თხრობის მინიმალისტური სტილი გამოსახულებას გაცილებით უფრო მეტყველს ხდის, რადგან დეტალურად წარმოადგენს იმ მტანჯველ გამოცდილებას და ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელშიც ადამიანი ხვდება, როდესაც უფლებებს ართმევენ. სიმბოლურად, პირველი, რასაც ნაცისტები ცდილობენ ციხის ჩხრეკისას ჩამოართვან პატიმრებს ფანქრებია, თვითგამოხატვის, აზრების სამყაროში დარეგისტრირების და იდეების, სიტყვის გავრცელების საშუალებას. ფილმის არცერთ კადრში ფიზიკური ძალადობა არ ფიქსირდება, ბრესონი მხოლოდ შედეგებს გვიჩვენებს. გაქცევის პირველი მცდელობის შემდეგ ფონტენს დასისხლიანებულს ვხედავთ და ფილმის ბოლომდე ის სისხლიანი პერანგით ჩნდება ეკრანზე, რაც არ იძლევა იმის დავიწყების საშუალებას, რომ ის მუდმივი ძალდობის მსხვერპლია. ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო ამბობდა, რომ თანამედროვე ციხეებში გარედან ძლაუფლება კეთილგანწყობილად გამოიყურება, რაც რეალურ სურათს არ ასახავს. საზოგადოებას არ აქვს ხილვადობა მის კედლებში არსებულ ძალადობრივ და სადამსჯელო ქმედებებზე. დახურულ სასჯელაღმსრულებით სისტემაში ხალხი ვეღარ ხედავს ძლაუფლების ბოროტად აღსრულების ფაქტებს და მის წინააღმდეგ აღდგომის სურვილიც არ უჩნდება. სწორედ ეს აქცევს თანამედროვე ციხეებს ბარბაროსულ აპარატად და ამის ემპირიულ მტკიცებულებად საკმარისია ქართულ მაგალითზე, ციხის კადრების ეპიზოდი გავიხსენოთ უახლესი წარსულიდან.

არცერთი ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილი ინდივიდი კადრში გამოკვეთილად არ იჭრება, რადგან ბრესონი არ ცდილობს კონკრეტულ ინდივიდებზე დაიყვანოს ანტაგონისტის როლი, მისთვის დამნაშავის ფუნქცია ზოგადად მჩაგვრელ და ძლადობრივ იდეოლოგიებზე ნაწილდება. ბრესონთან ყოველთვის მნიშვნელოვანია ხმის დიზაინი, გამოსახულების და ჟღერადობის დიქოტომია. ფილმის მთავარი პერსონაჟი მთხრობელის ფუნქციასაც ითავსებს, თუმცა რთულია იმის თქმა თხრობა წარმოებს მოვლენების მიმდინარეობის პარალელურად თუ ფონტენი უკვე ყველაფერს გაქცევის შემდეგ იხსენებს. ეს კი დამატებით პროზაულ განზომილებას მატებს სურათს. მაგალითად ერთ-ერთ სცენაში ის ამბობს, რომ სიცილი აუტყდა, თუმცა ვიზუალურად ტირილის ეპიზოდს ვხედავთ. ამიტომ აუდიო ვიზუალური სინთეზის დაკვირვება და გაშიფვრა ცალკე სინეფილურ სიამოვნებას მოგგვრით.

ფილმის ნახვის შემდეგ ჟან ლუკ გოდარმა განაცხადა, ბრესონი იგივეა ფრანგული კინოსთვის, რაც მოცარტი იყო გერმანული მუსიკისთვის, ხოლო დოსტოევსკი რუსული ლიტერატურისთვისო. ბრესონი ბუნებრივ ხმაურებს და სიჩუმეს ოსტატურად იყენებს და მაქსიმალურად ზრდის დაძბულობის და ჩართულობის შეგრძნებას, გაყენებს პერსონაჟის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ზრდის ემპათიის განცდას. თუმცა ამასთან დამატებით მგრძნობელობას მოცარტის მუსიკით მატებს ფილმს და ჰუმანიზმის ტრიუმფისკენ მიმავალ ისტორიას დიდსულოვან ნოტებს უსადაგებს. როგორც თავად ამბობს, მხატვრობამ მასწავლა რომ შემექმნა არა ლამაზი, არამედ საჭირო იმიჯებიო. სიკვდილმისჯილი ადამიანის გაქცევა ყველა ეპოქისთვის საჭირო ნაწარმოებია, რომელიც გვიჩვენებს გათავისუფლების ვნებას და აუცილებლობას, მოთმინების და სხვაზე ზრუნვის მნიშვნელობას და იმას, რომ გადარჩენა და ემანსიპაცია შეუძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალურ დონეზე და რომ ამისთვის საჭირო კოლექტიური მოქმედებაა.

 

 

 

 

1 2 3