საიდან მოფრინავთ, შავო ფრინველებო?

 

– საიდან მოფრინავთ, შავო ფრინველებო? . .

– კაპელანო, ჩვენ არარსებული  ქალაქის შვილები ვართ,

მოვედით და თან მოვიტანეთ თავმდაბლობასთან შეზავებული  გადაღლილობა,

ტყვიების სროლას ჩვენთვის უკვე აზრი აღარ აქვს. . .

ჩვენი ქალაქი იყო ნაზავი ქვისა და რკინის,

ყოველ ჩვენგანს ხელში  სამგზავრო ფერფლით სავსე ჩანთა ეჭირა,

იმ დღეებში რომ გამოვტენეთ,  როცა გვესროდნენ. . .

ჩვენს სიზმრებში მუდამ ტრიალებს  დამწვრის  სუნი…

ჩვენს ქალაქში ქალები იყვნენ მხიარულები, უდარდელები –

ისეთი ნაზი ხელები ჰქონდათ,  უფსკრულს ავსებდა.

ჩვენს მხარეში წყლები იყო  ღრმა და ცისფერი,

ტაძრები გვქონდა, მაგრამ გადავწვით,

ყველაზე კარგად ჩვენზე, ალბათ, საფლავის ქვები მოგიყვებიან…

– კაპელანო, ხომ შეგიძლია,  ცოტა ხნით მაინც  გაგვესაუბრო?

გვაჩუქო შენი სიყვარული  და ყურადღება,

შენ ხომ გასწავლეს აღსარება და ზიარება,

იქნებ,   იცი  რატომ გადაწვეს ჩვენი ქალაქი?

იქნებ,   გვითხრა, რომ ეს  განზრახ არ  ჩაუდენიათ…

რომ დამნაშავე ამის   გამო დაისჯება….

ისეთი რამე მოგვიყევი,

საინფორმაციო გამოშვებები საგულდაგულოდ რომ გვიმალავენ…

– კარგი, მოდით, მოგიყვებით,  რას ნიშნავს, როცა ყველაფერს კარგავ.

რა თქმა უნდა,  დამნაშავეები პასუხს აგებენ,

თუმცა გჯეროდეთ,  რომ მათთან ერთად  უდანაშაულონიც  დაისჯებიან. . .

– ალბათ, უფრო  ყურადღებით უნდა გვეკითხა  წინასწარმეტყველთა სწავლებები,

გვერდი აგვევლო ცეცხლოვანი ორმოებისთვის…

ერისკაცისთვის ხომ   მთავარია, რწმენის სიმბოლო არ იხილოს მოქმედებაში…

– გახსოვდეთ რა წერია ბიბლიაში ტკივილსა და მოთმინებაზე,

იმ ფრინველებზე,  ქალაქის ცენტრში  კენჭებივით რომ  ეხეთქებიან…

დაკარგვა სწორედ მაშინ იწყება…

მოდით, მეტს აღარ გავაგრძელებ…

ერთმანეთისგან ზუსტად ისევე განვსხვავდებით,

როგორც ხმოვნები და თანხმოვნები…

სიკვდილს ყველა ხელგაშლილი ეგებება

ოღონდ მაშინ, როცა მისი მზაკვარი ხელი  მათ არ ეხება.

ამ ცხოვრებაში ჩვენ ყველანი პასუხს ვაგებთ,

ჩემებსაც ამას ვეუბნები მაშინ,  როცა  მათთვის  სათქმელი არაფერია…

არაფერი მსმენია მონანიებაზე,

არ  ვიცი,  როგორ და სად უნდა იყოთ,

მე იმას ვამბობ, რაც ისედაც ყველამ იცის,

ნეტა,  იცოდეთ,  ბედმა ყველას როგორ დაგვცინა…

 

 

 

1 2 3