ნიში ტყეში

(ეძღვნებათ გია და შოთა თათარაძეებს)

– სამჯერ ვთხოვე მამაჩემს კისისხევის ტყეში წაყვანა და იმ ძველი ნიშის ჩვენება, ვერასდროს მოვახერხეთ ერთად წასვლა! – მეუბნება ძმაკაცი და ჯამში ასხამს ღვინოს.

მარანში ვისხედით, ფეჩთან პატარა ტაბლა გვედგა, ცრიატი ამინდი იდგა, კახეთში იცის ასეთი ამინდები, გორებს რომ ნისლები მოსდევენ. ყველაფერი გავიწყდება ასეთ დროს. სასწაული კაცია ჩემი ძმაკაცი და მამაც უმაგრესი ადამიანი ყავს. სოფლის იმედს იტყვიან ესეთ კაცზე, ყველას დამხმარეს და იმედს.
– არ დადგებოდი მაინც უნახავად, ხომ ვიცი! – ვეუბნები და ცეცხლს შეშას ვუკეთებ.
შოთამ ფანჯრიდან ცივის მთას გახედა და მობრუნდა.
– გომბორზე თოვს. როცა ცივა, ეგეთი ნისლი შეუდგება. გომბორზე ნამდვილად თოვს! – ჩაილაპარაკა. – ხოდა, შეშა შემოგვაკლდა, დეკემბრის შუა რიცხვები იყო, დილით წავიდეთო, მამაჩემმა, კისისხევის ტყეში შეშა მოვჭრათ და ტაჭკით წამოვიღოთ, ცოტა ხანი გვეყოფა და მერე მანქანით ჩამოვიტანო. დილაუთენია წამომაგდო და წავედით, ახალნათოვი იყო, სანამ ტყემდე მივედით, გზაში გავთბი. მამას კი იცი, ეგრე ადვილად არ აწუხებს სიცივე, ძველი სპორტსმენია, გამოჯეკილი, მიუძღვება წინ ამ ვირს და აბოლებს სიგარეტს. ტყისპირთან გავაჩერეთ ტაჭკა და დავიწყეთ საშეშე ხეების ძებნა. რამდენიმე ავარჩიეთ. უცებ მამაჩემის ხმა მომესმა: – შოთიავ, კაცოუ, აექ უნდა იყოს ის ნიში სადღაც, ამ დათოვლილში ვერ ვაგნებ!

კი იცი ჩემი დამოკიდებულება სიძველეების მიმართ, სულ გადამავიწყდა შეშა, შემოვიარე იქაურობა და ვერაფერი ვნახე, ვიფიქრე, აბა, ხეზე ავალ და გადავიხედავ მეთქი, ავედი ერთ რცხილაზე და აგერ არა დგას დალოცვილი სადღაც ას მეტრში?! პირდაპირ თვალში მომხვდა, არადა, ორ–სამჯერ ჩავუარე, იმ დათოვლილ ბუჩქებში ვერ ვნახე, თუ რა იყო, რავიცი. – აგერაა მამი, შენგან მარჯვნივ! –გავძახე. – რა თვალი გაქვს, შე ლეკო, შენა! – გამეხმიანა მამაჩემი და, წალდით ხელში, ნიშისკენ წავიდა.

მივედით, ძველი და ლამაზი ნიში იყო, იმდენი ხნის მიტოვებული, რომ სანთლის კვალიც არ ეტყობოდა არსად, მამაჩემმა პალტოს ჯიბიდან სანთლები ამოიღო, სამი ცალი მე მომცა, დავანთეთ, პირჯვარი გადავიწერეთ და იქვე ჩამოვჯექით. ნიში თითქოს განათდა, გაშუქდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სიცოცხლე დავუბრუნეთ მიტოვებულ სალოცავს. გული ამევსო რაღაც მადლიანი სხივით. – ნეტა, მცოდნოდა, აქ რომ მოვიდოდით, ღვინო წამოგვეღო, ეს ოხერი! – ჩავილაპარაკე და წამოვდექი, აღარ მციოდა, გამათბო ამ ყველაფერმა. ტყეში სასწაული სიწყნარე იდგა, სანთლის ალის ხმაც კი მესმოდა თითქოს.
მამაჩემმა ჩაიცინა, კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი, წავიდეთ, გავაგრძელოთ საქმეო, და ტაჭკისკენ წავიდა. მეც უკან მივყევი, ტაჭკასთან მისულმა ურემზე დაყრილ ტომრებში რაღაცას დაუწყო ძებნა. – ლეკოო, ჰაი, ლეკოო! –დამიძახა, შევხედე და რას ვხედავ, გოდორყურიდან ხუთლიტრიანი, შემოწნული ბოცა ამოუღია და მიცინის. –ეს საიდანღა გააჩინე კაცო! – მივვარდი გახარებული.
იცის ბიჭმაო, გაიცინა და ახლა საგზალი გამოაჩინა. ეგრე, მგონი, არაფერი გამხარებია. ჩამოვჯექით იქვე და ჩამოვასხით ჩვენებური რქაწითელი,
პირველი სალოცავისა ვთქვით, მერე ქვეყნისა, და შევყევით, თოვაც წამოიწყო, აი, ჩვენ რომ გვიყვარს, ეგეთი ამინდი დადგა. ცოტა ხანში რაჭულიც შევუბერეთ და ჩამოვუარეთ კიდეც.
პირველად ვსვამდი, ძმაო, მამასთან ერთად და, თითქოს, ასმაგად გავიზარდე. – მოდი, ლეკო, მამაშვილობისა ვთქვათ! – ჯამი გამომიწოდა მამაჩემმა, სხვა გრძნობა გამიჩნდა, ყელში ბურთი გამეჩხირა და გადავეხვიე მამას, მეამაყებოდა, რომ მამაჩემს ჩემი ძმაკაცი ერქვა იმ მომენტში. – ზედმეტი სიტყვების გარეშე, არ მიყვარს გაჯანჯლება, ხომ იცი? ჩვენს მამაშვილობას გაუმარჯოს! –თქვა მამამ და ნახევარი ჯამი დაცალა, დანარჩენი ნახევარი სიტყვის უთქმელად გამოვცალე, ვერც ვამბობდი ვერაფერს.
დაღამებულა ოხერიო! – მამამ, არ იყო დაღამებული, მაგრამ მუშაობის თავი სადღა იყო. შევკაზმეთ ეს ჩვენი სახედარი, დავუჯექით ტაჭკას და სიმღერ–სიმღერით ჩამოვლიეთ გზა სოფლამდე.
დედაჩემი შეშას ელოდებოდა და ჭიშკართან დაგვხვდა, რო შემოგვხედა ჯერ ჩვენ და მერე ტაჭკას გადახედა, ნეტა, ან რას აივლით, ან რას ჩამაივლით ეგრე ცარიელ–ტარიელიო, ხელი ჩაიქნია და სახლში შებრუნდა.
დაამთავრა შოთამ მოყოლა და შემომხედა, გაღიმებული და სიამაყით სავსე ვუყურებდი.
– მოდი, ჩვენს მამებს გაუმარჯოთ! – ვთქვი მე.
– გაუმარჯოთ! – თქვა შოთამ და ფანჯრისთვის თვალმოუშორებლად დაცალა ჯამი.
– ხვალ გომბორზე ვერ გადახვალ, ჩაკეტილი იქნება, როცა ასეთი ნისლია, ზევით თოვს, ხვალაც ჩემი სტუმარი ხარ! –გაიღიმა და მხარზე ხელი მომითათუნა.

 

 

 

1 2 3