შემდეგ ცხოვრებაში, გთხოვთ, ნუ ისაუბრებთ. . .
გთხოვთ, ნუ ისაუბრებთ შემდეგ ცხოვრებაში ჩავლილ ცხოვრებაზე. . .
ეჭვს ნუ შეიტანთ თქვენს საქციელში – არანაირი სინანული არ უნდა გვქონდეს…
არ ვიყოყმანოთ, ნუ ვიფიქრებთ: გაუძლებს კი წვრილი თოკი ჩვენს სიმძიმეს. . .
ჩემს მომდევნო ცხოვრებაში ზღვას თვალს არ მოვწყვეტ,
ოქროსფერ ქვიშას მოვეფერები.
იმედია, ჩემი მომდევნო ცხოვრება გაივლის:
თევზის ჭერაში,
ხილისა და ბოსტნეულის კრეფაში.
მეზღვაური ბავშვების გაწვრთნაში,
თბილი ქარის და მზიანი ამინდების მოლოდინში…
იქ არ იქნება არც ერთი გაგლეჯილი გული,
არც ერთი ცუდი ამბავი, ზიზღი. . .
ჩრდილოეთში ცხოვრება ქვებისა და ხეებისგან შედგება.
იქ ცა დროშებს ეალერსება, ცის ქვეშ თევზები დასრიალებენ.
ისე მინდოდა იქ ცხოვრება. . .
არ ჩამეკეტა კარი დილით პურის საყიდლად ბაზარში გასულს.
ყველას სახელი მხსომებოდა და არ მეთვალა ჩავლილი წლები. . .
პატივი მიმეგო წინამძღვრებისა და კაპიტნებისთვის.
მევლო მხოლოდ მებადურების ეკლესიაში,
მეწერა მხოლოდ ბიბლიიდან ამოზრდილი ლექსები.
მადლობელი ვყოფილიყავი ხატებზე გამოსახული ყველა წმინდანის,
მაშინაც კი მადლობელი ვყოფილიყავი,
თუკი რწმენა საერთოდ არ მექნებოდა. . .
უკრაინულიდან თარგმნეს სალომე და სოფო წულაიებმა
