რას აღარ ნახავ ჩვენს სადგურებზე

 

რას აღარ ნახავ  და არ მოისმენ ჩვენს სადგურებზე:

ჩიტის გალობას,

მზის ამოსვლას,

ჭვარტლით გაჟღენთილ ნამს ლიანდაგზე. . .

სადღაც მიდიან:

წინ ვაჭრები,

შემდეგ ცბიერი მაწანწალები,

რომლებსაც უკან დაცვის გაწვრთნილი თანამშრომლები აჰკიდებიან,

მათ უკან კი გუშაგები მიაბოტებენ. . .

სივრცეს ტოვებენ იუველირები  და ვექილები,

ბანკირები კი ბარიკადების  გვერდის ავლით იპარებიან –

ბანკირებს ვინ რა უნდა მოსთხოვოს? . .

ერთად მიდიან ასტრონომები  და პოეტები,

რომლებსაც ხელში იმდენად სქელი  გაზეთების დასტა უჭირავთ,

ზამთრის ქარიც კი ვერ ერევა,  რომ ააფრიალოს. . .

პატარებს გულზე ჯვრები ჰკიდიათ,

თავზე კი მწვანე ბერეტები წამოუხურავთ.

ბავშვების უკან მათი დედები მიაბიჯებენ,

დედების უკან – პატარძლები.

ერთად მიდიან მასწავლებლები,

ნასწავლები და უსწავლელები. . .

ყაჩაღები და მეძავებიც  სადღაც მიდიან . . .

აქ ტრაგიკული ისტორიები  ისე გახშირდა,

რომ ჩვეულებრივ ამბებად იქცა,

თუმცა ზოგჯერ ამდენ ტკივილში

სადმე ისეთი რამეც გაკრთება, რაც რთულია, არ დაგამახსოვრდეს.

მე და შენ კი ერთმანეთს შევრჩით –

როგორც ზღვარი მშვიდობასა  და ბრძოლას შორის.

ამ ბრბოსთან ერთად  ჩვენი გაქცევის მიზეზი ომი  სულაც არ არის,

არც მორწმუნე ქრისტიანები და უიმედო ყაჩაღები. . .

ჩვენთვის რთულია დაძინება  და გამოფხიზლება,

ჩვენ ვეღარავინ ვერ დაგვიშლის, ავდგეთ და მოვკლათ ერთმანეთი,

ჩვენ ხომ ერთნი ვართ –  ერთმაირი ბალანი გვმოსავს,

ერთნაირად გარუჯულია ჩვენი კანი,

ერთნაირად ცივი ცოლი გვყავს,

დამწვრობები და ჭრილობები ნაოჭებივით გვისერავს სახეს,

მეც შენსავით მწყინს ამ ცხოვრების უსამართლობა,

შენსავით მზად ვარ,  გამოვიყენო უმცირესი შესაძლებლობა,

რომ როგორღაც გამოვავლინო ჩემი სიმტკიცე და ინტელექტი.

მოდი, მომკალი იმ საერთო დარდის გამო,

ორივეს რომ ასე გვამძიმებს. . .

იმის გამო მინდა მომკლა, რაც აქამდე უსწავლებიათ,

მინდა, ღამით გამაღვიძო ძლიერი დარტმით. . .

საპასუხოდ მეც დავიწყებ ხალხის დახოცვას,

მერე ავდგები და ყველა შენს ნაკლს წამოგაყვედრი. . .

რის შემდეგაც უკვე ვიცი, რომ  გავისტუმრებ  წარსულის ვალებს,

გავამართლებ ყველას მოლოდინს.. .

ეს ჩემი ბოლო სურვილია,

რომელიც მხოლოდ იმიტომ ცოცხლობს, რომ არის ბოლო. . .

სად დაიწყო შენი გრძელი მოგზაურობა,

სად დასრულდება. . .

შენც ხომ ყოველთვის გაბმული ხარ სადღაც გზებს შორის

– ახლაც იქა ხარ – შუა გზაზე.

ვის არ ნახავ ჩვენს სადგურებზე, მანამ,

სანამ მზე დადგომია უფერულ ქალაქს

და სანამ ირგვლივ გულცივი ღამის სიღატაკე  გადმოიღვრება…

დაე, მოქმედი იყოს ყველა გზა და რკინიგზა,

დაე, გაუყონ რძე და პური  უცხო მგზავრებს სოფლის ქალებმა,

დაე, ყველა მარშრუტი იყოს იოლი,

დაე, ყველა გადარჩენა იყოს დროული,

დაე, საღი გონება ჰქონდეს ყველა ბედნიერს,

ყველა უბედურს კი ეწვიოს ზღვა სიხარული.

 

 

 

 

1 2 3