ავტორი დანის პირზე დადის, ისტორიის ბასრ ორლესულზე.  კითხულობ და ხვდები, რომ იქ ხარ,  იდუმალ, მისტიურ სამყოფელში, სადაც სიყვარულიცაა და ზიზღიც, იმედიცაა და შიშიც, თანაგრძნობაცაა და სარკაზმიც, მარადისობისაკენ სწრაფვაც და თავისუფლების მოპოვების სურვილიც, და ძიება დაკარგული შვილისა „ანდრეიკასი“ – ეპოქის საკუთრებად რომ ქცეულა და  დღესაც  ასეთი თავგანწირვით დავეძებთ.

  მნიშვნელოვანია, რომ კატო ჯავახიშვილი კარგად იცნობს ეპოქას, მის ყოველდღიურობას. შემთხვევითი არ არის, რომ მოქმედება თეატრში, სცენაზე მიმდინარეობს – სწორედ თეატრმა მოახერხა პირველად რუსიფიკატორული პოლიტიკის რღვევა და ქართულ ენაზე ამეტყველება. სიმბოლურია ამდენი ქალის შემოყვანაც – მათი სისუსტეებისა და ძალის დემონსტრირება. ქალი ხომ დემოკრატიული რესპუბლიკის სახეა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში, 1919 წლის 14-16 თებერვალს, საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებულ 15 საკანდიდატო სიაში წარმოდგენილი 600 კანდიდატიდან 26 ქალი იყო. წარდგენილი  მათგან დამფუძნებელი კრების წევრი ხუთი ქალი გახდა:  ელისაბედ-ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ქრისტინე-ჩიტო შარაშიძე, ელეონორა-ლოლა ტერ-ფარსაგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძისა და ანა-ოლღა სოლოღაშვილი.

მახსენდება პუბლიცისტისა და ფემინისტის კატო მიქელაძის სიტყვა: „თუ გსურს, რომ რომელიმე ერი, ხალხი დაიმონო, თუ გსურს წაართვა მას ძალა არსებობისა, და მოუსპო შეგნება თვით შემეცნებისა, უნდა ეცადო, რომ ქალი გააფუქსავატო, ჩაჰკლა მასში ყოველივე სიყვარული და პატივისცემა სამშობლოსადმი და თუ ეს შეძელი, იმედი გქონდეს, რომ სულ მალე მიაღწევ შენს წადილს. ჩვენშიაც ასე მოხდა“…

  და მართლაც, ადამიანს შემეცნებისა და ფიქრის გზა თუ მოუსპე – განწირულია. სწორედ ამაზეა ეს პიესა, ახლებურად ფიქრისა და ანალიზისკენ  გვიბიძგებს, ტკივილებისკენ, შეცდომებისთვის თვალის გასწორებისკენ, დაცემულ „ნაგავსაყრელის ადამიანებისკენ“. ავტორი წერს ძალიან კონკრეტულზე და იმავდროულად, ძალიან ზოგადზეც, ოღონდ ისე, რომ ათას კითხვასა და საფიქრალს ტოვებს. ნაწარმოებში იგრძნობა პოეტის ხელწერაც, რაც კიდევ უფრო მეტ მისტიურობას სძენს ტექსტს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავტორი არ კარგავს კავშირს დღევანდელობასთან, ასი წლის შემდგომი საქართველოს პოლიტიკური რაკურსიდან და საფრთხეებიდანაც გვესაუბრება და იმეორებს კითხვებს, რომლებზეც არც მაშინ, და არც ახლა გვაქვს პასუხები.

 

 

1 2