კატო ჯავახიშვილის „სად არის ანდრეიკა?!“ ჩემ თვალწინ დაიწერა. მოუთმენლად ველოდი ყოველი ახალი თავის დაბადებას. პირველად წაკითხვის პატივიც მე მერგო, როგორც ამ ნაწარმოების კონსულტანტს და ზოგადად, 1918-21 წლების მკვლევარს. პროფესიული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ცხადად ვგრძნობ პიესის მაჯისცემას, იმ აქცენტებსაც, ასე გასაგებად, და ცოტა არ იყოს, ზედმეტად პირდაპირ რომ „მოგვახალა“ დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული წიაღიდან ავტორმა.

„გაბედულება“ ეს არის სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად წარმოაჩენს კატო ჯავახიშვილის შემოქმედებას – მის  სახესა და ხასიათს. ჩემთვის, რიგითი მკითხველისათვის, საინტერესო აღმოჩნდა მისი დრამატურგის ამპლუაში გაცნობა, თანაც თემით, რომლის შესახებაც დიდად არავინ წერდა, არავინ ეხებოდა, ან თუ ეხებოდა – ზღვარი, „ისტორიულ სიმართლესა“ და „გამოგონილ ფაქტებს“ შორის, ხშირად დარღვეული იყო. ჩვენი ისტორიული სინამდვილისთვის „სილის გაწვნა“ – ასე დავარქმევდი პიესას, რომელმაც შეძლო და ჩვენს ლოგიკასა და ისტორიულ ეთიკაზე ითამაშა. მიედავებით? კი ბატონო, როგორც გნებავთ. მაგრამ ავტორი ფრთხილიცაა, ყველა „ფაქტს“ კონტრ-არგუმენტით ამყარებს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მისი ყოფა და კულტურა წლების განმავლობაში ტაბუდადებული და დაფარული თემა იყო. იდევნებოდა და იკრძალებოდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა. თუმცა, 100 წლის შემდეგ, თავისუფალ საქართველოში, დემოკრატიული რესპუბლიკისადმი ინტერესმა იმატა. საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეებში მის შესახებ აზრი ორად იყოფა: ერთი ნაწილისათვის, ეს პერიოდი იდეალიზირებულია, მეორე მხარე კი, საბჭოთა ტოტალიტარული მემკვიდრეობის გავლენით,  თვლის, რომ  – აუგად სახსენებელია. კატომ მოახერხა „ოქროს შუალედის“ დაჭერა, რომანტიზმის საბურველი სრულად შემოაცალა ეპოქას, დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობა თავგადასავალს დაამსგავსა და  მწარე რეალობის აღმოსაჩენად მიგვიწვია. საგარეო ურთიერთობები, პოლიტიკური ფონი, სოციალური მდგომარეობა, გეოგრაფია, ადამიანური სისუსტეებით დახუნძლული მოქმედი გმირები, ეს ყველაფერი ერთ დიდ ალგორითმს ქმნის, რომელიც მკითხველმა თუ მაყურებელმა თავად უნდა ამოხსნას. ავტორი გვაჩვენებს სუბიექტურ, თუმცა ფაქტებით გამყარებულ სიმართლეს, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისთვის არც თუ ისე მისაღებს, მაგრამ არ გვიბეჯითებს მისკენ სავალ გზებს, რადგან თვლის, რომ   ადამიანებს უფლება აქვთ აირჩიონ – ენდონ ისტორიის სახელმძღვანელოს, თუ გააგრძელონ ძიება საკუთარი სიმართლის აღმოსაჩენად.

 

1 2