ალილო

სოფელში იმ წელს ხვავრიელად ჩამოთოვა. ვზივარ მეც სახლში გამრჯე მუშაკაცივით და შევექცევი მამაჩემის მოწეულ ჭირნახულს, ბუხართან წამოვწვები ფადიშაჰივით და ვნაბავ თვალებს. ვინ გაცალა ეს ნებივრობა, დაიძახა ვიღაცამ ჩემი სახელი ჭიშკართან და გამომეცხადნენ ჩემი მამიდაშვილები, ჩემი ძმაკაცითურთ. დავსვი ესენი ბუხართან და გავვარდი მარნისკენ, ავავსე ათლიტრიანი ბოცა, “ბაჩონკას” რომ ეძახიან ჩვენში, და გავშალეთ კაი პურმარილი, შობაა თან მეორე დღეს. ეს ჩემი ძმაკაცი და ერთი მამიდაშვილი ხუთჭიქიანები არიან და კი მოვიდნენ უცებ ხასიათზე, მე კიდე რაღაც უბედურება მჭირს, თუ არ ჩავისხი ორი ლიტრი, ხმას ვერ გამაღებინებ. სვამენ ესენი ჭიქით, ვსვამ მე განსხვავებულით. შევზარხოშდი უკვე და – “სტოპო”, დაიძახა ჩემმა ძმაკაცმა. – ლექსი უნდა ვთქვა მეო! – რას ვეტყოდი, და დასჭექა ამანაც, ლექსებს იძახის სიყვარულზე იმისთანას, რომ მომიკვდა გული, ეს ჩემი მამიდაშვილი ცოტა უცნაურად შეყვარებული კაცია და ეს უნდოდა კიდე?! ფშვინავს კაცი, ოხრავს, ცრემლებს აფრქვევს. წავედი მეო – დაიძახა უცებ. მოდი და გააჩერე ახლა, დაუდგები, ხო იცი, წინ! უბედური ჯანის პატრონია, ჭიდაობაზე დადიოდა ათი წელი, რას გადააფიქრებინებ. –სად მიდიხარ, კაცო, ამ თოვლში მეთქი! – გავბედე ერთხელ კითხვა. – არაა შენი საქმე! შეყვარებული უნდა ვნახოო! –შემომიბღვირა. მაგის შეყვარებული კია კარგი გოგო, მაგრამ მამა ყავს უბედურის ერთი, ხასიათით და გარეგნობით ისე ყავს შეხამებული იმ ჩვენს დალოცვილ გამჩენს, რაღას ნახავ უკეთესს. – არიქა, არ გინდა მაგი საქმე ახლა შენ მეთქი! – ვიცი მაგის სასიმამროს ამბავი მე, არაა ის კაცი ამ თოვლში შვილის გარეთ გამომშვები, თუ უშვებს, მხოლოდ – ჭიშკრამდე. ამ დროს, მგონია, მთვრალია ეს ჩემი ძმაკაცი, კი ეძინა მაგიდასთან და არ წამოყო თავი?! – თუ უნდა კაცს შეყვარებულის ნახვა, შენ ვინა … !? – აქ ისეთი სიტყვა იხმარა, მრცხვენია თქმა. ამის თქმაზე გავთავდი კაცი სულ. ეს უნდა ამ გადარეულს კიდევ?! მოფიქრებაა რაღაცის საჭირო და გამეხსნა ტვინი. მათქმევინე ერთი სადგღერგძელო მაინც, ისე სად მიდიხარ შე დალოცვილო მეთქი! – ეგ სხვა თემაა, კი ბატონოო, დამრთო ნება ჩემმა ძმაკაცმაც. – მაგრამ დაუჩქარე, მეც უნდა გავყვე და გვეჩქარება ცოტაო. ავავსე ერთი კაი მოზრდილი ჭიქა და დავიწყე. – დღეს შობა შემოდის, ხო იცით მეთქი! – კიო, დამიქნიეს თავები. – ხოდა, ამაღამ მივადგეთ ალილოზე, იქნებ, შეგვიპატიჟონ და უფრო ლამაზადაც გამოვა მეთქი! აუფ, ატეხეს ერთი ამბავი,შენ შემოგევლეთო, აი, ნაკითხი კაცი რამდენს ნიშნავსო. შევიფერე მეც, სხვა რა გზა მქონდა.

ბაბუაჩემი მღეროდა ერთ დროს და სახლში მქონდა მისი ნაქონი ათასნაირი ეროვნული ტანსაცმელი, ჩოხები გინდა, ჩაქურები, ყაბალახები და ასე შემდეგ. გამოვაწყვე ესენი, მაგრამ ჩექმები ექნათ დიდი, განსაკუთრებით – ჩემს ძმაკაცს, ცოტა არ იყოს, პატარა ფეხი აქვს, არც სიმაღლით და ახოვანებით მყავს ყარამან ყანთელი, მაგრამ მაინც. ავწევთ ამას, ჩავსვამთ ამ ჩექმებში, რო გადადგამს ნაბიჯს, ვერ მიდის კაცი. ბოლოს მოვიფიქრეთ და ბამბით დავუგმანეთ ჩექმის ცხვირები. გავუდექით გზას.

ერთი ოჯახიღა დაგვრჩა ქაჯეთის ციხემდე და გავხედე ბიჭებს, მანამდე კი იყვნენ მაგრად, მაგრამ ახლა ფერი აღარ ადევთ სახეზე. არადა, როგორია, არ მიხვიდე, აგერაა, ჩემგან ოც მეტრში, გადმოყუდებული თავის ჭიშკარზე ის ურჩხული და გველოდება, როდის ვიმღერებთ მაგასთანაც. სიმღერას ვამბობ, თორემ რაღა სიმღერა ის ჩვენი ღმუილი და ღრიალი იყო, თუმცა შობას მაინც სხვანაირი ხალისი და სიხარული აქვს სოფელში და გვაძლევდა ხალხი ფულს.

ბოლოს მივადექით ციხის გალავანსაც. დაიწყო ჩემმა მეორე მამიდაშვილმა და ავყევი მეც. ეტყობა, მუსიკალური გემოვნებაც დაენანა დალოცვილ ღმერთს იმ ჩემი მამიდაშვილის მტარვალისთვის, თორე რატომ სიამოვნებდა ის ჩვენი ღრიალი, არ ვიცი. სხვაგან, სადაც სიმღერას ვიწყებდით, წუხდებოდა ხალხი და ეგრევე გვაძლევდნენ ფულს, ეს ჩემი ცოდვით სავსე კი იდგა თვალმინაბული, სანამ ბოლოში არ გავედით. ბოლოსკენ ტექსტიც არ ვიცოდით და ალილო, ალილოს ღრიალით ჩავამთავრეთ, როგორც იქნა. – ოხ, თქვენი ჭირიმეო! – გაუხარდა ჯალათს, – მობრძანდით აგერო. ჯერჯერობით გამართლდა ჩვენი გეგმა, მაგრამ შესვლა არ გინდა შიგნით?! არა ბატონო მეთქი, კი ჩავილაპარაკე ერთი, მაგრამ გავიხედე და არ გაგულადებულან ეს რაინდები?! უკვე შუა ეზოში მიარღვევენ თოვლს და ვინ გაქცევს ყურადღებას. შევყევი მეც. გამოიტანა ამ კაცმა აივანზე პურმარილი, ათლიტრიანით ღვინო. – უნდა დაიცალოს ეს აქო, და დავიწყეთ დალევა. უშუქობის პერიოდის ამბავს ვამბობ ახლა მე, დენი ახალ წელს რო მოდიოდა მარტო ათიდან ორ საათამდე და ჩემი მეზობლის სამი წლის ბავშვს კარალიოკი რომ ეგონა ნათურა და გასკდა ტირილით, მომიწყვიტეთო, მაგ დროის ამბავია.

კაი ხანი კი ვსვით შეხმატკილებულად. ამ ჩემმა მეორე მამიდაშვილმა, აქამდე რო ხმა არ გაუღია, არ წამოყო თავი?! მეც მათქმევინეთ ერთი ჭიქაო, ურჩხული უკვე ბახუსის ორბიტაზე დანავარდობდა და, აბა, მიდი შენი ჭირიმეო. დაიწყო ამ ჩემი ცოდვით სავსემაც, ჩვენო კაი ოჯახის შვილები ვართო და მათხოვრები არ გეგონოთო, აქო ჩვენო კაი საქმისთვის ვართ მოსულებიო, რახან შობაა და გვიხარია ყველას, ბარემ ერთი კაი საქმეც გავაკეთოთო! – ჯერ უსმინა იმ დალოცვილმა და სულგანათლებულმა და ვისი ხარ ბიჭო შენო. დაუსახელა ამანაც დიდის ამბით თავისი წარმომავლობა, თითქოს ბაგრატიონ-პანკრანტოვანი ყოფილიყო. ამის გაგონება იყო და, აბა, დამიდექით მანდაო. გიჟი ვინ იყო, მაგ ნაჯიბგირალს იქ დავდგომოდით და გამოვცვივდით. ისე გაჭირვება რა ყოფილა, ერთმეტრიან თოვლში ზედ მოვრბოდით თუ მოვფრინავდით, არ ვიცი. გამოვედით სამშვიდობოს და ერთი მოვინაკლისე, ეს ჩემი ძმაკაცი აღარაა არსად. ვაი, შენს ირაკლის მეთქი, დავიძახე, თუ ჩაეფლო, საწყალი, სადმე და თუ ყავს ახლა დაჭერილი მაგ შეურაცხადს და ურახუნებს მეთქი. რაღას ვიზამდი, ხო არ დავტოვებდი და გავბრუნდი უკან, არ გამოვიყოლე ესენი, დავუბარე, თუ ვერ მოვედი, ჩემებს გადაეცით, ძმაკაცობას შესწირა თავი მეთქი. ისე, კაი გვირბენია თურმე, აღარ დაილია გზა, მივიპარე, როგორც იქნა, ურჩხულის საბუდართან, და გადავიხედე ეზოში, სისხლს ვეძებ კაცო ამ ქათქათა თოვლზე, აჰ, შენც არ მოუკვდე შენს პატრონს, არაფერი ჩანს, სახლიდან კი ისმის ლაპარაკი. გადავიპარე ეზოში, ძაღლი არ ყავდათ, ან რად უნდოდათ ძაღლი, ვინ შებედავდა მანდ. მივეპარე სახლს და შევიხედე ფანჯარაში. აგერ არ სხედან კაცო გაშლილ სუფრასთან? რა უთხრა ეგეთი და როგორ დაამშვიდა, დღესაც არ ვიცი, თვითონ არ ახსოვდა და ლექსებით მაგას ვერ მოხიბლავდა ეგ. დამავიწყდა მეთქვა, ლექსებს წერს ეს ჩემი ძმაკაცი. ქეიფობენ, ბიჭო, გაიგე?! ხორხოცობენ და არიან ერთ ამბავში. რაღას ვიზამდი, წამოვედი უკან.

იმ ღამეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, ეს ჩემი ძმაკაცი თავისი “ნივით” მომაყენა სახლში იმ კაცმა. დალია ჩემთანაც კაი ერთი ლიტრი ღვინო, ჩემი მამიდაშვილები არ გამოვუჩინე მაინც, რა იცი, რა მოეპრიანებოდა, კაი ბიჭები ხართო, დაიბარა და გაუდგა გზას. ა, ამაზეა ნათქვამი, გველსა ხვრელითო, თუ როგორც არის. ორ თვეში კი გააყოლა ჩემს მამიდაშვილს თავისი გოგო ცოლად და თვითონაც კი აღმოჩნდა მერე კაი ადამიანი. ეს ჩემი ძმაკაცი მეჯვარე იყო, მე – თამადა და ვიქეიფეთ ბოლომდე.

თუმცა მეალილეების ცოტა შიში კი დამჩემდა, რაც არ უნდა იყოს, ორი გოგოს პატრონი ვარ.

 

 

 

1 2 3