოლოდ ვიანი სწორედ მისმა სიმღერებმა აქცია. მას ეკუთვნის რამდენიმე ასეული სხვადასხვა ჟანრის სიმღერა, რომელთა ტექსტების ავტორი და კომპოზიტორ-შემსრულებელი თავადაა. ვიანმა სიმღერების წერას მაშინ მიჰყო ხელი, რაც იმედი გადაეწურა, რომ მის პროზას სათანადოდ დააფასებდნენ. ამ მხრივ, საყოველთაო აღიარება გაცილებით გვიან, სიკვდილის შემდეგ მოვიდა. მისი სიცოცხლის მანძილზე კი, მის რომანებს თითქმის არავინ გამოხმაურებია. ერთი მუჭა თაყვანისმცემელი თუ ჰყავდა, მათ შორის – რემონ კენო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვიანი “თავის ეპოქას ბევრად უსწრებდა წინ”.
ფრანგი შანსონიეების სკოლა, თავისი შინაარსითა და საშემსრულებლო ხელოვნების თავისებურებით, განსაკუთრებული მოვლენაა და ცხადია, “სიმღერის” სტატუსით არ შემოიფარგლება. ეს ჟანრი შთაგონებულია ფრანგული კლასიკური ლიტერატურით და განსაკუთრებით პოეზიით. იგი ბოდლერის, ვერლენისა და რემბოს მუსიკალური ლირიკის ტრადიციის უშუალო გაგრძელებაა. ეს არის “სიმღერა ტექსტით” ანუ სასიმღერო კატეგორია, რომელიც ლიტერატურულ ხარისხზე აცხადებს პრეტენზიას.
50-ანი წლების პარიზში, სენის მარცხენა სანაპიროზე, ლათინურ უბანსა და სენ-ჟერმენ-დე-პრეზე, ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებლების ხელოვნება პიკს აღწევს. ისინი ქმნიან ერთგვარ სტილს “რივ გოშ”, რომელსაც მე “მარცხენანაპირულს” ვუწოდებდი. კაფეებსა და კლუბებში (Café de Flore, Deux Magots, Tabou, Chez Moineau …) მღერიან გამომწვევ და “მიუღებელ” სიმღერებს. ვიანიც აქ უკრავს საყვირზე და წერს ლექსებს. მისივე თქმით, ეს იყო “ორგანიზებული სიგიჟის ცენტრი, თავისუფლების ძახილი, ძალაუფლებას დაპირისპირებული სიტყვა”. მღეროდნენ იმას, რის ხმამაღლა თქმაც “არ შეიძლებოდა”. “სიმღერა ტექსტით” იქცა იმათ იარაღად, იმათ ხელოვნებად, ვისაც სიტყვის უფლება არ ჰქონდა, სათქმელი კი – რამდენიც გინდა.
განსაკუთრებით თვალშისაცემია ვიანის შემოქმედების მრავალფეროვნება. მწერალი, პოეტი, შანსონიე, მესაყვირე, ჯაზის კრიტიკოსი, ინჟინერი, მთარგმნელი, მხატვარი, სცენარისტი, მსახიობი… – ეს სულ ბორის ვიანია, კაცი-ყოვლისმცოდნე: “სამყარო გაიძვერათა თეორიის ხელშია. მათ ჩვენი მუშებად ქცევა სურთ, სპეციალიზებულ მუშებად. უარი ვთქვათ! ვიცოდეთ ყველაფერი! ვიყოთ ყველაფრის სპეციალისტები!” – წერდა ის. ვიანი არაჩვეულებრივად ახერხებდა განსხვავებულ ხელწერათა მორიგებას და მუსიკალური კომედიიდან – თარგმანზე, ხოლო შანსონიდან ჯაზის კრიტიკაზე გადასვლას, რაც ავტორის დიდი შინაგანი თავისუფლების ნიშანია.
ვიანი მომავალ ტალანტებსაც ეხმარებოდა. მან Le Canard enchaîné-ში გამოაქვეყნა ბრასენსისადმი მიძღვნილი წერილი და დაწერა საქები სტატია ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი სერჟ გენსბურის შესახებ.. სწორედ მან აღნიშნა გენსბურის პირველი ალბომის გამოსვლა, რომელიც დასაწყისში პუბლიკამ არ მიიღო. ვიანი აუცილებელი პერსონა იყო გენსბურის ცხოვრებაში, მისი მეტრი, მისი შემოქმედების ნაპერწკალი. სერჟმა ბორისი პირველად Milord l’Arsouille-ში იხილა, სადაც მწერალი თავის ირონიულ და სახალისო სიმღერებს ასრულებდა. მათი მოსმენისას გაუჩნდა გენსბურს სურვილი, “ამ ხელოვნებიდან თავადაც რამე გამოეყვანა”. სწორედ ვიანის გაცნობის შემდეგ იწყებს არსებობას ის “გენსბური”, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.
ვიანი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ლეგენდარული Le Tabou-ს სცენაზე ავიდა. მის მოსასმენად და მხარდასაჭერად მოდიოდნენ ლეო ფერე და ჟორჟ ბრასენსი. მათ ვიანს “ხორცშესხმული ნიჭი” უწოდეს. Le Canard enchaîné ხოტბას ასხამდა ახალგაზრდა ხელოვანს. სცენაზე, ვიანი ჟაკ ბრელის ანტიპოდი იყო – სიმღერის შესრულებისას, გაშეშებული იდგა, მაგრამ თავისი ტექსტებით მსმენელზე ისეთ ეფექტს ახდენდა, რომ ეს მოუქნელობა არც კი იგრძნობოდა.
უკიდეგანოდ თანამედროვე ვიანი თავისი ეპოქიდან გვაწვდის დღევანდელობის გასაღებს. დიდი კონფორმიზმის დროში, მან არაჩვეულებრივად სხარტი ირონიის გზა აირჩია. მისი სამიზნე ძალაუფლების მქონენი და ავტორიტეტებია, ისევე როგორც მომხარებლური საზოგადოება და მისი შემოჭრა პირად სივრცეში. ვიანი შესანიშნავად გრძნობს პოლიტიკური ლექსის მნიშვნელობას. სიმღერის ტექსტი მას მოქალაქეობრივი პროტესტის უკეთ გამოთქმაში ეხმარება. ვიანი თავისი ეპოქის იმ იშვიათ ავტორთაგანია, ვისაც ცენზურა შეეხო ანტიმილიტარისტული შემოქმედებისთვის. “დეზერტირს”, რომელიც ვიანმა ინდოჩინეთის ომის დროს ჩაწერა, ჯერ მოკრძალებული ცენზურა დაადეს, ხოლო როცა გაყიდული ფირფიტების რიცხვი ათასს გადასცდა, გაყიდვა და რადიოთი მისი გადაცემა აკრძალეს.
წელს ბორის ვიანის სიკვდილიდან 60 წელი სრულდება. ამ ათწლეულებს მისთვის არაფერი დაუკლია. 39 წლის ხელოვანის მიერ დატოვებული მდიდარი მემკვიდრეობა დღემდე შთააგონებს თაობებს.
მთარგმნელისაგან
ბიზნესი
წინათ, ვყიდდი იებს,
ლამაზს, ნაირნაირს,
ვაფასებდი იაფს,
ვერ გავყიდე მაინც!
მაკრატლებიც ვცადე,
სარკე-სავარცხლებიც
და ნაკრებიც დავდე
დახლზე სამართებლის.
ტვირთსაც დავათრევდი
დაღმართების ჩავლით
და სკამ-სავარძლებიც
მიტენია ჩალით.
შევეწირე ლამის
მიუღწეველ მიზნებს…
მაგრამ ბოლოს, ნამდვილს
მივაგენი ბიზნესს! –
პარიზის ქუჩებში ვაქროლებ “კადილაკს”,
მსახურებს დიდ ხელფასს ვაძლევ,
ყოველი ჟანდარმი ჩემი ძმაკაცია,
ცხოვრების მოვედი აზრზე:
ქვემეხებს ვყიდი!
მაქვს ყველა ფერის,
პატარა, დიდი,
მოკლე თუ გრძელი…
მყიდველი ბევრი ჰყავს ამ ძვირფას ინსტრუმენტს.
– ბავშვს უარს ნუ ეტყვით, თუ ქვემეხს ისურვებს!
– იყიდეთ ქვემეხი!
დაიკავეთ რიგი,
სადაც ლულა ელავს!
მისი ჭურვით ირგვლივ
გადავბუგავთ ყველას.
ნაცარტუტად ვაქცევთ
შენობას თუ ქუჩას.
გამოჩნდება საქმე,
დასაქმდება მუშა,
ოჯახს შექმნის ტკბილად,
ეყოლება ბავშვი,
სახელმწიფოს მიმართ
არ დარჩება ვალში –
წამოჩიტულს, მყისვე
ომში გაისტუმრებს.
ბიჭიც, სიმღერ-სიმღერ,
შეაკვდება ჭურვებს!
ქვემეხზე იმდენი მივიღე დაკვეთა,
წითელზე, თეთრზე თუ შავზე,
რომ მესაფლავეებს აეწყოთ საქმე და
თავად კი აღმოვჩნდი მშრალზე –
ყველა კლიენტი
ჭურვს შეეხეთქა
და დავრჩი კენტად
ამ ქვემეხებთან…
და თავი მგონია კოშმარულ სიზმრებში…
ხალხს ვეძებ! ხელიდან მეცლება ბიზნესი!
– იაფად ქვემეხი!